ამ თვის ბოლოს სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის 2025 წლის სამიტის ჩატარებაა დაგეგმილი, სადაც წევრი ქვეყნების ლიდერები გლობალური ეკონომიკური საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან. ჩინეთსა და აშშ-ს შორის რთული ურთიერთობებისა და სავაჭრო ომის ფონზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ სამიტის ფარგლებში სი ძინპინთან შეხვედრას და ჩინეთთან „ფანტასტიკურ შეთანხმების“ მიღწევას იმედოვნებს. მან ტარიფების შემცირების ინიციატივა წამოაყენა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთიც გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს, მათ შორის აშშ-ში წარმოებული სოიოს შესყიდვა განაგრძოს და იშვიათ წიაღისეულზე შეზღუდვები გააუქმოს. ეს ორი გარემოება, კერძოდ, ჩინეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან სოიოს იმპორტის საგრძნობლად შემცირება და იშვიათ წიაღისეულზე მონოპოლია, ჩინეთის ხელში ძლიერი იარაღია, რომლითაც შესაძლოა, ტრამპზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ამ უკანასკნელმა შეამციროს ტარიფები და პეკინთან შეთანხმება დადოს.
ამერიკელი ფერმერებისთვის თითქმის შეუძლებელია ჩინეთის უზარმაზარი მოთხოვნის სხვა ალტერნატივით ჩანაცვლება, ვინაიდან ჩინეთი მსოფლიოში სოიოს უმსხვილესი იმპორტიორი და ამერიკელი ფერმერების ნაწარმის უდიდესი შემსყიდველია. მაგალითად, გასულ წელს ჩინეთმა აშშ-ში წარმოებული სოიოს ნახევარი შეისყიდა, რაც დაახლოებით 12.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, წელს, აშშ-ს მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთის მიერ სოიოს შესყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც საგრძნობლად იმოქმედა ამერიკელ ფერმერებზე, რომლებიც თავის მხრივ მოუწოდებენ ტრამპს, შეცვალოს ჩინეთის მიმართ პოლიტიკა.
სანამ ამერიკელი ფერმერები სასოწარკვეთილები არიან, ჩინეთმა ადვილად გამოძებნა ალტერნატიული მიმწოდებელი ბრაზილიის სახით. აგვისტოში ჩინეთმა ბრაზილიიდან 4.7 მილიარდი დოლარის სოიო შეიძინა, რაც აშშ-ს მიწოდებასთან შედარებით დაახლოებით ორმოცდაათჯერ მეტია. ეს სიტუაცია ჩინეთს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს – ის ზეწოლას ახდენს აშშ-ს სოფლის მეურნეობის სექტორზე და ამავდროულად, ბრაზილიასთან ვაჭრობით აღრმავებს „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობას“.
სოიოს პრობლემის გარდა, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ამერიკელ ფერმერებს ეხებოდეს, არსებობს ჩინეთის მიერ იშვიათი წიაღისეულის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების საკითხიც, რომელიც უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ გლობალური ეკონომიკისა და ელექტრომოწყობილობების ბაზრისათვის. ჩინეთი აკონტროლებს გადამუშავებული იშვიათი წიაღისეულების გლობალური წარმოების 90%-ზე მეტს. ამრიგად, აშშ-სა და ჩინეთს შორის მომავალი სამიტი და მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი მოვლენაა გლობალური ეკონომიკისთვის. ამ სავაჭრო ომმა ზიანი მიაყენა ორივე ქვეყანას და მათ ეკონომიკას. შესაბამისად, მათ შორის შეთანხმება, როგორც ტრამპმა აღნიშნა, მართლაც „ფანტასტიკური“ იქნება. თუმცა, ტრამპის არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია, რა მოხდება სინამდვილეში.