ჩინეთ-ევროკავშირის განახლებული დიალოგი

ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, 2025 წლის 21 ოქტომბერს ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ვან ვენტაომ ევროკომისარ მაროშ შეფჩოვიჩთან ვიდეო შეხვედრა გამართა, რათა ეკონომიკური ურთიერთობების ჯანსაღი და სტაბილური განვითარების გზები მოეძებნათ. მოლაპარაკებების მთავარი თემა ჩინეთის მხრიდან იშვიათი მინერალების ექსპორტის კონტროლის გამკაცრებას ეხებოდა, რასაც ვანგი „ნორმალურ ქმედებად“ მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირი ჩინეთის ამ ნაბიჯს არალეგიტიმურ ეკონომიკურ იძულებად აფასებს. იშვიათი მინერალები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული წარმოებისთვის (ელექტრომობილების ბატარეები, მაღალტექნოლოგიური იარაღი).

დიალოგის კიდევ ერთი საკვანძო საკითხი იყო ევროკავშირის ანტი-სუბსიდიური გამოძიება ჩინურ ელექტრომობილებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ჩინური კომპანია Nexperia-ს საქმე: ნიდერლანდების მთავრობამ მიიღო განსაკუთრებული ზომები ეროვნული უსაფრთხოების მოტივით, რაც ჩინეთის საკუთრებაში მყოფი აღნიშნული კომპანიის საქმიანობას საფრთხეს უქმნის. ნიდერლანდების მთავრობამ ჩინურ ტრანსნაციონალურ კორპორაცია Wingtech Technologies-ის შვილობილ, ავტოჩიპების მწარმოებელ კომპანია Nexperia-ზე მმართველობითი კონტროლი დაამყარა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ, ჩინეთმა Nexperia-სთვის ჩინეთში აწყობილი მზა პროდუქციისა და სხვა სახის კომპონენტების ექსპორტი აკრძალა, რითაც კომპანიას ევროპელი მომხმარებლებისთვის (BMW, Mercedes-Benz) შეკვეთების შესრულება შეუზღუდა.

ვან ვენტაომ ნიდერლანდების მხრიდან ეს ნაბიჯი „ეროვნული უსაფრთხოების ცნების გადამეტებულ გაფართოებად“ შეაფასა და მოითხოვა, რომ პატივი სცენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რაზეც ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ჰააგასა და პეკინს შორის კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს.

საბოლოოდ, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მალე ბრიუსელში განახლებული შეხვედრა შედგება, რაც ადასტურებს მათ მზადყოფნას, მწვავე სავაჭრო დავები დიპლომატიური გზებით გადაჭრან.

Scroll to Top