ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (20-26 ოქტომბერი)

საქართველო
ჩინეთის მზარდი გავლენის სტრატეგიული ანალიზი: თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი 2025 ჩატარდა

2025 წლის 22-23 ოქტომბერს, თბილისში მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის გაეროს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და სხვა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის კრიტიკულ ინსტრუმენტად არის მიჩნეული.

წლევანდელი ფორუმის მთავარი სლოგანი იყო „ინვესტიცია დაკავშირებადობაში – ზრდა სტაბილურობაში“ (Invest in Connectivity – Grow in Stability). „სტაბილურობაზე“ აქცენტირება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტრატეგიაა, რადგან 2022 წელს რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპისა და ევრაზიის სატრანსპორტო სისტემები. შედეგად, გაიზარდა საქართველოს როლი ტრანსევრაზიულ ვაჭრობაში. ფორუმზე განიხილეს გლობალური ვაჭრობის, ტრანსპორტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების მიმართულებები.

ფორუმი ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი კავშირების მზარდი ტენდენციის გამოხატულებაა. 2015 წელს, სწორედ საქართველოსა და ჩინეთის მთავრობების ორგანიზებით, გაიმართ პირველი აბრეშუმის გზის ფორუმი. სწორედ ამ პერიოდში შეუერთდა საქართველო ჩინეთის “სარტყლისა და გზის” ინიციატივას (BRI).  

წელს აბრეშუმის გზის ფორუმზე ყოფილი ჩინელი მაღალჩინოსნის მონაწილეობამ, რეგიონული კავშირების გაძლიერების მიმართ პეკინის ინტერესი ცხადი გახადა. კერძოდ, ფორუმში მონაწილეობდა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ინგმინ იანგი, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც შუა დერეფნის ეკონომიკურ პერსპექტივებზე პანელი გახსნა.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, მართალია, წარმატებით ამკვიდრებს საქართველოს ცენტრალურ მოთამაშედ, მაგრამ ზრდის მის დამოკიდებულებას ჩინეთზე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნების” მიერ არჩეული სტრატეგიული გზა, რომელიც 2023 წელს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობასა და ანაკლიის პროექტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში აისახა, აჩვენებს, რომ მოკლევადიანი ფინანსური სარგებლის მისაღებად საქართველო უგულებელყოფს ევროატლანტიკური უსაფრთხოების გრძელვადიან პრიორიტეტებს.

22/23 ოქტომბერი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

2025 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო–ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა:

  • უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობაზე;
  • საქართველოს მონაწილეობაზე ჩინეთის რიგით მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც გაიმართება 5-10 ნოემბერს. აღინიშნა, რომ ეს პლატფორმა ხელს უწყობს ქართველი ექსპორტიორების აქტიურობას ჩინეთის ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან გამოფენაში მონაწილეობდა 120-ზე მეტი კომპანია, მიმდინარე წელს კი 40-ზე მეტი წამყვანი ქართული კომპანია სამ პავილიონში იქნება წარმოდგენილი.
  • შუა დერეფნის პროექტისა და „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა, რეგიონული და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგრესის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
  • ორმხრივი თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სფეროებში, ახალი მიმართულებების დანიშვნისა და ფრენების სიხშირეების ზრდის მნიშვნელობა.

აღნიშნულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მხარეები მზად არიან გააღრმავონ სტრატეგიული პარტნიორობა, ხელი შეუწყონ ეკონომიკური აქტივობების განვითარებას. ასევე, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. 

24 ოქტომბერი

ჩინეთის ელჩმა თენგიზ მალანიას ფილმში საქართველოს გლობალურ როლზე ისაუბრა

2025 წლის 27 ოქტომბერს, ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა, მონაწილეობა მიიღო ქართველი რეჟისორის, თენგიზ მალანიას, დოკუმენტური ფილმის, „კულტურა იხსნის მსოფლიოს“ 文化拯救世界》– ჩაწერაში.

დოკუმენტური ფილმი „კულტურა იხსნის მსოფლიოს“, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კინოაკადემიის მხარდაჭერით იქმნება, მიზნად ისახავს რეგიონული და გლობალური მშვიდობის ხელშეწყობაში საქართველოს როლის წარმოჩენას.

ელჩის თქმით, აბრეშუმის გზის საფუძველია მშვიდობიანი თანამშრომლობა, ღიაობა და ორმხრივი სარგებელი. ეს გზა არა მხოლოდ ეკონომიკური დერეფანია, არამედ მეგობრობისა და კულტურული გაცვლის ხიდი.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა თავმჯდომარე სი ძინფინის გლობალურ ცივილიზაციურ ინიციატივაზე, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნების პატივისცემისკენ, თანასწორობისა და დიალოგისკენ. ჭოუ ციენის განმარტებით, აბრეშუმის გზა სწორედ ამ პრინციპების პრაქტიკული გამოხატულებაა.

27 ოქტომბერი

ჩინეთის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

23 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი. ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას, ინტერნაციონალიზაციის ვიცე-პრეზიდენტ ირენა მელუას და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორ ქეთევან კარბაიას.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა კავკასიის უნივერსიტეტსა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული თანამშორომლობა: სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, მოკლევადიანი პროგრამები როგორც ქართველი, ისე ჩინელი სტუდენტებისთვის და ერთობლივი კვლევითი პროექტები. 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთთან, მათ შორის სიჩუანის ტურიზმის უნივერსიტეტთან 2020 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. შეთანხმება სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლით პროგრამებს და ორმაგი ხარისხის პროგრამებს ითვალისწინებს. ასევე, წინა წელს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიიღონ ჩინეთის სიას უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში. 

კავკასიის უნივერსიტეტი არა მხოლოდ აძლიერებს აკადემიურ კავშირებს ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, არამედ უზრუნველყოფს სტუდენტებისა და ლექტორებისთვის საერთაშორისო გამოცდილებისა და კულტურული გაცვლის ფართო შესაძლებლობებს.

23 ოქტომბერი

საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე Lanting Forum-ის ღონისძიებას დაესწრო

2025 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე დაესწრო „Lanting Forum“-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას გლობალური მმართველობის გაუმჯობესების საკითხებზე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი. მან წარმოადგინა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის Global Governance Initiative (GGI), რომელიც მან 2025 წლის სექტემბერში წარადგინა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) შეხვედრაზე.

GGI ინიციატივის ხუთი ძირითადი კონცეფციაა: სუვერენული თანასწორობის დაცვა, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დაცვა, მულტილატერალიზმის პრინციპი, ხალხზე ორიენტირებული მიდგომა და მოქმედებაზე ორიენტირება.

„Lanting Forum“ კი წარმოადგენს კომუნიკაციის პლატფორმას, რომელიც შექმნილია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მიზნად ისახავს მთავრობის, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს შორის დისკუსიების წახალისებას საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.

 „Lanting Forum“ზე ვანგ ი-მ აღნიშნა, რომ GGI, ანუ გლობალური მმართველობის ინიციატივა, ეფუძნება გაეროს ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს, ასახავს ჩინური დიპლომატიის ტრადიციებს, საერთო მომავლის ხედვას, და წარმოადგენს გზას გლობალური მმართველობის რეფორმისთვის. 

27 ოქტომბერი

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ჩინეთის ორ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

2025 წლის ოქტომბერში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასი მონაწილეობდა ორ მნიშვნელოვან თეატრალურ ფესტივალში ჩინეთში. 20-22 ოქტომბერს პეკინში, მსოფლიო თეატრალური განათლების ეგიდით (WTEA), „2025 წლის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“ გაიმართა. უნივერსიტეტი მაყურებლის წინაშე წარდგა სპექტაკლით – „სიყვარულის მსუბუქი ფრთებით“.

ფესტივალების ფარგლებში, საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე შეხვდა ჩინეთის ცენტრალური დრამის აკადემიის ვიცე პრეზიდენტ სიუ ჭენს, რექტორ გიორგი შალუტაშვილს და უნივერსიტეტის პედაგოგ ნიკა საბაშვილს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი. 

მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსი (WTEA), რომელიც დაარსდა 2016 წელს, აერთიანებს წამყვან თეატრალურ სკოლებს და მიზნად ისახავს განათლებისა და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობას. როგორც ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი მეოთხედ იღებს მონაწილეობას ფესტივალში.

გარდა პეკინის ფესტივალისა, 2025 წლის 24 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, ქართული დასი მონაწილეობას მიიღებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ჩინურ თეატრალურ ღონისძიებაში, „კუილინის ფესტივალში“.

23 ოქტომბერი

აზერბაიჯანი

ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოსინხუასინტერვიუ აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დირექტორთან

აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დირექტორმა, აქბარ ალიევმა, ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუასთან“ ინტერვიუში სააგენტოს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა.

აქბარ ალიევმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ჩინეთში ვიზიტმა ორმხრივ ურთიერთობებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მისი თქმით, სწორედ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო აზერბაიჯანული თხილის ექსპორტი „მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარზე“, ჩინეთში.

ალიევმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და შესაბამის ჩინურ უწყებას შორის, ჩინეთში თხილისა და ნუშის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილ ოქმზე. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ჩინეთში რიგი პროდუქტების, მათ შორის, ქათმის, ვაშლისა და კენკრის ექსპორტის გაფართოების მიზნით, ჩინურ მხარესთან დიალოგი გრძელდება.

20 ოქტომბერი

აზერბაიჯანის მეტროლოგიის ინსტიტუტის დელეგაცია ჩინეთში

აზერბაიჯანის ანტიმონოპოლიის და სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული მეტროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, სამუშაო ვიზიტით, ჩინეთს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია ჩინეთის მეტროლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის მეტროლოგიის ინსტიტუტის სამუშაო მიმართულებებსა და განხორციელებულ პროექტებზე. ასევე, ინსტიტუტებმა განიხილეს „სტანდარტული სანიმუშო მატერიალების“ (Standard Reference Materials) სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ამავდროულად, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და ტექნიკური პროექტების განხორციელების, სპეციალისტების გადამზადებისა და ტრენინგების ორგანიზების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივები. 

20 ოქტომბერი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონია შანხაის საერთაშორისო ფესტივალზე

აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიის წარმომადგენლები, ბაქოს სახელმწიფო ორკესტრის თანხლებით, შანხაის 24-ე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალში მონაწილეობდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, ორკესტრის მუსიკალურმა წარმოდგენამ აუდიტორიის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

21 ოქტომბერი

ჩინეთის დისტანციური ზონდირებისა და ციფრული მიწის ინსტიტუტი აზერბაიჯანში

21 ოქტომბერს, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის დისტანციური ზონდირებისა და ციფრული დედამიწის ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე, ლი რენინგი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური მომსახურების ცენტრს ეწვია.

ლი რენინგმა სეისმოლოგიური კვლევების სფეროში თანამშრომლობის მხრივ ინტერესი გამოხატა. ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენელმა მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა წამოაყენა და აღნიშნა: „ვიმედოვნებ, რომ მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერას, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მჭიდრო განვითარებაში, დადებითი შედეგები ექნება.“

21 ოქტომბერი

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი ჩინეთის სამიტზე

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით პრორექტორი, ათრაბა გიულმა მონაწილეობა მიიღო „უნივერსიტეტის პარტნიორების სამიტი ხანგჭოუ 2025“-ში, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩატარდა.

სამიტი ჩინეთის ბეიჰანგის უნივერსიტეტის (Beihang University) მიერ დაორგანიზდა და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის პრორექტორმა, სამიტის ფარგლებში, ჩინეთში პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა და მრგვალ მაგიდებში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრებზე განიხილეს თანამშრომლობის პოტენციური პერსპექტივები, მათ შორის, მასწავლებელ-მოსწავლეთა გაცვლის მექანიზმები, ორმაგი სადიპლომო პროგრამების შექმნა, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების განხორციელება და სხვა.

22 ოქტომბერი

ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების შესახებ შეხვედრა გაიმართა

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს შაანსის პროვინციის კომიტეტის წარმომადგენლები, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასა და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს შორის „ჩინეთის შაანსის პროვინციასთან აზერბაიჯანის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის“ შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა.

შეხვედრაზე სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თურალ ჰაჯილიმ აზერბაიჯან-ჩინეთის თანამშრომლობის დინამიკაზე, აზერბაიჯანში ჩინური კომპანიების საინვესტიციო პროექტებსა და აზერბაიჯან-ჩინეთის სავაჭრო კავშირებზე ისაუბრა. თავის მხრივ, შაანსის პროვინციის კომიტეტის პარტიის მდივანმა, ვანგ ხონგვეიმ აღნიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში, ჩინურმა კომპანიებმა პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

23 ოქტომბერი

შეხვედრა აზერბაიჯანელ სტუდენტებთან, რომლებიც ჩინეთში აგრძელებენ სწავლას

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტსა და პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის, ორმაგი სადიპლომო პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან სტუდენტთა პირველი ნაკადი ჩინეთში აგრძელებს სწავლას.

გასულ კვირას, ხსენებულ აზერბაიჯანელ სტუდენტებთან პეკინში გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, განხილულ იქნა სასწავლო პროცესი, სტუდენტების აკადემიური მიღწევები და სოციალურ გარემოსთან ადაპტაციის საკითხები.

საყურადღებოა, რომ ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტისა და პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორმაგი სადიპლომო პროგრამა, აზერბაიჯანისა და ჩინეთის უნივერსიტეტებს შორის, ბაკალავრიატის დონეზე შექმნილი პირველი ორმაგი სადიპლომო პროგრამაა. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ორივე უნივერსიტეტში მიიღებენ განათლებას და მოიპოვებენ ორმაგ დიპლომს. პროგრამა მოიცავს ქიმიის, კომპიუტერული და მექანიკური ინჟინერიის სპეციალობებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მომავალ წლებში, პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

24 ოქტომბერი

სომხეთი

სომხეთის ელჩი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმზე

24 ოქტომბერს, სომხეთში ჩინეთის ელჩმა, ვაჰე გევორგიანმა მონაწილეობა მიიღო პეკინში გამართულ ჩინეთ-შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საინვესტიციო თანამშრომლობის ფორუმში. ფორუმი დაორგანიზდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) და ჩინეთის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (CODA) მიერ.

„ელჩების დიალოგის“ პანელზე, სომხეთის ელჩმა ისაუბრა სომხეთის ეკონომიკურ და საინვესტიციო ლანდშაფტზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ბიზნეს რეფორმებსა და კვალიფიცირებულ ადამიანურ რესურსებზე. გევორგიანმა პოტენციური თანამშრომლობის დარგებს შორის ახსენა მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიები, განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სატრანსპორტო სექტორი.

ელჩმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-SCO-ს მსგავს პლატფორმებში სომხეთის მონაწილეობა ადასტურებს ოფიციალური ერევანის პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ დივერსიფიკაციასა და დიპლომატიას. კერძოდ, ქვეყანა აზიის ეკონომიკებთან ეკონომიკური კავშირების პარალელურად, ინარჩუნებს კავშირებს დასავლეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პარტნიორებთან.

აღსანიშნავია, რომ ფორუმამდე, ჩინურ მედიასთან, CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერევანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ურთიერთნდობას ეფუძნება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას „ლიმიტი“ არ აქვს.

24 ოქტომბერი

უზბეკეთი
უზბეკეთმა ჩინეთში 629.8 მილიონი დოლარის ღირებულების გაზი გაიტანა

უზბეკეთმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთში მილსადენით დაახლოებით 629.8 მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი გაიტანა. ჩინეთში გაზის უმსხვილესი იმპორტიორი (7.29 მილიარდი დოლარის ღირებულების იმპორტით) რუსეთი გახდა. თურქმენეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა, ახლა მეორე ადგილზეა. მის მიერ ჩინეთში მილსადენით მიწოდებული გაზის მოცულობა 2025 წლის პირველ ცხრა თვეში 12.7%-ით შემცირდა და 6.46 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჩინეთის მთავარი საბაჟო სამმართველოს საერთო სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წელს ჩინეთმა $21.1 მილიარდის ღირებულების გაზი შემოიტანა, რაც, 2023 წელთან შედარებით, 8.6%-ით მეტია.

20 ოქტომბერი

უზბეკმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის საგანმანათლებლო პროგრამაში

უზბეკეთში ოფიციალურად დაიწყო საგანმანათლებლო ინიციატივის, Seeds for the Future-ის ახალი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერას. პროექტის საერთაშორისო ფაზა ჩინეთში გაიმართება.

ციფრული განათლების განვითარების ცენტრის დირექტორმა, აზამატ ეშონკულოვმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჩინეთის ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარება ქმნის კვალიფიციური IT-სპეციალისტების მზარდ მოთხოვნას.

უზბეკეთში ციფრული ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება, რაც ზრდის კვალიფიციური კადრების საჭიროებას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტების განათლების დონე უმჯობესდება და მათი დაინტერესება ციფრული ტექნოლოგიებით იზრდებამათ შორის გლობალური ინიციატივების, როგორიცაა Seeds for the Future, მეშვეობით,“ — აღნიშნა მან.

პროგრამა, რომელიც 2008 წლიდან ჩინური კომპანია Huawei Technologies Co., Ltd.-ის მიერ ხორციელდება, უკვე მოიცავს 142 ქვეყნის 19,000-ზე მეტ სტუდენტს და თანამშრომლობს 500-ზე მეტ უნივერსიტეტთან მთელ მსოფლიოში.

წელს პროგრამის ფარგლებში უზბეკეთის ექვსი უნივერსიტეტის ათი სტუდენტი მიიწვიეს ჩინეთში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო სემინარზე, რომელიც ჩატარდა 19-25 ოქტომბერს. ერთკვირიან პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 19 ქვეყნის 150 სტუდენტმა, რომლებიც მუშაობენ ისეთ თანამედროვე დისციპლინებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, 5G კომუნიკაციები და სხვა ინოვაციური IT-მიმართულებები.

25 ოქტომბერი

უზბეკეთში ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობით ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

ანდიჯანის რეგიონში, ჩინურ კომპანია Sichuan Power Transmission & Transformation Construction-თან პარტნიორობით, 200 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. მხარეებმა მოილაპარაკეს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციის პროექტის განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს როგორც ახალი სადგურის აშენებას, ასევე არსებული ქვესადგურების მოდერნიზაციას.

შეთანხმება მიღწეულია ანდიჯანის რეგიონის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. უზბეკური მხარის წარმომადგენლები შეხვდნენ ხსენებული ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობას. მოგვიანებით, ანდიჯანის რეგიონულმა ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ჩინურ მხარესთან შეთანხმებული პროექტი ენერგეტიკის სექტორში ორმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებს და რეგიონში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Sichuan Power Transmission & Transformation Construction ოპერირებს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ელექტროენერგიის გადაცემის სისტემების მშენებლობის დარგში.

26 ოქტომბერი

Scroll to Top