ჩინეთის ნავთობქიმიური პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, Shandong Yulong, დასავლეთის სანქციების ფონზე, მკვეთრად ზრდის რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს. გადამამუშავებელი ქარხანა, რომლის სიმძლავრეა 400 000 ბარელი დღეში, სავარაუდოდ ნოემბერში განახორციელებს 370 000-405 000 ბარელის რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის წინა მაჩვენებელს.
ჩინეთში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 2025 წლის ოქტომბერში ახალი სანქციები დააწესეს. შედეგად, ახლო აღმოსავლეთისა და კანადელი მომწოდებლების გადაზიდვები გაუქმდა.
იმპორტის ზრდა ასახავს უფრო ფართო ტენდენციას ჩინურ გადამამუშავებელ ქარხნებში, რომლებიც ეძებენ მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს არასტაბილურ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით, ნავთობის ექსპორტიორებს შეუძლიათ მუდმივი წვდომა მოიპოვონ ნედლეულზე და ხარჯებიც მნიშვნელოვნად შეამცირონ, ამ სტრატეგიას თან ახლავს რიგი გეოპოლიტიკური რისკები.
რუსული ნავთობის შესყიდვების გაზრდა ხაზს უსვამს ჩინეთის მიზანს, უზრუნველყოს ენერგომომარაგება საერთაშორისო გაურკვევლობის პირობებში. ამასთანავე, ეს ტენდენცია გამოკვეთს მზარდ ენერგოდამოკიდებულებას ჩინეთსა და რუსეთს შორის, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევრაზიის ენერგეტიკულ ვაჭრობაზე მოახდენს გავლენას.
ამ მოვლენამ, ასევე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ნედლი ნავთობის ფასებზე, რადგან Yulong-ის გაზრდილმა მოთხოვნამ შესაძლოა შეამციროს ნავთობის მიწოდება აზიის სხვა რეგიონებში. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური გადამამუშავებელი ქარხნები სარგებლობენ რუსული ნავთობის ხელსაყრელი ფასებით, რაც მათ საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ გადამუშავების მარაგი მაშინაც კი, როდესაც გლობალური ნავთობის ბაზრები არასტაბილურია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის შეძენა Yulong-ის მოკლევადიან ოპერაციულ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ანალიტიკოსები თვლიან, რომ სანქციების გაფართოების ან სატრანზიტო მარშრუტების შეფერხების შედეგად, ქარხანამ სერიოზული ზიანი შეიძლება მიიღოს.
ავტორი: ნია კოხრეიძე




