აშშ-ში ჩინეთის ელჩის განცხადება თაივანთან დაკავშირებით

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ, ჩინეთმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა იმ “წითელ ხაზების” მნიშვნელობა, რომელთა გადაკვეთაც აშშ-სა და სხვა ქვეყნების მხრიდან მისთვის მიუღებელია.

შანხაიში გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც მონაწილეობდნენ ამერიკელი და ჩინელი ბიზნესმენები, ჩინეთის ელჩმა განიხილა ის ოთხი “წითელი ხაზი” (თაივანი, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, პოლიტიკური გზისა და სისტემის არჩევანი და განვითარების უფლებები), რომელთა დაცვასაც ჩინეთი მკაცრად სთხოვს მოკავშირე ქვეყნებს. ელჩმა განაცხადა: “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავიდან აირიდებს მათ [წითელი ხაზების] გადაკვეთას და და ამით პრობლემების გამოწვევას”.

ჩინეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მოითხოვს “ორივე მხარის მიერ ერთმანეთის ძირითადი ინტერესების“ პატივისცემას.

აღნიშნული ოთხი “წითელი ხაზი” უკვე დიდი ხანია მიიჩნევა ჩინეთისთვის სენსიტიურ საკითხად. შესაბამისად, ვაშინგტონის არაოფიციალური ურთიერთობები თაიფეისთან ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაძაბულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. ამასთანავე, ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ პერიოდულად ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება და კრიტიკა ქვეყნებს შორის დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს.

დაძაბულობის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ 30 ოქტომბრის შეხვედრაზე თაივანის თემა არ განხილულა. თუმცა სი ძინპინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ, ჩინეთმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მისი “წითელი ხაზების” დაცვა და პატივისცემა მთავარი პირობაა სტაბილური ურთიერთობისთვის.

ავტორი: ქეთი აბულაძე

Scroll to Top