ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (10 – 16 ნოემბერი)

საქართველო

ჩინეთში საქართველოს ელჩის ინტერვიუ

10 ნოემბერი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში ინტერვიუ მისცა შანხაის წამყვან მედიასაშუალებას, „Jiefang Daily“-ს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საინფორმაციულ საშუალებად ითვლება.

პაატა კალანდაძემ ისაუბრა საქართველო–ჩინეთის ურთიერთობების დინამიკურ განვითარებაზე, CIIE-ზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობაზე და ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთს ეწვია

10 ნოემბერი

საქარათველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თეიმურაზ მღებრიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ჩინეთის ჰაინანის პროვინციას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, თადუმაძე შეხვდა ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილეს, სიუ ძიააის.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო აქტივობები. ამასთანავე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობაზე და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ერთობლივი სწავლებებისა და კურსების ორგანიზებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე, ასევე, დაესწრო კატასტროფის რისკის შემცირებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე გამართულ “სარტყლისა და გზის” 2025 წლის მინისტერიალს.

ჩინეთის ელჩის სტატია ქართულ მედიაში

13 ნოემბერი

13 ნოემბერს, ინტერპრესნიუსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩინეთის ელჩის სტატია, სათაურით – “ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს.” სტატიის ეხება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-15 ხუთწლიან გეგმას, რომელიც, სტატიის მიხედვით, “ჩინეთის მოდერნიზაციისთვის უმაღლესი დონის” გეგმას ქმნის და ასევე, ახალ შესაძლებლობებს უქმნის მსოფლიოს ქვეყნებს.

სტატიაში ელჩი ყურადღებას ამახვილებს ჩინეთის ეკონომიკურ და სოციალურ მიღწევებზე და აღნიშნავს, რომ “საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და განხორციელების უნარი ჩინეთის მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა”. ამასთანავე, ელჩი ხაზს უსვამს, რომ ახალი ხუთწლიანი გეგმის ფარგლებში, ჩინეთის კომუნისტური პარტია კვლავ გეგმავს “მაღალი დონის გახსნილობის” გაფართოებას გარე სამყაროსთან, მათ შორის, მულტილატერალური სავაჭრო სისტემის, საერთაშორისო მიმოქცევისა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გზით.

საინტერესოა, რომ ციენი ჩინეთის ეკონომიკური შესაძლებლობების პარალელურად, აქცენტს აკეთებს საქართველო-ჩინეთის მიმდინარე ურთიერთობებზე და აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში ჩინეთის “პირველი თავისუფალი ვაჭრობის პარტნიორია”, ხოლო “ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია”. მისი თქმით, მე-15 ხუთწლიანი გეგმა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისთვის “უფრო ფართო პერსპექტივებს ქმნის”.

საყურადღებოა, რომ სტატიის დასკვნით ნაწილში იკვეთება ჩინეთის, როგორც აღმავალი დიდი სახელმწიფოს ამბიციები. კერძოდ, ელჩი წერს: “მომავალში, ჩინეთი გააგრძელებს მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობას, ახალ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში და გააგრძელებს თავისი, როგორც ზესახელმწიფოს, პასუხისმგებლობის დემონსტრირებას […].”

გივი მიქანაძე ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაზე

14 ნოემბერი

პეკინში, განათლების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ჩინური ენის მსოფლიო კონფერენცია, რომელშიც 160-ზე მეტი ქვეყნის 5,000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, ჩინეთის განათლების მინისტრის, ჰუაი ძინფენგის მიწვევით, მონაწილეობდა პეკინში მიმდინარე ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში. კონფერენცია ეხებოდა ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების საგანმანათლებლო სფეროში ინტეგრაციას.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ისაუბრა საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმასა და ჩინური ენის შესწავლის ხელშეწყობაზე. მიქანაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანამანათლებლო სფეროში მზარდ თანამშრომლობას, რაც, მისი თქმით, დადებითად აისახება საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებზე.

საქართველოს განათლების მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

15 ნოემბერი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პეკინში, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრთან, ძინფენგთან.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საგანმანათლებლო სფეროში ერთობლივი პროექტების და ინიციატივების განხორციელების გზებს.

გივი მიქანაძემ დეტალურად გააცნო ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმა. ასევე, განათლების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ჩინური ენის სწავლების მხრივ განვითარების ტენდენციაზე.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ვიზიტის ფარლებში მინისტრი ნანჯინგის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტსაც ესტუმრა, სადაც განიხილა საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, რაც, მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სარკინიგზო სპეციალისტების მომზადებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძე, ასევე, ჩინური კომპანიის, Huawei-ს სათავო ოფისს ესტუმრა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, ჟანგ ჩენგ ტაოს შეხვდა. შეხვედრაზე ჩენგ ტაომ აღნიშნა, რომ Huawei თბილისის ერთ-ერთ სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს სმარტ საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას.

ეკონომიკის მინისტრის კომენტარი საქართველოს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ძალიან წარმატებული იყო.

მან ხაზი გაუსვა, რომ უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China იწყებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის. თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, განსაკუთრებული აქცენტით ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, ჩინეთის ბაზარზე დაშვებული იქნა საქართველოდან ფრინველის ხორცის ექსპორტი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული სამიზნე ქვეყანაა სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით და ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდება. მისი თქმით, ამის დასტური იყო საქართველოს მონაწილეობა საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტში „ერთი სარტყლის, ერთი გზის“ შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა

10 ნოემბერი

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტში გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „ჩინეთის გლობალური ხედვა: ერთი გზა, ერთი სარტყლის ინიციატივა“, ჩვენება. ფილმი იკვლევს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლს ჩინეთის ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტში.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა, რაფიკ აბასოვმა. აბასოვმა გამოსვლაში „ერთი სარტყლის, ერთი გზის“ ინიციატივისა და აბრეშუმის გზის ფარგლებში განვითარებული ჰუმანიტარული კავშირების, პოლიტიკური და კულტურათაშორისი დიალოგების გაფართოებაში აზერბაიჯანის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანში ჩინეთის ელჩი, ლუ მეი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ პროექტი ორმხრივი განვითარების სიმბოლოდ არის ქცეული. ამასთანავე, ელჩის თქმით, აზერბაიჯანი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ მარშრუტებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ფარიზ ალიევი.

ფილმის ავტორია ჟურნალისტი ანასტასია ლავრინა. თავის გამოსვლაში, ლავრინამ აღნიშნა, რომ ფილმი მიზნად ისახავს, გამოკვეთოს გლობალურ ეკონომიკაში ჩინეთის სტრატეგიული მნიშვნელობა და შუა დერეფნის მიმართულებით, აზერბაიჯანის როლი.

პეკინში აზერბაიჯან-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ კონფერენცია ჩატარდა

10 ნოემბერი

პეკინში აზერბაიჯან-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია, რომელიც დააორგანიზა აზერბაიჯანში ჩინეთის საელჩომ, ეხებოდა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს. კონფერენციას ესწრებოდნენ ორივე ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების შესაბამისი დეპარტამენტები, ასევე, უნივერსიტეტების, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო დარგებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი აზერბაიჯანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ მრეწველობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებებით. ამასთანავე, მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ენების სწავლების კუთხით არსებული საგანმანათლებლო და სხვა სახის კულტურული გაცვლითი პროექტები ქვეყნებს შორის „მეგობრობის“ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

შეთანხმება აზერბაიჯანულ და ჩინურ კომპანიებს შორის

13 ნოემბერი

13 ნოემბერს, პეკინში, ერთობლივ საწარმო Azerbaijan Metal Company LLC-სა და ჩინურ კომპანია Sinosteel Equipment & Engineering Co. Ltd-ს შორის ხელმოწერილ იქნა შეთანხმება, რომელიც ეხება აზერბაიჯანში, შამქირის რაიონში, ცხელი ბრიკეტირებული რკინის საწარმოს მშენებლობას. 1 510 000 აშშ დოლარის ღირებულების შეთანხმება ითვალისწინებს პროექტის „ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების“ მომზადებას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდება, შამქირის რაიონში ქარხნის მშენებლობისა და მომავალში ოპერირებისთვის საკვანძო ეტაპს წარმოადგენს. დოკუმენტის მიხედვით, დასაბუთება, რომელიც უნდა მომზადდეს 4 თვეში, პროექტის დონორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის მთავარი წყარო იქნება.

ამ მიმართულებით, აზერბაიჯანული კომპანიების, AzerGold, “Daşkəsən Dəmir Filiz” და “Azerbaijan Metal Company”-სა და ჩინური კომპანიების, „China Export & Credit Insurance Corporation” (Sinosure) და “Sinosteel Equipment & Engineering Co., Ltd”-ის (Sinosteel) წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

კომპანიებს შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა პროექტის ტექნიკური დეტალები და ასევე, დაფინანსების მექანიზმები. ამ კუთხით, ხაზი გაესვა პროექტის კრედიტორების ჩინური ბაზრიდან მიზიდვის საკითხს.

ჩინური კომპანია აზერბაიჯანსი ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

12 ნოემბერი

2024 წლის ნოემბერში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი კასპიის ზღვის ქარის ენერგიის პოტენციალის შესწავლის მიზნით. ამ მემორანდუმის ფარგლებში, 2030 წლამდე იგეგმება 2000 მეგავატი სიმძლავრის მქონე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა.

კასპიის ზღვის ქარის ენერგიის პოტენციალის რეალიზაციისთვის, სამინისტრო თანამშრომლობს ჩინურ კომპანიებთან – China Energy Overseas Investment Co. Ltd, China Datang Overseas Investment Co. Ltd და PowerChina Resources Limited.

ილჰამ ალიევი ჩინური კომპანიის დელეგაციას შეხვდა

12 ნოემბერი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩინეთის China Datang Corporation Ltd. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ლიუ ძიუნუნს შეხვდა.

შეხვედრაზე ალიევმა ხაზი გაუსვა დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე, როგორც თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის საშუალებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ბევრი ჩინური კომპანია ოპერირებს და უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ქვეყანაში ჩინელი ტურისტების რაოდენობაც იზრდება.

ჩინურ კომპანიასთან შეხვედრის ფარგლებში, მწვანე ენერგიისა და მწვანე მრეწველობის პარკების პროექტებთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივები იქნა განხილული.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

12 ნოემბერი

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი, მიქაილ ჯაბბაროვი ჩინური კომპანია China Datang Corporation Ltd.-ს თავმჯდომარეს, ლიუ ძიუნს შეხვდა.

მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ ტრანზიციაზე, „ერთობლივი მწვანე ენერგიის მრეწველობის პარკის“ პროექტის განხორციელებაზე, ენერგეტიკის სექტორში კაპიტალდაბანდებასა და ტექნოლოგიების ტრანსფერზე.

აზერბაიჯანის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის ჩინეთში ვიზიტი

13 ნოემბერი

აზერბაიჯანის ანტიმონოპოლიის და სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული აზერბაიჯანის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ჩინეთის ჩენდუს და შენჟენის ქალაქებში, „განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილების დარგში სტანდარტიზაციის გაძლიერების“ თემაზე გამართულ, საერთაშორისო სემინარზე მიიღეს მონაწილეობა.

სემინარი დაორგანიზდა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს, ბაზრის მარეგულირებელი სახელმწიფო ადმინისტრაციის, საერთაშორისო ოფიციალური პირებისთვის აკადემიის და ჩენდუს სტანდარტიზაციის ინსტიტუტის მიერ.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტსა და ჰონგ-კონგის კორეს აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

13 ნოემბერი

აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტსა და ჰონგ-კონგის კორეს აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ხელოვნური ინტელექტის, Data Science-ის, კიბერუსაფრთხოების და სხვა პრიორიტეტულ დარგებში. კერძოდ, მემორანდუმის მიხედვით, იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება, საგრანტო პროექტებში მონაწილეობა, სემინარებისა და კონფერენციების დაორგანიზება და კადრების/გამოცდილების გაცვლა.

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩინური ენის მსოფლიო კონგრესზე

14 ნოემბერი

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პეკინში გამართულ ჩინური ენის მსოფლიო კონგრესში.

კონგრესზე განხილულ იქნა საგანმანათლებლო კავშირების ინტენსიფიკაციის, ჩინური ენის სწავლების კუთხით მოწინავე გამოცდილების შესწავლის და ერთობლივი ინოვაციური პროგრამების შემუშავების საკითხები.

საყურადღებოა, რომ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინური ენის სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. 2023 წელს, უნივერსიტეტმა ჩინეთის განათლების სამინისტროსა და ანჰუის უნივერსიტეტთან ხელი მოაწერა შეთანხმებას „ჩინური ენის საერთაშორისო სწავლების“ შესახებ, რომელიც „ფილოლოგიის“ (ჩინური ენისა და ლიტერატურის) ორმაგი დიპლომის საბაკალავრო პროგრამის შექმნას ითვალისწინებდა. 

კონგრესის ფარგლებში, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ ანჰუის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საბჭოს თავმჯდომარეს, იუ ბაოტაოს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებს ჩინეთის თიანშუის პედაგოგიურ უნივერსიტეტთან

14 ნოემბერი

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინეთის თიანშუის პედაგოგიურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ პროექტებს, კონფერენციებს, გამოფენებს, სემინარებს, სიმპოზიუმებს, მოკლევადიან კურსებს, ტრენინგებს და ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით ინიციატივებს. ამასთანავე, მემორანდუმის მიხედვით, იგეგმება უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი აკადემიური და გაცვლითი პროგრამების განხორციელება და სასწავლო გეგმებისა და სილაბუსების შემუშავებაში თანამშრომლობა.

სომხეთი

სომხურ მედიაში ჩინეთის ელჩის სტატია გამოქვეყნდა

12 ნოემბერი

2025 წლის 12 ნოემბერს, ჩინეთის ელჩმა სომხეთში, ლი სინვეიმ, Armenpress-ში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „განვითარების შესაძლებლობების გაზიარება და ერთად ლამაზი მომავლის შექმნა“. სტატიაში განხილულია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ცენტრალური კომიტეტის მე-4 პლენუმის შედეგები და წარმოდგენილია ჩინეთის მომავალი მე-15 ხუთწლიანი გეგმის (2026–2030) ძირითადი პრიორიტეტები.

სტატიაში ლი ხაზს უსვამს, რომ გლობალური “არეულობის” მიუხედავად, ჩინეთი აგრძელებს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების, ხელოვნური ინტელექტის, მწვანე ენერგიისა და „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ განვითარებას. ავტორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს ჩინეთის “გლობალური განვითარების ინიციატივებზე” (გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, “ერთი სარტყელი, ერთი გზა” და სხვა), რომლებსაც აფასებს, როგორც “ჩინეთის მუდმივი ერთგულების” გამოხატულებას, ღიაობისა და ინოვაციების მიმართ.

სტატიაში ელჩი აღნიშნავს, რომ ახალი ხუთწლიანი გეგმა არა მხოლოდ ჩინეთის ტრანსფორმაციის სტრატეგიულ მიმართულებას განსაზღვრავს, არამედ პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის სომხეთისთვის, ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის. ის ხაზს უსვამს, რომ ჩინეთ-სომხეთის ურთიერთობებმა წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით „ისტორიული პროგრესი“ განიცადა, რაც ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპს აღნიშნავს.

სტატიაში ლი სომხეთს მოუწოდებს უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ ვაჭრობის, ტექნოლოგიების, მეცნიერების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. მისი თქმით, გაძლიერებული კავშირები ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს „გაუზიარონ ერთმანეთს განვითარების შესაძლებლობები“და ერთობლივად შეიტანონ წვლილი უფრო ურთიერთდაკავშირებული და სტაბილური ევრაზიული რეგიონის შექმნაში.

უზბეკეთი

სომხურ მედიაში ჩინეთის ელჩის სტატია გამოქვეყნდა

14 ნოემბერი

ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ელექტრონული კომერციის პლატფორმამ, JD.com-მა, ოფიციალურად გახსნა უზბეკეთის ეროვნული პავილიონი. პროექტი მიზნად ისახავს, ჩინეთის ბაზარზე მაღალი დამატებული ღირებულების მქონე უზბეკური პროდუქციის სისტემატურ პოპულარიზაციას, ონლაინ პლატფორმებზე ეროვნული ბრენდების წარმოჩენის გაფართოებასა და ასევე, მეწარმეების საზღვრისპირა ციფრულ ვაჭრობაში ინტეგრაციის დაჩქარებას.

Dunyo News Agency-ის ცნობით, JD.com-ზე პავილიონის გახსნა ხელს შეუწყობს უზბეკური საქონლის პოპულარიზაციას, ეროვნული ბრენდების ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე მონაწილეობის გაფართოებას და მეწარმეების საზღვრისპირა ელექტრონულ ვაჭრობაში ინტეგრაციის დაჩქარებას. ასევე, პავილიონი ერთგვარი „ერთი ფანჯრის“ ფუნქციას შეასრულებს იმ უზბეკი მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის, რომლებსაც ჩინეთის ბაზარზე წვდომის მოპოვება სურთ.

აღსანიშნავია, რომ JD.com ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმაა, რომელსაც აქვს საკუთარი ლოჯისტიკის ქსელი, ასევე ხარისხის კონტროლისა და გაყიდვის შემდგომი მომსახურების სისტემა.

უზბეკეთი და ჩინეთი სოფლის მეურნეობაში ახალ პროექტებს განიხილავენ

14 ნოემბერი

სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა, ნურიდინ ქოშნაზაროვმა, ჩინეთის ანჰუის პროვინციაში, ანჰუის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის დირექტორთან, ცაო ჰაიციონგთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განათლებაში, მეცნიერებასა და წარმოების ინტეგრაციაში. ასევე, განხილულ იქნა თანამშრომლობის გაფართოება „ჭკვიან სოფლის მეურნეობაში“, ჩაის მოყვანასა და გადამუშავებაში, წყლის დაზოგვის ტექნოლოგიებსა და ბიოლოგიურ სელექციაში.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და თანამედროვე სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრის დასაწყისში, ცაო ჰაიციონგმა დადებითად შეაფასა ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან დამყარებული თანამშრომლობა. მან აღნიშნა, რომ ორ უნივერსიტეტს შორის ერთობლივმა სამეცნიერო კვლევებმა და სტუდენტთა გაცვლითმა პროგრამებმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე, გაცვლითი პროგრამების გაძლიერებაზე და ჩინეთის მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების უზბეკეთის სასოფლო-სამეურნეო განათლების სისტემაში ინტეგრაციაზე.

Scroll to Top