კიდევ ერთი ტრაგედია საქართველოში ჩინური კომპანიების ჩართულობით მიმდინარე გზის პროექტში

ქვეშეთი–კობის გზის სამშენებლო მონაკვეთზე 23 ნოემბერს მორიგი ტრაგედია დატრიალდა. სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, მეწყრის შედეგად ჩამოიშალა მიწის დიდი მასა, რომლის ქვეშ მოყვა სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი – თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები. ოთხი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი კი გადაყვანილ იქნა კლინიკაში. გზების დეპარტამენტის ცნობით „შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გამოძიება კი უკვე დაწყებულია”.

პროექტს ახორციელებენ ჩინური კომპანიები China Railway Tunnel Group Co და China Railway 23rd Bureau Group Co. მთავრობის განცხადებაში საუბარია კონტრაქტორი კომპანიებისთვის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნაზე.

სამწუხაროდ, ქვეშეთი–კობის გზაზე მომხდარი ტრაგედია მხოლოდ მორიგი დასტურია იმ მძიმე ტენდენციისა, რომელზეც  „სამოქალაქო იდეა”  ბოლო რამდენიმე წელია წერს ანგარიშებს, გასცემს რეკომენდაციებს და აფრთხილებს როგორც ქვეყნის მთავრობას, ისე მოსახლეობას.

2017 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები მიუთითებდა, რომ ზემოხსენებული კონტრაქტორები უსაფრთხოების წესებს მხოლოდ ფორმალურად ასრულებდნენ, ხოლო რეალური მონიტორინგი არ ხდებოდა. ეს საქართველოში დადასტურდა ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც CRTG-ის გვირაბში აფეთქების შედეგად CO₂-ის დაგროვებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა.

კომპანიას პრობლემატური რეპუტაცია აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. CRTG და მისი დედა კომპანია CRCC აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შავ სიაში არიან. ამას გარდა, 2019 წელს მსოფლიო ბანკმა ამავე კომპანიებს თაღლითური პრაქტიკების გამო 20-თვიანი სანქციების პაკეტი წარუდგინა. მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის გაყალბებისა და მუშების შრომითი უფლებების დარღვევისთვის.

სამოქალაქო იდეა”  გამაფრთხილებელი ანგარიშების პასუხად იღებდა ბრალდებებს ქვეყნის ინტერესების საწინაარდეგოდ მოქმედებაზე. კობზე მომხდარი მორიგი ტრაგედია კითხვას აჩენს, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე უგულებელყოფდნენ ჩვენი და ამ საკითხებზე მომუშვე ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

მაღალი ტექნიკური და გარემოსდაცვითი რისკებისა და გაფრთხილებების ფონზე ცხადად სავალდებულო იყო კონტრაქტორების მკაცრი მონიტორინგის საჭიროება. თუმცა, ეს შემთხვევა კიდევ ერთი ტრაგიკული დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყველა გაფრთხილება იგნორირებულ იქნა და, მეტიც, ისინი კვლავ აგრძელებენ ამ კომპანიების უპირობოდ მხარდაჭერას. საინტერესოა, რა ინტერესები იდგა ამ გარიგებების უკან, რომლებსაც ოცნების რეჟიმი საერთაშორისოდ სანქცირებულ და რეპუტაციაშელახულ ჩინურ კომპანიებთან დებდა.

Scroll to Top