აშშ ჩინეთს აფრთხილებს, რომ არ გააფართოოს გავლენა ლათინურ ამერიკაში

აშშ-მ ჩინეთს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ თავი შეიკავოს ამერიკის კონტინენტზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გაძლიერებისგან. ამის შესახებ წერს Reuters, ვენესუელაში ჩატარებული აშშ-ის ოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 3 იანვარს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებით, ვენესუელასთან დაკავშირებული ოპერაცია წარმოადგენს ფართო სტრატეგიის ნაწილს, რომლის მიზანიც ლათინურ ამერიკაში ჩინეთისა და რუსეთის მზარდი გავლენის შეზღუდვაა. Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონი რეგიონს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების საკვანძო სივრცედ განიხილავს და ნებისმიერი კონკურენტული ძალის გაძლიერებას სტრატეგიულ გამოწვევად აფასებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია ჩინეთის ეკონომიკური ჩართულობის ზრდით ლათინურ ამერიკაში, მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში. ჩინეთი ბოლო წლებში ვენესუელას ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად იქცა, განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტისა და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ეს თანამშრომლობა პეკინს რეგიონში არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ბერკეტებსაც აძლევს.

Reuters წერს, რომ ვენესუელაში განხორციელებული ნაბიჯები ჩინეთისთვის პირდაპირი სიგნალია – აშშ არ დაუშვებს ლათინურ ამერიკაში ისეთი გეოპოლიტიკური ძალების გამყარებას, რომლებიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ოფიციალური პირების შეფასებით, საუბარია არა ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე, არამედ მთლიან რეგიონზე, სადაც ვაშინგტონი ცდილობს გავლენის ტრადიციული ბალანსის შენარჩუნებას.

აშშ-ის პოზიციის გამკაცრება იმ ფონზე ხდება, როდესაც პეკინი აქტიურად აფართოებს ეკონომიკურ კავშირებს ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ინფრასტრუქტურული პროექტების, სესხებისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის გზით. ამერიკული მხარე ამ პროცესს გრძელვადიან გამოწვევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსგავს ნაბიჯებს წინ აღუდგება როგორც დიპლომატიური, ისე უსაფრთხოების ინსტრუმენტებით.

წყარო: Reuters 

ავტორი: მარიამ სიმსივე 

Scroll to Top