საქართველო
საქართველოს ელჩი ჩინეთში ჩინეთ-ევროპის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის ხელმძღვანელობას შეხვდა
20 იანვარი
2026 წლის 20 იანვარს პეკინში საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთ-ევროპის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის (CEATEC) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანთან, ლუ მეიჟენთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე მაღალტექნოლოგიური და განახლებადი ენერგიის სფეროებში. განხილვის მთავარი თემები იყო ქარის, მზის, წყალბადის და ენერგიის შენახვის ტექნოლოგიები და ის მიმართულებები, სადაც CEATEC აქტიურად მუშაობს.
ელჩმა პაატა კალანდაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის პოტენციალს „მწვანე ენერგიის“ მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა საქართველოს ინტერესი, ენერგეტიკული სექტორის მოდერნიზაციის მიზნით, ჩინური ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე.
ლუ მეიჟენმა დაადასტურა მზადყოფნა საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ CEATEC მზად არის ხელი შეუწყოს წამყვანი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესის ზრდას საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელებაზე, მათ შორის ერთობლივი ეკონომიკური ფორუმებისა და თემატური სემინარების ორგანიზებაზე.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანი და ჩინური კომპანიები ალუმინის ერთობლივ წარმოებაზე მსჯელობენ
19 იანვარი
აზერბაიჯანის მთავრობამ და ჩინურმა კომპანიებმა, Wanji-მა და Sunstone-მ, ალუმინის წარმოების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სამად ბაშირლი ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს აზერბაიჯანში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, ინდუსტრიულ ზონებში შექმნილი ინფრასტრუქტურა, აგრეთვე ინვესტორებისთვის გათვალისწინებული სტიმულები და მხარდაჭერის მექანიზმები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინდუსტრიულ და ტექნოლოგიაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას და დაინტერესებულია უცხოელ ინვესტორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებით.
მოლაპარაკებების მთავარი აქცენტი გაკეთდა ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებასა და ალუმინის წარმოების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
Wanji ერთ-ერთი ჩინური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება ინდუსტრიის, ტრანსპორტისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიმართულებით. კომპანია მუშაობს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე, წარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ბაზრებზე თანამშრომლობის გაფართოებაზე.
Sunstone კი დაკავებულია ალუმინის ინდუსტრიისთვის განკუთვნილი ნახშირბადოვანი მასალების (წინასწარ გამომწვარი ანოდების) კვლევით, წარმოებითა და რეალიზაციით და ამ ეტაპზე წარმოადგენს ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან ექსპორტიორს აღნიშნულ სფეროში.
წყარო: Report.az
აკშინ ალიევი: აზერბაიჯანული ენის ჩინეთში სწავლება საპატიო მისიაა
19 იანვარი
აზერბაიჯანული ენის ჩინეთში სწავლება საპატიო და მნიშვნელოვანი მისიაა, განაცხადა აზერბაიჯანელმა მეცნიერმა და ჩინური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტმა აქშინ ალიევმა.
ალიევმა ეს განცხადება აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაფართოების კონტექსტში გააკეთა, მათ შორის იმ ინიციატივების ფარგლებში, რომლებიც ჩინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აზერბაიჯანული ენის სწავლასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ენის სწავლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორმხრივი კავშირების გაძლიერებასა და ურთიერთგაგების ხელშეწყობაში.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანული ენის საზღვარგარეთ სწავლებისთვის შესაძლებლობების შექმნა ასახავს აზერბაიჯანის კულტურულ გახსნილობასა და ფართო საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ერთგულებას.
მისივე თქმით, აზერბაიჯანული ენის ჩინეთში პოპულარიზაცია უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ საგანმანათლებლო პრიორიტეტად, არამედ დიპლომატიურ მიღწევადაც, რომელიც ხელს უწყობს ბაქოსა და პეკინს შორის ურთიერთობების საერთო განვითარებას.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლები გრძელვადიანი ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
წყარო: Azertag.az
სომხეთი
სომხეთში ექსპორტის მოცულობით ლიდერები რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჩინეთი არიან
23 იანვარი
2025 წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში სომხეთის ექსპორტის მოცულობა 40.6%-ით შემცირდა, თუმცა ექსპორტის მთავარ მიმართულებებად კვლავ რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჩინეთი დარჩა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ–ნოემბერში სომხეთის სავაჭრო ბრუნვამ 18.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.2%-ით ნაკლებია. ექსპორტმა 7.35 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 11.56 მილიარდი დოლარი, რაც შესაბამისად 40.6%-იან და 27.4%-იან შემცირებას ნიშნავს.
სომხეთის მესამე უმსხვილესი იმპორტიორია ჩინეთი. ჩინეთში სომხეთის ექსპორტის მაჩვენებელმა 648.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 38.1%-ით ნაკლებია.
წყარო: armenpress.am
ყირგიზეთი
ყირგიზეთი ჩინეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას აფართოებს
23 იანვარი
ყირგიზეთი ენერგეტიკული დეფიციტის დასაძლევად სულ უფრო მეტად ამყარებს ნახშირის სფეროში თანამშრომლობას ჩინეთთან, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ჰიდროენერგიის გამომუშავება მცირდება.
ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, კლიმატის ცვლილების ფონზე ჰიდროენერგეტიკის არასტაბილურობამ თბოელექტროსადგურების მნიშვნელობა გაზარდა. ხელისუფლება ნახშირით მომუშავე გენერაციას განიხილავს როგორც სტაბილურ და გარდამავალ ენერგეტიკულ სტრატეგიას, სანამ გრძელვადიანი პროექტები განხორციელდება.
22 იანვარს ენერგეტიკის მინისტრი ტალააიბეკ იბრაევი შეხვდა საერთაშორისო კონსორციუმის წარმომადგენლებს და ნახშირის საბადოებთან უშუალოდ თბოელექტროსადგურების მშენებლობა შესთავაზა. ეს არის მოდელი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინეთში. კონსორციუმმა გამოთქვა მზადყოფნა სამი ნახშირით მომუშავე ელექტროსადგურის აშენებაზე, საერთო სიმძლავრით 1 050 მეგავატი, თანამედროვე „სუფთა ნახშირის“ ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩინეთი ყირგიზული ნახშირის ექსპორტისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება. 2024 წელს ჩინეთში ექსპორტი 118 200 ტონამდე გაიზარდა, რაც მკვეთრი ზრდაა წინა წელთან შედარებით. ხელისუფლების შეფასებით, ეს ტენდენცია ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ასახავს.
წყარო: The Times Of Central Asia




