ჰონგკონგის სასამართლომ ,,ჰონგკონგის 47-ის’’ საქმეზე აპელაციები უარყო

ჰონგკონგის სააპელაციო სასამართლომ ორშაბათს, 23 თებერვალს, 12 პრო-დემოკრატიული აქტივისტის საჩივარი უარყო, რომლებიც ქალაქის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ყველაზე მასშტაბურ საქმეში იყვნენ მსჯავრდებულები. შედეგად, მათთვის დაკისრებული მრავალწლიანი პატიმრობა ძალაში დარჩა.

საქმე, რომელიც ,,ჰონგკონგი 47-ის’’ სახელითაა ცნობილი, 2021 წლის დასაწყისში ოპოზიციის წარმომადგენლების მასობრივ დაკავებას უკავშირდება. დაკავებულ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ბრალად სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულება ედებოდათ. ბევრი მათგანი გირაოს გარეშე პატიმრობაში დარჩა, ხოლო პროცესი ჰონგკონგის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და რთულ სასამართლო საქმედ იქცა.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა 2020 წელს არაოფიციალური პირველადი არჩევნები ჩაატარეს პრო-დემოკრატიული კანდიდატების შესარჩევად. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მათი მიზანი პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება და ბიუჯეტის ბლოკირების გზით მთავრობის პარალიზება იყო, რაც საბოლოოდ აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომას გამოიწვევდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ქმედებები ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, სახელმწიფო წყობის დამხობის მცდელობას წარმოადგენდა. შედეგად, 2024 წლის ბოლოს ბრალდებულთა უმრავლესობა დამნაშავედ ცნეს და 4-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 37 პირიდან მხოლოდ ორი გამართლდა. დაახლოებით 20 მსჯავრდებული უკვე გათავისუფლებულია სასჯელის ვადის ამოწურვის გამო.

ამგვარად, სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება განაჩენებს საბოლოოდ ამყარებს და რამდენიმე ცნობილი აქტივისტისა და ყოფილი კანონმდებლისთვის სამართლებრივი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ გზას ხურავს.

დასავლეთის ქვეყნები და უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქმე ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმიანობის კრიმინალიზაციას წარმოადგენს, მაშინ როცა ჰონგკონგისა და ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების კანონი ქალაქში სტაბილურობის აღდგენას ემსახურებოდა. 

ავტორი: მარიამ სიმსივე 

Scroll to Top