ბოლო პერიოდში, ჩინეთის ოფიციალურ პირებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრებზე, აქცენტი კეთდება ახალ და განახლებადი ენერგიის დარგებში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობაზე. მიმდინარე წლის 21 იანვარს, Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა „სულ უფრო მეტ სფეროს მოიცავს და უფრო მაღალ დონეს აღწევს.“ ელჩმა აღნიშნული ტენდენციის ერთ-ერთ ნიმუშად დაასახელა ჩინური კომპანიის მონაწილეობა გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში.
გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტი, ასევე ცნობილი, როგორც „რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტი“, ითვალისწინებს 206 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის განვითარებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. პროექტ,ი 119 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხით, დააფინანსა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.
2024 წელს, ჩინურმა კომპანიამ, Goldwind Science & Technology Co. Ltd გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერში, რომელიც ელექტროსადგურისთვის 33 ქარის ტურბინის გენერატორის მიწოდებას, მონტაჟს, 15-წლიან ექსპლუატაციასა და მომსახურებას ითვალისწინებდა. 2026 წლის იანვარში, Goldwind-მა პირველი ტურბინის მონტაჟი დაასრულა. კომპანიის შეფასებით, ქარის ტურბინის გენერატორების მონტაჟის დასრულების შემდეგ, ელექტროსადგური ყოველწლიურად 600 გვტ ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებს.
ჩინეთის ელჩმა სახელმწიფო ტენდერში Goldwind-ის წარმატება საქართველოში ჩინური კომპანიების ერთ-ერთ „მნიშვნელოვან მიღწევად“ შეაფასა. თუმცა, საქართველოს პერსპექტივიდან, აღნიშნული პრეცედენტი აჩვენებს ჩინეთის ენერგოკომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს განვითარებადი სექტორის, განახლებადი ენერგიის მიმართ.
Goldwind Science & Technology არის ჩინური ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა ენერგიასთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და სერვისებს. ღია წყაროების კვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, Goldwind-ის წილების ნაწილს ფლობენ სახელმწიფო კომპანიები: Xinjiang Wind Power Co. (11.78 %) და China Three Gorges Renewables Co. Ltd. (9.16 %). ეს უკანასკნელი წარმოადგენს სანქცირებული ჩინური კორპორაციის, China Three Gorges Corporation–ის შვილობილ კომპანიას. კერძოდ, 2020 წლის იანვარში, ამერიკის უცხოური აქტივების ჯონტროლის ოფისმა (OFAC) China Three Gorges Corporation ჩინეთის სამხედრო კომპანიად დაასახელა.
Goldwind ასევე დაკავშირებულია ჩინურ კომპანია Xinjiang Production and Construction Corps (XPCC)-თან. 2020 წელს, Goldwind-მა XPCC-სთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მას ორგანიზაციის ერთ-ერთი დასახლების ენერგიით უზრუნველყოფა ევალებოდა. საყურადღებოა, რომ XPCC არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკონომიკური და გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც ჩინეთის სინძიანის რეგიონს აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია, ჩინეთის მუსლიმი უმცირესობების, უიღურების უფლებების სერიოზული დარღვევისა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიულ პოლიტიკაში მონაწილეობის გამო, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული.
კომპანიის ხელმძღვანელობაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. Goldwind-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვუ განგი ჩინეთის კომპარტიის წევრია. ამასთანავე, განგი, ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, სახელმწიფო საბჭოსა და ცენტრალური სამხედრო კომისიის მიერ, სამახსოვრო მედლით არის დაჯილდოებული. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებს, რომ ვუ განგი მხარს უჭერდა უიღურების წინააღმდეგ კომპარტიის რეპრესიულ პოლიტიკას და მონაწილეობდა ჩინეთის მთავრობის კამპანიაში, რომელიც სინძიანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების იდეოლოგიურ განათლებას მოიცავდა.
ჩინეთში Goldwind-ის საქმიანობა ეკოლოგიურად არამეგობრული და სტანდარტების შეუსაბამო პრაქტიკებით გამოირჩევა. კომპანიის სახელს უკავშირდება მიწის უკანონოდ მითვისება, დანაგვიანება და ხმაურით დაბინძურება. მსგავსი დარღვევების გამო, Goldwind და მისი შვილობილი კომპანიები არაერთხელ დაჯარიმდნენ, ჯამურად 52.0991 მილიონი იუანის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმით.
მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ევროკავშირმა, „საგარეო სუბსიდიების რეგულაციის“ ფარგლებში, Goldwind-ის წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო. ევროკომისიის განცხადების მიხედვით, არსებობს ეჭვი, რომ კომპანია უცხო ქვეყნისგან იღებს სუბსიდიებს. ჩინეთის კომერციის სამინისტრომ დაგმო ევროკავშირის გადაწყვეტილება და მას „მიზანმიმართული“ და „დისკრიმინაციული“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელს უკავშირდება უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის შემთხვევა. 2025 წლის ნოემბერში, ავსტრალიაში, Goldwind-ის მიერ ოპერირებად ქარის ელექტროსადგურზე, ქარის ტურბინების სამუხრუჭე სისტემებში საშიში ნივთიერება, აზბესტი აღმოაჩინეს. შედეგად, Goldwind-ის ქარის ტურბინებზე წვდომა შეიზღუდა.
ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და სანქცირებულ კომპანიებთან Goldwind Science & Technology-ის მჭიდრო კავშირები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება საეჭვო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ჩინური კომპანიების მიმართ „ლმობიერი“ დამოკიდებულებით გამოირჩევა. სამოქალაქო იდეას კვლევებში არაერთხელ აღინიშნა ის უარყოფითი შედეგები, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ სათანადო გადამოწმების პრაქტიკის (due diligence) გარეშე შერჩეულ ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობას შეიძლება მოჰყვეს. გორის ქარის ელექტროსადგურში ზემოთ ხსენებული ჩინური კომპანიის ჩართულობა აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგიის სექტორი ჩინეთის გავლენებისადმი მოწყვლად მორიგ დარგად ყალიბდება.




