აშშიზიარებსჩინეთისადარუსეთისპოზიციასგაეროსბირთვულიუსაფრთხოებისრეზოლუციასთანდაკავშრებით

5 მარტს, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს სხდომაზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიზიარა ჩინეთისა და რუსეთის პოზიცია, სადაც ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად ბირთვული უსაფრთხოების შესაძლო რისკებზე ამახვილებდა ყურადღებას.

აშშ-ის დროებითმა წარმომადგენელმა სააგენტოში, ჰოვარდ სოლომონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აღიარებს უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელებული თავდასხმებით გამოწვეულ საფრთხეებს და მხარს უჭერს ზომებს, რომლებიც ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუმცა, მისი თქმით, აშშ ვერ დაუჭერს მხარს რეზოლუციას, რომელიც ,,უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევას ვერ შეუწყობს ხელს’’.

რეზოლუციას მხარი არც ჩინეთმა დაუჭირა. პეკინი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების თემაზე, ტრადიციულად ხაზს უსვამს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისა და დიალოგის მნიშვნელობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 2026 წელს არაერთხელ განაცხადეს, რომ პეკინი მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უკრაინის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას ემსახურება და მიიჩნევს, რომ ,,დიალოგი და მოლაპარაკებები კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა’’.

ამასთან, ჩინეთის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება საერთაშორისო საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაა და აუცილებელია ისეთი ქმედებების თავიდან აცილება, რომლებიც ბირთვული რისკების ზრდას ან კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. პეკინი ასევე აცხადებს, რომ არ წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს და ცდილობს შეინარჩუნოს, როგორც თავად აღნიშნავს, ,,ობიექტური და სამართლიანი პოზიცია’’.

ამრიგად, იკვეთება, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე ჩინეთი ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს, მხარს უჭერს მოლაპარაკებებსა და დეესკალაციას, ხოლო ოფიციალურ განცხადებებში იშვიათად ახდენს კონფლიქტის რომელიმე მხარის პირდაპირ დადანაშაულებას.

საბოლოოდ, რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღეს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რადგან ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა არაერთხელ შექმნა რისკი ქვეყნის ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოებისთვის.

Reuters-ის შეფასებით, აშშ-ის გადაწყვეტილება ასახავს იმ დიპლომატიურ სირთულეებს, რომლებიც დღეს საერთაშორისო ინსტიტუტებში დიდი სახელმწიფოების ინტერესების თანხვედრასა და განსხვავებებს განსაზღვრავს.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top