8 მარტს, ეროვნული სახალხო კონგრესის წლიური სესიის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური პრიორიტეტები წარმოადგინა, სადაც გლობალურ კონფლიქტებზე, დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე, აფრიკასთან თანამშრომლობასა და საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინელი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
ირანის გარშემო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ საუბრისას ვან იმ სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა მხარეებს. მისი თქმით, ეს არის კონფლიქტი, რომელიც ,,არ უნდა მომხდარიყო’’, ხოლო სამხედრო დაპირისპირება მხოლოდ გააღრმავებს რეგიონში არასტაბილურობას.
მისივე განცხადებით, კრიზისის გადაწყვეტის საფუძვლად უნდა იქცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა, ძალის გამოყენების წინააღმდეგობა და რეგიონული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობა.
პრესკონფერენციაზე ვან იმ ყურადღება გაამახვილა აშშ-თან ურთიერთობებზეც. მისი თქმით, მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია, რათა თავიდან აიცილონ გაუგებრობები და გლობალური არასტაბილურობა. ვან ის განმარტებით, ორივე მხარემ სიფრთხილითა და კონსტრუქციული დიალოგის გზით უნდა შეინარჩუნოს ურთიერთქმედება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. საუბრის ძირითადი თემები იქნება ურთიერთობების სტაბილიზაცია, ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნება და გლობალური კონფლიქტების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება. ვან იმ აღნიშნული შეხვედრები ორივე ქვეყნისთვის, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო სტაბილურობის თვალსაზრისით ,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი’’ უწოდა.
პრესკონფერენციაზე მან ასევე დაადასტურა ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სიმტკიცე და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გლობალური დაძაბულობის მიუხედავად სტაბილურად ვითარდება. ვან ის თქმით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ახალ მოდელს, რომელიც თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და ორმხრივ სარგებელს ეფუძნება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გაიმართა სატელეფონო საუბარი ვან ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, შორის, რომლის დროსაც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და ირანის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს.
ვან იმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აფრიკის ქვეყნებთან პარტნიორობა ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩინეთი გეგმავს კონტინენტთან ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. მათ შორის იგეგმება ყველა სატარიფო პოზიციაზე ნულოვანი ტარიფის დაწესება აფრიკის ქვეყნებისთვის, რომელიც ძალაში 1 მაისიდან შევა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პეკინი კვლავ გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას.
,,სადაც ჩინეთის დროშა ფრიალებს, იქ ჩინელი დიპლომატებიც მსახურობენ’’, განაცხადა ვან იმ და დასძინა, რომ ხელისუფლება მზად არის დაეხმაროს მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც მათ სირთულეები შეექმნებათ.
გლობალურ კონფლიქტებში მოლაპარაკებების მხარდაჭერით, რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებითა და აფრიკის ქვეყნებთან პარტნიორობის გაფართოებით, პეკინი ცდილობს საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი როლის გაზრდას. Reuters ამასთან დაკავშირებით წერს, რომ ჩინეთის დიპლომატიური პოზიცია ხშირად წარმოადგენს სტრატეგიულ ბალანსირებას გლობალურ ძალებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ხაზს უსვამს მოლაპარაკებებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას, იგი პარალელურად ინარჩუნებს მჭიდრო პარტნიორობას რუსეთთან, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში ახალ გეოპოლიტიკურ დინამიკას ქმნის.
ავტორი: მარიამ სიმსივე




