ჩინეთი აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით საპასუხო გამოძიებებს იწყებს

27 მარტს ჩინეთმა აშშ-ის სავაჭრო პრაქტიკების შესასწავლად ორი გამოძიება დაიწყო და ვაშინგტონი სავაჭრო ბაზარზე წვდომის შეზღუდვასა და მწვანე პროდუქციით ვაჭრობის შეფერხებაში დაადანაშაულა.

პეკინის ამ განცხადებას წინ აშშ-ის ორი გადაწყვეტილება უძღოდა. 11 მარტს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა Section 301-ის ფარგლებში გამოძიება სხვადასხვა საწარმოო სექტორში სტრუქტურული ჭარბწარმოების საკითხზე დაიწყო.

ჩინეთის კომერციის სამინისტროს შეფასებით, ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯები ჩინური პროდუქციის აშშ-ის ბაზარზე წვდომას ზღუდავს, აფერხებს ჩინეთში მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტს და ბარიერს ქმნის მწვანე ენერგეტიკის სფეროში ვაჭრობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ზავი შენარჩუნდა, ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ ინდუსტრიული პოლიტიკის, ბაზარზე წვდომისა და ტექნოლოგიებით ვაჭრობის საკითხებზე უთანხმოება კვლავ რჩება დღის წესრიგში.

Reuters-ის ცნობით, ჩინეთის კომერციის მინისტრმა ვან ვენტაომ აშშ-ის გამოძიებებთან დაკავშირებული შეშფოთება ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელ ჯეიმისონ გრიერთან ბოლო შეხვედრის დროსაც გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ პეკინი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ისევ მზად არის.

მედიის შეფასებით, ორივე მხარე ერთდროულად ცდილობს მოლაპარაკებებისთვის ბერკეტების შენარჩუნებას და ამავე დროს დიპლომატიური ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების თავიდან აცილებას.

პეკინის გადაწყვეტილება, აშშ-ის ნაბიჯებს ფორმალური გამოძიებებით უპასუხოს, გამკაცრებული სავაჭრო ტარიფების ნაცვლად, მიუთითებს, რომ მოლაპარაკების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო დაპირისპირება უკვე მიწოდების ჯაჭვებს, მაღალტექნოლოგიურ ექსპორტსა და მწვანე ინდუსტრიებსაც მოიცავს.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top