ჩინეთის სახალხო–განმათავისუფლებელმა არმიამ დასავლეთ წყნარ ოკეანეში ავიამზიდ „ლიანინის“ ხელმძღვანელობით ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რამაც იაპონიაში უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთება გამოიწვია.
ჩინეთის სამხედრო–საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ სწავლება „წლიური გეგმის ფარგლებში ჩატარებული რუტინული წვრთნაა“, თუმცა დასავლური მედიის ნაწილი აღნიშნავს, რომ აქტივობა რეგიონში მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ფონზე მიმდინარეობს, რაც ოკინავასა და ტაივანის მიმდებარე საზღვაო სივრცეებს განსაკუთრებით მგრძნობიარე კრიტიკულ წერტილებად აქცევს.
South China Morning Post-ის ცნობით, მიმდინარე სამხედრო წვრთნები გასული წლის დეკემბერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ტარდება. მაშინ, იაპონიის განცხადებით, ჩინურმა J-15 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებმა ოკინავასთან ახლოს იაპონურ გამანადგურებლებს ცეცხლის მართვის რადარები დაუმიზნეს, რის გამოც ტოკიომ ოფიციალური პროტესტი გამოთქვა.
Reuters-ის ინფორმაციით, აპრილშიც ჩინურმა სამხედრო ხომალდებმა ოკინავას პრეფექტურის კუნძულებთან მდებარე სრუტე გაიარეს დასავლეთ წყნარ ოკეანეში ჩატარებული წვრთნების დასრულების შემდეგ. იაპონიის მთავრობის შეფასებით, ეს ჩინეთის საზღვაო და სამხედრო შესაძლებლობების ზრდაზე მიუთითებს.
ტაივანის პრემიერ–მინისტრმა ჩო იუნგ–ტაიმ ამავე კვირაში განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო მოქმედებები „რეგიონული არასტაბილურობის ყველაზე დიდი წყაროა“. მისი თქმით, პეკინი სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას აგრძელებს როგორც ტაივანის, ისე ფართო ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთის ავიამზიდების დასავლეთ წყნარ ოკეანეში უფრო აქტიური ოპერირება მიუთითებს პეკინის მცდელობაზე, გააძლიეროს სამხედრო გავლენა „პირველი კუნძულოვანი ჯაჭვის“ მიღმაც, სადაც მნიშვნელოვან სამხედრო ყოფნას ინარჩუნებენ აშშ და მისი მოკავშირეები, მათ შორის იაპონია.




