ჩინეთმა უარყო აშშ–ისა და ევროკავშირის კრიტიკა ახალი კანონის მიმართ, რომელიც ეთნიკური ერთობისა და პროგრესის ხელშეწყობას ეხება. პეკინმა დასავლელი პარტნიორების შეშფოთება „მავნე ცილისწამებად“ შეაფასა და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნის შიდა სტაბილურობისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება.
Reuters-ის ცნობით, დასავლეთში შეშფოთებას იწვევს კანონის ის ნაწილი, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს იმ პირებისა თუ ჯგუფების წინააღმდეგაც, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და რომლებსაც პეკინი ეთნიკური ერთიანობის შელახვას, სეპარატიზმის წახალისებას ან ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას დაუკავშირებს.
კრიტიკოსების შეფასებით, კანონი შესაძლოა ჩინეთის ექსტერიტორიული სამართლებრივი ზეწოლის კიდევ ერთ ინსტრუმენტად იქცეს, განსაკუთრებით იმ თემების მიმართ, რომლებიც სინძიანს, ტიბეტს ან სხვა ეთნიკურად მგრძნობიარე რეგიონებს უკავშირდება. აშშ–სა და ევროკავშირში აცხადებენ, რომ ასეთი ჩანაწერები ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები აქტივისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებით რისკებს აჩენს.
ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი არ არის მიმართული კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ. პეკინის პოზიციით, მისი მიზანი ეთნიკურ ჯგუფებს შორის ერთობის გაძლიერება, სოციალური სტაბილურობის დაცვა და სეპარატისტული საქმიანობის პრევენციაა.
ახალი კანონის გარშემო დაპირისპირება კიდევ ერთხელ აჩვენებს დაძაბულობას ჩინეთსა და დასავლეთს შორის ადამიანის უფლებების, ეროვნული უსაფრთხოების და ჩინეთის შიდა პოლიტიკის საერთაშორისო გავლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე.




