ჩინეთმა და რუსეთმა 6 ივლისს აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროსთან, ცინდაოს მიმდებარე საზღვაო და საჰაერო სივრცეში, ყოველწლიური სამხედრო–საზღვაო სწავლება „ერთობლივი ზღვა 2026” დაიწყეს. წვრთნები 13 ივლისამდე გაგრძელდება.
„ერთობლივი ზღვა” ჩინეთ–რუსეთის ყოველწლიური სამხედრო–საზღვაო სწავლებაა, რომელიც 2012 წლიდან ტარდება და ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის ერთ–ერთ რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლების მიზანია ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერება, საერთო უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების უნარის დახვეწა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.
წვრთნები მოიცავს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას, საზღვაო დაზვერვას, წყალზედა სამიზნეებზე მოქმედებასა და კოორდინირებულ ოპერაციებს. სწავლების დასრულების შემდეგ ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ხომალდების ნაწილი წყნარი ოკეანის განსაზღვრულ რაიონებში ერთობლივ პატრულირებასაც განახორციელებს.
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვი სწავლებაში წყნარი ოკეანის ფლოტის რამდენიმე ხომალდით მონაწილეობს, მათ შორის სარაკეტო კრეისერით, კორვეტით, დიზელ–ელექტრული წყალქვეშა ნავითა და სამაშველო გემით. ჩინეთის ჩრდილოეთის სარდლობამ კი განაცხადა, რომ წვრთნებში ჩინეთის მხრიდან ჩართულია გამანადგურებლები, ფრეგატი, წყალქვეშა ნავი, მომარაგებისა და სამაშველო ხომალდები.
იმავე დღეს ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების ბიურომ განაცხადა, რომ ივლისიდან სექტემბრამდე ჩინეთის სამხედრო სწავლების სეზონის დაწყებასთან ერთად ჩინეთის საზღვაო ძალების აქტიურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება როგორც ჩინეთის, ისე ჩინეთ–რუსეთის ერთობლივ სამხედრო მოქმედებებს.




