ჩინეთის ინიციატივით პაკისტანი აშშ-ირანის მოლაპარაკებების აღდგენას ცდილობს

პაკისტანი აშშსა და ირანს შორის შეჩერებული მოლაპარაკებების აღსადგენად წინასწარ დიპლომატიურ კონსულტაციებს მართავს. Reuters-ის ცნობით, ინიციატივა ჩინეთისგან მოდის, რომელიც თითქმის ხუთთვიანი სამხედრო დაპირისპირების დასრულებასა და რეგიონში მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტების აღდგენას ცდილობს.

უცხოური წყაროების თანახმად, აშშირანის შესაძლო მოლაპარაკებები ირანის შინაგან საქმეთა მინისტრ ესკანდარ მომენის ისლამაბადში ვიზიტისას განიხილეს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ეს მისი მეორე ვიზიტი იყო პაკისტანში. მომენი პრემიერმინისტრ შეჰბაზ შარიფსა და შეიარაღებული ძალების მეთაურ ასიმ მუნირს შეხვდა. პაკისტანელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებების განახლების ერთერთი წინაპირობა საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტაა.

ჩინეთის დაინტერესება უშუალოდ მის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ინტერესებს უკავშირდება. პეკინი ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მისი ექსპორტირებული ნავთობის მთავარი მყიდველია. ჰორმუზის სრუტის თითქმის დახურვა და წითელ ზღვაში გადაზიდვებისთვის შექმნილი საფრთხეები ჩინეთისთვის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სავაჭრო მარშრუტებს აზიანებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პეკინი მხარს უჭერს პაკისტანისა და სხვა მხარეების შუამავლობას და სპარსეთის ყურის რეგიონში მშვიდობის აღსადგენად აქტიური როლის შესრულებას გააგრძელებს. ჩინეთმა და პაკისტანმა 16 ივლისსაც მოუწოდეს აშშსა და ირანს, შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და დიალოგს დაბრუნებოდნენ.

Scroll to Top