პეკინში ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა გაიმართა

5 ნოემბერს პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის მაღალჩინოსანს, კიმ სონგ ნამს და მის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და არსებული შეთანხმებების შესრულება განიხილეს. აღსანიშნავია რომ, ბოლო წლებში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მოსკოვსა და ფხენიანს შორის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რის პარალელურადაც ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობებში გარკვეული დისტანცირება შეინიშნებოდა.

ვან იმ დასძინა, რომ ჩინეთი მზადაა, ჩრდილოეთ კორეასთან ერთად იმუშაოს ორი ქვეყნის მმართველი პარტიების ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განსახორციელებლად და ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების მუდმივ განვითარებას.

თავის მხრივ, კიმ სონგ ნამმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა, ჩინეთთან ერთად შეასრულოს ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებები და გააძლიეროს მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა.

ჩრდილოეთ კორეელმა მაღალჩინოსანმა სი ძინპინის ივნისის ვიზიტზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ მან ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას შეუწყო ხელი.  კიმ სონგ ნამმა ასევე გაიხსენა რომ აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული, „სისხლით განმტკიცებული მეგობრობის“ სტრატეგიული მნიშვნელობა.

პეკინში გამართული შეხვედრა რეგიონში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მოახლოებასაც ემთხვევა. 18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტია დაგეგმილი, რომელშიც, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მიიღებს მონაწილეობას.

სამიტის მოახლოებამ საერთაშორისო მედიაში კვლავ გააჩინა ვარაუდები ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჩენმა, ოთხშაბათს მსგავსი შესაძლებლობა უარყო. მისი განცხადებით, ფხენიანი საჭიროდ არ მიიჩნევს პირისპირ მოლაპარაკებებს იმ მხარესთან, რომელსაც არასანდოდ და მტრულად განწყობილად აფასებს.

რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აქტივობებმაც გაამწვავა. ოთხშაბათს ფხენიანმა ახალი საჰაერო თავდაცვის რაკეტა გამოსცადა. გავრცელებული ცნობებით, ეს ერთ კვირაზე ნაკლებ პერიოდში მსგავსი ტიპის შეიარაღების უკვე მესამე გამოცდა იყო.

ამ მოვლენების ფონზე ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს შორის პეკინში გამართული მოლაპარაკებები ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების კიდევ ერთ ნაბიჯად განიხილება. მხარეთა განცხადებები მიუთითებს, რომ პეკინი და ფხენიანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას, პარტიათაშორისი ურთიერთობების განმტკიცებასა და ტრადიციული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.

Scroll to Top