„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ ირაკლი მელაშვილის პოზიციას – მცირე ისტორიულ ექსკურსს, ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
პირველ მსოფლიო ომამდე დღევანდელი ისრაელის ტერიტორია ოსმალეთი იმპერიაში შედიოდა. 1920 წლის სან-რემოს კონფერენციაზე ომში გამარჯვებულმა მოკავშირეებმა დიდ ბრიტანეთს პალესტინის მართვის მანდატი მიანიჭეს, რაც 1922 წელს ერთა ლიგამაც დაადასტურა. მანდატში დაფიქსირდა “ბალფურის დეკლარაციის” დათქმა, პალესტინაში „ებრაელთა კერის“ შექმნასთან დაკავშირებით. ეს დეკლარაცია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არტურ ბალფურმა, 1917 წელს გაუგზავნა ბრიტანელ ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენელს, ლორდ როტშილდს, სადაც ეწერა, რომ ინგლისი მხარს უჭერს პალესტინაში ებრაელი ხალხისათვის „ეროვნული სახლის“ შექმნის იდეას. 1921 წელს უინსტონ ჩერჩილი, ბრიტანეთის კოლონიების მაშინდელი მინისტრი, ჩადის პალესტინაში, ხვდება არაბული და ებრაული მხარის წარმომადგენლებს და აქვეყნებს ე.წ. „პალესტინის თეთრ წიგნს“, რომელსაც ამტკიცებს ბრიტანეთის პარლამენტი. ამ წიგნის თანახმად, ებრაელებს უნდა შეექმნათ თავისი სახელმწიფო პალესტინის ტერიტორიის ნაწილზე, ხოლო არაბებს თავიანთი სახელმწიფო პალესტინის მეორე ნაწილში, ტრანსიორდანიასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
ამ პერიოდში პალესტინის მიწაზე მოსახლეობის უმრავლესობა არაბია, უმცირესობა, ებრაელები. 30-იან წლებში ებრაელთა გადასახლებამ პალესტინაში მასობრივი ხასიათი მიიღო. ებრაელებს სჯეროდათ, რომ 26 საუკუნის დევნის და წვალების შემდეგ, ისინი საკუთარი სახელმწიფოს შექმნას შეძლებდნენ.
ამ პროცესს მოჰყვა არაბული ნაციონალიზმის ზრდა, შეტაკებები და ამბოხი ინგლისის მმართველობის წინააღმდეგ. ინგლისმა შეცვალა პოლიტიკა. 1939 წელს გამოქვეყნდა ახალი „თეთრი წიგნი“ ბრიტანეთის კოლონიალური მდივნის, მალკოლმ მაკდონალდის მოხსენება პალესტინაში მთავრობის პოლიტიკის შესახებ. პალესტინაში ბრიტანეთის ახალი პოლიტიკის ძირითადი პოსტულატები ასე გამოიყურებოდა:
• პალესტინა არ შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ ებრაელებს, ან მხოლოდ არაბებს.
• წიგნის გამოქვეყნებიდან 10 წლის განმავლობაში პალესტინაში შეიქმნება ებრაელებისა და არაბების ერთიანი ორნაციონალური სახელმწიფო.
• ებრაელთა იმიგრაციის კვოტა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება 75000. საიმიგრაციო კვოტების გაზრდა დამოკიდებული იქნება არაბთა თანხმობაზე.
• ებრაელთა მიერ მიწის შესყიდვის შეზღუდვა. არაბული მოსახლეობის ბუნებრივი მატების გამო ებრაელებისთვის აიკრძალა პალესტინის მიწის 95%-ის მიყიდვა.
ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით, დიდმა ბრიტანეთმა არსებითად უარი თქვა „ბალფურის დეკლარაციით“ ებრაელი ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მიუხედავად ამისა, არაბული ქვეყნები, პალესტინური პარტიები და მათი ლიდერები, რომლებზეც დიდი გავლენა ჰქონდა იერუსალიმის დიდ მუფტის, მოჰამედ ამინ
ალ – ჰუსეინის, არც ერთობლივი არაბულ-ებრაული სახელმწიფოს შექმნის იდეას დაეთანხმნენ.
მეორე მსოფლიო ომში, ჰოლოკოსტის, ევროპის ბევრ ქვეყანაში ებრაელთა მასობრივი დევნისა და განადგურების პოლიტიკის შედეგად, მსოფლიო პოლიტიკის წინაშე კიდევ უფრო მწვავედ დადგა ებრაული სახელმწიფოს შექმნის იდეა.
1947 წელს ახლადშექმნილმა გაერო-მ შეიმუშავა პალესტინის არაბულ და ებრაულ სახელმწიფოებად დაყოფის ახალი გეგმა. იერუსალიმი და მისი შემოგარენი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ უნდა დარჩენილიყო.
გაერო-ს გეგმა მიიღეს ებრაელმა ლიდერებმა. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. „ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრები არაბი ხალხის შვილებს, მრავალი თვის წინ ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებული სისხლიანი აგრესიის დღეებში, შეინარჩუნონ მშვიდობა და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მშენებლობაში სრული სამოქალაქო თანასწორობის საფუძველზე. მიიღონ სათანადო წარმომადგენლობა მის ყველა დაწესებულებაში, დროებითი და მუდმივი.
ჩვენ ვუწვდით მშვიდობის ხელს და ვთავაზობთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა მეზობელ სახელმწიფოსა და მათ ხალხებს. მოვუწოდებთ მათ ითანამშრომლონ ებრაელ ხალხთან, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა მათ ქვეყანაში. ისრაელის სახელმწიფო მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს მთელი ახლო აღმოსავლეთის განვითარების საერთო საქმეში“ – ასეთი იყო იმდროინდელი ებრაული სახელმწიფოს პოზიცია.
გაერო-ს გეგმა უარყვეს არაბმა ლიდერებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ნებისმიერი ფორმით პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნას.
არაბთა უმაღლესი კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯამალ ალ-ჰუსეინი – „პალესტინას ცეცხლითა და სისხლით მოერევა, თუ ებრაელები მის ნაწილს მაინც მიიღებენ“. იერუსალიმის მუფთი, ამინ ალ-ჰუსეინი – “წმიდა ომს ვაცხადებ, ძმებო მუსლიმნო! მოკალი ებრაელნი! მოკალი ისინი ყველა“ არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა, აზამ ფაშა – „ეს იქნება განადგურების ომი, ელვისებური ხოცვა-ჟლეტა, რომელიც გაახსენდება ისევე, როგორც მონღოლთა ხოცვა-ჟლეტა ან ჯვაროსნული ლაშქრობები“.
ეგვიპტე, სირია, ლიბანი, ტრანსიორდანია, საუდის არაბეთი, ერაყი და იემენი არ დაეთანხმნენ გაერო-ს გადაწყვეტილებას ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შესახებ და დაიწყეს სამხედრო ოპერაციები ებრაული შეიარაღებული ძალებისა და იმ ებრაული დასახლებების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელის შემადგენლობაში შედიოდნენ. ებრაელებმა მოიგერიეს შვიდი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ერთობლივი შეტევა, ამასთან, თავიანთ სამხედრო კონტროლს დაუქვემდებარეს პალესტინის ტერიტორიის 77%, მათ შორის იერუსალიმის უმეტესი ნაწილი. ამ დროს 800 ათას ებრაელს მოუწიათ გაქცეულიყვნენ არაბული ქვეყნებიდან, ხოლო ნახევარ მილიონიდან 900 ათასამდე არაბმა დატოვა ისრაელის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიები.
პალესტინის ტერიტორიების დარჩენილი ნაწილი ეგვიპტისა და იორდანიის კონტროლის ქვეშ მოექცა, 1967 წლის მაისში დაძაბულობა სწრაფად იზრდებოდა ერთი მხრივ ისრაელს, მეორე მხრივ, სირიასა და ეგვიპტეს შორის. 14 მაისს ეგვიპტემ გამოაცხადა მობილიზაცია სუეცის არხის ზონაში და მის გარშემო; 19 მაისისთვის გაეროს ჯარები, რომლებიც ყოფდნენ ეგვიპტისა და ისრაელის ძალებს სინაიში, ეგვიპტური მხარის მოთხოვნით გაიყვანეს; 22 მაისს აკაბას ყურეში ისრაელის გემების ბლოკადა დაიწყო; მაისის ბოლოს იორდანია და ერაყი შეუერთდნენ არაბულ სამხედრო კოალიციას.
სინაიდან გაეროს ძალების გაყვანის შემდეგ, კაიროს რადიოთი, „არაბთა ხმა“ ეგვიპტურმა მხარემ განცხადება გააკეთა:
„დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს საერთაშორისო ძალები, რომლებიც იცავენ ისრაელს. თავშეკავებას აღარ ვიჩენთ. ჩვენ აღარ მივმართავთ გაეროს ისრაელის წინააღმდეგ საჩივრებით. ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ისრაელის წინააღმდეგ, იქნება ტოტალური ომი, რომელიც გამოიწვევს სიონისტური სახელმწიფოს განადგურებას.“
26 მაისს ეგვიპტის პრეზიდენტმა გამელ აბდელ ნასერმა პროფკავშირების პანარაბული ფედერაციის ლიდერებთან მიმართვისას თქვა, რომ „ეს იქნება ტოტალური ომი და მისი მიზანია ისრაელის განადგურება“.
იმავე დღეებში ნასერმა მოუწოდა არაბულ ქვეყნებს თავს დაესხნენ ისრაელს, “ებრაელები გადაყარონ ზღვაში და გაანადგურონ ისინი, როგორც ერი”.
სირიის თავდაცვის მინისტრი ჰაფეზ ალ-ასადი – „ჩვენი ძალები ახლა სრულად მზად არიან არა მხოლოდ აგრესიის მოსაგერიებლად, არამედ განთავისუფლების პროცესის დასაწყებად, არაბთა მიწაზე სიონისტური ყოფნის განადგურების მიზნით. სირიის არმიას ჩახმახზე თითი აქვს… როგორც სამხედრო, მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგა დრო, რომ შევიდეთ გამანადგურებელ ომში“.
1967 წლის 5 ივნისს დილის 7:45 საათზე დაიწყო ისრაელის საჰაერო ძალების ოპერაცია. რამდენიმე საათში განადგურდა არაბული კოალიციის საჰაერო ძალები, რის შემდეგაც ისრაელმა 6 დღეში დაამარცხა დარჩენილი არაბული ჯარები, მიუხედავად მათი დიდი უპირატესობისა სამხედრო ძალასა და ტექნიკაში. „ექვსდღიანი ომის“ შედეგად ღაზას სექტორი და იორდანეს დასავლეთ სანაპირო მოექცა ისრაელის კონტროლის ქვეშ.
973 წლის 6 ოქტომბერს, ებრაელებისთვის ყველაზე წმინდა დღეს – განკითხვის დღეს (“იომ კიპური”), შუადღის ორ საათზე ისრაელს ეგვიპტისა და სირიის ჯარები დაესხნენ თავს. სანამ ისრაელელები ლოცულობდნენ, არაბული ჯარები სწრაფად მიიწევდნენ წინ ჩრდილოეთ და სამხრეთ ფრონტებზე. უკვე ერთ საათში არაბულმა ავიაციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ისრაელის პოზიციებს გოლანის სიმაღლეებზე და სინაის ნახევარკუნძულზე.
ისრაელის არმიამ რამდენიმე დღეში არამარტო დაიბრუნა დაკარგული პოზიციები, (მარტო სინაიზე ერთ ბრძოლაში ეგვიპტეს 250 ტანკი გაუნადგურეს) არამედ ქალაქ სუეცთან ფაქტობრივ ალყაში მოაქცია ეგვიპტის არმია, ხოლო სირიაში ისე ღრმად შეიჭრა, რომ მისი არტილერია დამასკოს გარეუბნებს ბომბავდა.
საქმეში ჩაერია სსრკ. 24 ოქტომბერს ისრაელი კრემლმა გააფრთხილა „ეგვიპტისა და სირიის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების“ შემთხვევაში „ყველაზე მძიმე შედეგების შესახებ“. ამავდროულად, ბრეჟნევმა სასწრაფო დეპეშა გაუგზავნა პრეზიდენტ ნიქსონს, სადაც მან განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები პასიური იქნება კრიზისის გადაწყვეტაში, სსრკ-ს მოუწევს „სასწრაფოდ განიხილოს აუცილებელი ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა“. საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა საბჭოთა საჰაერო სადესანტო ჯარების 7 დივიზიისათვის. საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სრულ მზადყოფნაში მიიყვანა თავისი ბირთვული ძალები. საბოლოო ჯამში, მესამე მსოფლიო ომამდე საქმე არ მივიდა. ამ ომის შედეგად, ისრაელმა გარკვეულწილად გააფართოვა ტერიტორიები, რომლებიც ფლობდა გოლანის სიმაღლეებზე და მოიპოვა პოზიციები სუეცის არხის დასავლეთ სანაპიროზე. თუმცა, მის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ტერიტორიაც ეგვიპტის კონტროლის ქვეშ დარჩა.
1974 წელს გაერომ დაადასტურა პალესტინელი ხალხის განუყოფელი უფლებები თვითგამორკვევის, ეროვნული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ლტოლვილების დაბრუნების შესახებ. 1988 წელს გამოცხადდა პალესტინის სახელმწიფო, რომელიც ნაწილობრივ აღიარებულია.
1993 წლის 20 აგვისტოს ოსლოში იცხაკ რაბინმა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (პგო) ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს. 9 სექტემბერს რაბინმა და არაფატმა გაცვალეს წერილები ურთიერთაღიარების შესახებ.
იასერ არაფატმა გაუგზავნა წერილი ისრაელის პრემიერ მინისტრს იცხაკ რაბინს, რომელშიც პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია (პგო) პირველად დათანხმდა შემდეგ პრინციპებზე:
• ისრაელის არსებობის უფლების აღიარება მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში;
• გაეროს უშიშროების საბჭოს 242 და 338 რეზოლუციების აღიარება;
• კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება;
• ტერორიზმზე და ძალადობის სხვა ფორმებზე უარის თქმა;
• პასუხისმგებლობის აღება ამ ვალდებულებების შესრულებაზე პგო-ს ყველა ელემენტისა და სტრუქტურის მიერ;
• „პალესტინის ქარტიის“ იმ პუნქტების ბათილად ცნობა, რომელიც უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას;
1993 წლის 13 სექტემბერს ვაშინგტონში, ისრაელმა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს პრინციპების ერთობლივ დეკლარაციას.
დეკლარაცია შეიცავდა პალესტინის თვითმმართველობის შესახებ დროებითი შეთანხმების ძირითად პარამეტრებს:
– ღაზას სექტორსა და იერიხოს ანკლავში პალესტინის ავტონომიის დაუყონებლივ შექმნა.
– მისი ადრეული გაფართოება იუდეასა და სამარიის პალესტინელ მოსახლეობაზე.
– პალესტინის მთავრობის შექმნისა და საკანონმდებლო საბჭოს არჩევის შესახებ.
დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისრაელსა და პალესტინელებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
შემდეგი შეთანხმებები, რომლებსაც იმ წლებში სხვადასხვა ქვეყნებში მოაწერეს ხელი ისრაელმა და პალესტინამ, ითვალისწინებდნენ:
– ისრაელის ჯარების გაყვანას პალესტინის ავტონომიების ტერიტორიებიდან,
– ისრაელის სამოქალაქო ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემას პალესტინის ეროვნულ ხელისუფლებაზე,
– პალესტინის ადმინისტრაციის სტრუქტურას და შემადგენლობას, მის იურისდიქციას და საკანონმდებლო უფლებამოსილებებს, მისი პოლიციის კონტიგენტს.
– მომავალი ურთიერთობებს პალესტინის ადმინისტრაციას და ისრაელს შორის.
– პალესტინის ადმინისტრაციისათვის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის მომზადებას, რომელიც გახდა პრინციპების დეკლარაციის განხორციელების შემდეგი ეტაპი.
პალესტინის ადმინისტრაციას გადაეცა სრული უფლებამოსილებები ხუთ სფეროში: განათლება და კულტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ტურიზმი, ჯანდაცვა და გადასახადები.
ხელი მოეწერა ოქმს შრომით ურთიერთობებზე, ვაჭრობაზე და მრეწველობაზე, გაზზე, საწვავზე, დაზღვევაზე, საფოსტო მომსახურებაზე, სტატისტიკაზე დასოფლის მეურნეობაზე პალესტინის ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის გადაცემის შესახებ.
პალესტინის თვითმმართველობა გაფართოვდა იუდეასა და სამარიაში;
შეიქმნა ავტონომიის არჩეული ხელისუფლება – პალესტინის საბჭო;
ამ შეთანხმებებს უნდა მიეცა საშუალება პალესტინელებისთვის დამოუკიდებლად ემართათ საკუთარი შიდა საქმეები, მინიმუმამდე დაეყვანათ უთანხმოება ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის, დაეწყოთ მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ამავდროულად, ამ შეთანხმებებს უნდა დაეცვა ისრაელის ინტერესები როგორც სტრატეგიული უსაფრთხოების, ასევე კონტროლირებად ტერიტორიებზე ისრაელის მოქალაქეების სიცოცხლისა და ქონების დაცვის სფეროში. ეს შეთანხმებები ასახავდა ისრაელსა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას შორის ურთიერთობების განვითარების კურსს. ბოლო შეთანხმების შვიდი დანართი მოიცავს უსაფრთხოების ზომებს, არჩევნებს, სამოქალაქო საქმეებს, სამართლებრივ საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
ამ შეთანხმებებით მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინის ქალაქებს, ღაზას სექტორს, ასევე 450 პალესტინის სოფლის ტერიტორიას საშინაო საქმეებში ჩაურევლობის გარანტია, უფართოესი ავტონომია და თვითმმართველობა მიეცა.
სამწუხაროდ ამ შეთანხმების ტორპედირება თავიდანვე ხდებოდა არაბული სამყაროს ნაწილის მხრიდან. არ წყდებოდა “ჰამასის”, “ისლამური ჯიჰადის”, “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტისა” და “ფატაჰის” შეიარაღებული ძალების ტერორისტული აქტივობა, პალესტინის ადმინისტრაციის ხელისუფლება ძირითადად უმოქმედო იყო ტერორიზმთან ეფექტური ბრძოლაში, მისი უუნარობისა თუ სურვილის არქონის გამო.
სამწუხაროდ მრავალ არაბულ ორგანიზაციას ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ომი აქვს გამოცხადებული. მათ შორის არის „ჰამასი“. 1988 წელს „ჰამასმა“ გამოაქვეყნა თავისი პირველი ქარტია, რომელშიც იყო მოწოდებები ისრაელის განადგურებისა და „ისტორიულ პალესტინაში“ ისლამური სახელმწიფოს შექმნის შესახებ. „ისრაელი არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ ისლამი არ გაანადგურებს მას, როგორც ადრე გაანადგურა სხვები… „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ თვლის, რომ პალესტინის მიწა არის ისლამური ვაკფი იგივე ვაკუფი (მუსლიმურ ქვეყნებში უძრავი ან მოძრავი ქონება, რომელიც საჩუქრის სახით გადადის უპირატესად მუსლიმ სასულიერო პირთა ხელში), რომელიც მუსლიმებისთვის განწმენდილია განკითხვის დღის დადგომამდე. პალესტინა ისლამური ვაკფის მიწაა, რომელიც განწმენდილია მუსლიმთა თაობებისთვის“,
“ჰამასი” არ ცნობს პალესტინელებსა და ისრაელს შორის 90-იან წლებში მიღწეულ არც ერთ შეთანხმებას. დღესაც არ ცნობს ისრაელის არსებობის უფლებას. მან 2007 წელს ღაზაში გაიმარჯვა პალესტინის ავტონომიაში გამართულ არჩევნებში და აღარ ემორჩილებოდა არათუ ისრაელს, არამედ, თავად პალესტინის ადმინისტრაციას. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციამ სწორედ ღაზას სექტორიდან მოაწყო ისრაელზე სამხედრო თავდასხმა, რომელსაც ისრაელის მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა.
ამ ძალებს ისრაელთან ტერიტორიული პრეტენზიები კი არ აქვთ, არამედ ისინი არ ცნობენ ისრაელის არსებობის უფლებას და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან მთელ ებრაელ ერს. ეს არ არის ვინმეს მოსაზრება. ესაა ფაქტი, რომელსაც ადასტურებს არაბი რადიკალების ლიდერების და მათი ორგანიზაციების არაერთი საჯარო, ოფიციალური განცხადება და დოკუმენტი. არაბული ქვეყენების უმრავლესობა ისევ არ ცნობს ისრაელის უფლებას არსებობაზე. ისრაელს აღიარებს მხოლოდ ეგვიპტე, იორდანია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, მაროკო და ბაჰრეინი. რაც არ უნდა კრიტიკულად იყოს განწყობილი ადამიანი ისრაელის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებისას პალესტინელი ბავშვების და მოხუცების დაღუპვის მიმართ, ერთი ფაქტია, არასდროს ისრაელის მთავრობას არ დაუსახავს მიზნად და/ან არ განუცხადებია, რომ მისი ამოცანაა პალესტინელი არაბების გაწყვეტა, ზღვაში გადაყრა, ფიზიკურად განადგურება. დღესაც ისრაელის სახელმწიფოში მშვიდად ცხოვრობენ და მუშაობს ათობით ათასი (თუ მეტი არა) არაბი, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილი ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. მათ ჰყავთ თავიანთი წარმომადგენელბი ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) ადგილობრივ თვითმმართველობებში. ისრაელი იბრძვის თავისი სახელმწიფოს არსებობისა და სიცოცხლის უფლებისთვის და არა პალესტინელი ერის გასანადგურებლად.
ირაკლი მელაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი