„უკრაინა, უპირობოდ რუსეთია,“ განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევმა, 4 მარტს გამართულ რუსეთის საგანმანათლებლო მარათონზე და ამით კიდევ ერთხელ მოახდინა უკრაინაში რუსეთის შეჭრის რეალური მიზნების ილუსტრირება. „სამოქალაქო იდეა“ გთავაზობთ ირაკლი მელაშვილის ბლოგს, უკრაინის შესახებ რუსეთის მიერ შექმნილი და დამკვიდრებული ყალბი ისტორიული მითებისა და ნარატივების შესახებ.
ამ ბლოგს არავითარ შემთხვევაში არ აქვს პრეტენზია, რომ სრულფასოვნად მიმოიხილოს ისეთი დიდი და რთული საკითხი, როგორიც უკრაინელი და რუსი ხალხების ურთიერთობის ისტორიაა. როგორც ყველა მეზობელ ხალხებს შორის ურთიერთობაში, ამ შემთხვევაშიც, უკრაინელებს და რუსებს, წარსულში მრავალი საუკუნის ურთიერთობისას მრავალმხრივი გამოცდილება დაუგროვდათ და ერთ სტატიას სრულყოფილი მიმოხილვის პრეტენზია ვერ ექნება. მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, დრონებისა და ბომბების პარალელურად მკვეთრად გააქტიურებულია რუსული იმპერიალისტური დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც აქტიურად ტირაჟირებს რუსულ-უკრაინული ურთიერთობების შესახებ, ათწლეულების, ზოგ შემთხვევაში კი, ასწლეულების განმავლობაში დანერგილ მითებსა და ლეგენდებს, და მათ მიერ მოგონილი „ისტორიული სიმართლის“ უკრიტიკო მიღებას ითხოვს. ამიტომ, ჩემი მიზანია, ნაცვლად პროპაგანდისტული კლიშეებისა, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში სკოლის სახელმძღვანელოებიდან დაწყებული, თანამედროვე ტროლ-ბოტებით დამთავრებული, ნერგავდა ჯერ რუსეთის იმპერია, შემდეგ სსრკ, ახლა კი რუსული ნეოიმპერიის პროპაგანდა, მკითხველს გავაცნო ისტორიული ფაქტები რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ისტორიიდან.
ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინელები, როგორც დამოუკიდებელი ხალხი, „არასდროს არსებობდნენ,“ ისინი რუსები არიან, უკრაინა კი „ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი ქვეყანაა.“
მოდით, ვნახოთ როგორ ქმნიდა საუკუნეების განმავლობაში ჯერ რუსეთის იმპერიული, შემდეგ კი საბჭოთა პროპაგანდა ამ ლეგენდას, რომელიც დღეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველია.
მითი #1: ტერმინი „უკრაინა“ არ არსებობდა და არ გამოიყენებოდა.
ისტორიული ფაქტია, რომ „უკრაინა“ პირველად ნახსენებია 1187 წელს ე.წ. კიევის მატიანეში, რომელშიც აღწერილია ყივჩაღებზე ლაშქრობის დროს პერეიასლავის პრინცის, ვლადიმერ გლებოვიჩის გარდაცვალების შესახებ.
1189 წელი – „უფლისწული როსტისლავ ბერლადნიკი მოვიდა გალისიის უკრაინაში;“
1213 წელი – „უფლისწულმა დანიელმა აიღო ბრესტი, უგროვსკი, ვერეშჩინი, სტოლპიე, კომოვი და მთელი უკრაინა.“
მითი #2: ტერმინი „უკრაინა“ სახელმწიფოს დასახელებად არ არსებობდა.
ისტორიული ფაქტია, რომ ტერმინი„უკრაინა,“ მუდმივ გამოიყენება კაზაკთა დროიდან, ანუ მე-16-17 საუკუნეებიდან. იმდროინდელ კაზაკთა ქრონიკებში სიტყვა „უკრაინა“ ნიშნავს არა მხოლოდ ტერიტორიას, არამედ სამშობლოს, რომელიც მოითხოვს უმაღლეს ერთგულებას და რომლის დაცვაც წმინდა ვალდებულებაა. სიტყვა „უკრაინის“ და მისგან მიღებული – „უკრაინელის“ ერთდროული ხსენების მაგალითი გვხდება ნაწარმოებში “ფიქრები ნალივაიკაზე”, რომელიც აღწერს 1696 წლის მოვლენებს.
„Ой у нашей в славной Украине.
Бывали когда-то престрашные и злополучные, злосчастные часы;
Бывали и моры и военные распри;
Никто Вкраинцевъ не спасалъ;“
მე-18 საუკუნეში, როდესაც კაზაკთა სახელმწიფო შეიერთა რუსეთის იმპერიამ, სიტყვა „უკრაინა“ გაქრა აქტიური პოლიტიკური გამოყენებიდან. თუმცა, ეს სახელი დამკვიდრებულია და შენარჩუნებულია იქ მცხოვრები ხალხის კულტურაში. დაახლოებით 1200 ხალხური სიმღერაა, რომლებშიც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი უკრაინაზე მღერის.
მითი #3: რუსული და უკრაინული ყველაზე ახლოს მყოფი ენებია, უკრაინული რუსულის დიალექტია რაც ადასტურებს ამ ორი ერის ერთობას
რუსული ენა, თავისი ლექსიკით, არ არის უკრაინულთან ყველაზე ახლო მდგომი ენა. უკრაინელი ენათმეცნიერების (კ. ნ. ტიშჩენკო და სხვები) კვლევის მიხედვით, ლექსიკურად უკრაინულთან ყველაზე ახლოს არის ბელორუსული ენა (მთლიანი ლექსიკის 84%), შემდეგ პოლონური (70%), სერბული (68%), სლოვაკური ( 66%), შემდეგ კი რუსული და ჩეხური (62%). თუმცა, არავის მოსდის თავში აზრად, სლოვაკები და უკრაინელები, ან სერბები და უკრაინელები გამოაცხადონ ერთ ერად.
რუსულ უკრაინული ენების მსგავსება არ არის ევროპის სხვადასხვა ხალხების ენების მსგავსების უნიკალური გამონაკლისი მაგალითად თავისი ლექსიკური მარაგით დანიური, შვედური და ნორვეგიული ბევრად უფრო ახლოს მდგარი ენებია ვიდრე რუსული და უკრაინული და ლინგვისტების აზრით საერთოდ ლამის ერთი ენაა. ნორვეგიას გვიან შუა საუკუნეებში ფაქტობრივად არ ჰქონია დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1536 წლიდან 1814 წლამდე ის დანიის მეფის კარის დაქვემდებარებაში იყო, 1814 წლიდან კი შვედეთის სამეფოს ნაწილი იყო. დანიური ენა საერთოდ საუკუნების განმავლობაში ნორვეგიის სალიტერატურო ენა იყო. საერთოდ ერთ ენაზე (Serbo-Croatian) საუბრობენ სერბები, ხორვატები, ჩერნოგორიელები და ბოსნიელები, სტანდარტული გერმანული (Standardsprache) ან ლიტერატურული ენა (Hochdeutsch) საერთოა გერმანიაში, ავსტრიაში და შვეიცარიაში, მაგრამ არავის მოუვა თავში აზრად დღეს ენების მსგავსების გამო რომელიმე ამ ერის არსებობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ.
მითი #4: თანამედროვე რუსული სახელმწიფო „კიევის რუსეთის“ სამართალმემკვიდრეა
ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გაერკვნენ, არის თუ არა დღევანდელი რუსეთი „კიევის რუსეთის“ მემკვიდრე, მნიშვნელოვანი არგუმენტია „კიევის რუსეთის“ დასახელებაში სიტყვა „რუსეთის“ არსებობა. ამის საფუძველზე ჩნდება აღქმა, რომ „კიევის რუსეთის“ თავად დასახელება, იქ მცხოვრებ ხალხს ავტომატურად ანათესავებს დღევანდელ რუს ხალხთან, ხოლო შემდეგ წარმოქმნილი „მოსკოვის რუსეთი“ («Московская русь») რუსეთის იმპერია და დღევანდელი რუსული სახელმწიფო „კიევის რუსეთის“ მემკვიდრეა.
ამ საკითხის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში სახელმწიფო, ასეთი დასახელებით – „კიევის რუსეთი,“ საერთოდ არ არსებობდა! კიევის მთავრები ძალიან გაოცდებოდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ მათ „სახელმწიფოს“ ასე ერქვა. ტერმინი „კიევის რუსეთი“რუსმა ისტორიკოსებმა მოიგონეს მე-19 საუკუნეში. ერთ-ერთმა პირველმა ეს ტერმინი გამოიყენა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა (1871), ისტორიულ-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და კიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა, მ.ა. მაქსიმოვიჩმა თავის ნაშრომში – „საიდან მოდის რუსული მიწა“ (1837). მან ამ ნაშრომში, კიევის სამთავროს აღსანიშნავად, შემოიტანა დასახელება „Киевская Русь.“ ძალიან მალე, მე-19 საუკუნის რუსმა ისტორიკოსებმა, იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ „დამაჯერებელი არგუმენტი,“ რომ რუსეთის იმპერია კიევის სამთავროს, სხვა აღმოსავლურ-სლავური სამთავროების სამართალმემკვიდრეა და ამით მთელ აღმოსავლეთ სლავურ მიწების რუსეთის მიერ გაკონტროლების ლეგიტიმური საფუძველი შეექმნათ რუსეთის იმპერიის სახელში არსებული ეთნიკურობის აღმნიშვნელი ტერმინი «Русь» ყველა სამეცნიერო ნაშრომში ფაქტობრივად ერთი ხელის მოსმით მიაბეს ძველ აღმოსავლურ სლავურ სამთავროების სახელებს. ასე წარმოიშვა ტერმინები, «Русь Киевская», «Русь Черниговская», «Русь Ростовская или Суздальская», «Русь Московская» და ა. შ. სინამდვილეში. ამ სამთავროებს ასე არასდროს არ რქმევიათ. იყო «Великое княжество Киевская», «Черниговское княжество», «Суздальское княжество» და ა.შ. ამის შემდეგ, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს ტერმინები დაამკვიდრეს სასკოლო სახელმძღვანელოებში, ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში. ფაქტობრივად, ამ გაყალბებული დასახელებებით დაწერილ ისტორიას ასწავლიდნენ თაობებს და ამკვიდრებდნენ მცდარ სტერეოტიპს. პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ „იცის,“ რომ კიევის ძველ სამთავროს ერქვა არა «Великая Княжества Киевская» (ნამდვილი სახელი), არამედ «Киевская Русь». ასეთ „ცოდნაზე“ აღზრდილი საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ბუნებრივი ჩანდა პოსტულატი „ორი რუსეთის“ – „კიევის რუსეთისა“ და თანამედროვე რუსეთში მცხოვრები ხალხების ერთობაზე. ორივე სახელმწიფოს ხომ ერთი ეთნოსის სახელი ერქვა? შესაბამისად, იოლად დასაჯერებელია, რომ მოსკოვის რუსეთი, შემდეგ რუსეთის იმპერია, უბრალოდ, გაგრძელებაა „კიევის რუსეთის,“ მისი სამართალმემკვიდრეა. ამ ყალბი პოსტულატებიდან გამომდინარე, იოლად „დასტურდება” უკრაინელების, ბელორუსებისა და რუსების საერთო წარმომავლობა და დღევანდელი რუსეთის სახელმწიფოს, როგორც „კიევის რუსეთის“ სამართალმემკვიდრის“, ლეგიტიმური პრეტენზია მთელ აღმოსავლურ-სლავურ მიწებზე.
ცნობილია, რომ მოსკოვის სამთავრო, როგორც ოქროს ურდოს ულუსი (ადმინისტრაციული ერთეული), ხან მენგუ-ტიმურმა დააარსა მხოლოდ 1277 წელს (არ აგვერიოს, მოსკოვის, როგორც ქალაქის დაარსებასთან, რაც 1147 წელს მოხდა). მოსკოვის სამთავროს მართავდნენ ოქროს ურდოს მმართველების, ჩინგიზიდების დინასტიის მიერ დანიშნული დიდი ბასკაკები. მოსკოვის სამთავროს (ულუსის) პირველ მმართველს ხანის წესდებაში ბასკაკი ან დარუგა ერქვა და მთავრები მეორე, ან თუნდაც მესამე პირად ითვლებოდნენ. დიდი რუსი ისტორიკოსი კარამზინი, „რუსული სახელმწიფოს ისტორიის“ მეხუთე ტომში აღნიშნავს, რომ „მოსკოვი, თავისი სიდიადით, დავალებულია ოქროს ურდოს ხანებისგან.“ მოსკოვის მთავრები სწორედ ოქროს ურდოდან იღებდნენ თავიანთი მთავრობის დამადასტურებელ მოწმობას -„იარლიყს.“ მათ სწორედ ოქროს ურდოს ჯარის დახმარებით შეძლეს, დაემარცხებინათ იმ დროს მთავარი კონკურენტი – ტვერის სამთავრო. მოსკოვის მმართველმა, ივანე კალიტამ, ოქროს ურდოს მმართველ ხან უზბეკისგან მიიღო დიდი მთავრის „იარლიყი,“ რომლის მეშვეობითაც ის დაწინაურდა, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ სლავურ სამთავროებს შორის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი სამთავრო. XIII საუკუნის ბოლოდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე ამ მიწის ხალხს უცხოელები მოსკოვიტებს (московиты) ეძახდნენ, სახელმწიფოს კი „მოსკოვიას“.
რუსეთის მიერ შექმნილ ყალბ ისტორიულ მითებში სიცხადის შესატანად, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც – როგორ წაართვა მოსკოვმა კიევს მიტროპოლიტის ტახტი და აღმოსავლეთ სლავების მთავარი ქრისტიანული ცენტრის სტატუსი, მას შემდეგ რაც, მოსკოვის მმართველებში დადგა აღმოსავლურ-სლავურ სამთავროებში პირველობისა და მოსკოვის სამთავროს ბატონობის ქვეშ მათი გაერთიანების ლეგიტიმაციის საჭიროება.
მოსკოვის მთავრების მთავარი პრობლემა მუსლიმური ოქროს ურდოს მმართველების მიერ გაცემული მათი მთავრობის დამადასტურებელი მოწმობა – „იარლიყი“ იყო, იმის საპირისპიროდ, რომ დასავლეთ სლავური სამთავროები აღიარებდნენ კიევის მთავრების პირველობას, რომლებიც თავიანთ სამთავრო რეგალიებს მართლმადიდებლობის ცენტრიდან, ერთმორწმუნე ბიზანტიიდან იღებდნენ. კიევშივე იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის რეზიდენცია, რომელიც ემორჩილებოდა პირდაპირ კონსტანტინოპოლს და მართავდა აღმოსავლურ-სლავურ საქრისტიანოს. ამ მხრივ, სლავების თვალში, მოსკოვის მთავრების პრეტენზია პირველობაზე დაუსაბუთებელი ჩანდა. მოსკოვის მთავრებისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ნებისმიერი გზით დაემტკიცებინათ, რომ სწორედ მოსკოვი იყო აღმოსავლეთ სლავების მთავარი სასულიერო ცენტრი, და მას უნდა დამორჩილებოდა ყველა სლავური სამთავრო და ეპარქია. აქ მონღოლების და მათ მიერ შექმნილი მოსკოვის სამთავროს (მათი ულუსის) ინტერესები დაემთხვევა. მონღოლებს არ აწყობდათ აღმოსავლელ სლავთა რელიგიური ცენტრის ძალაუფლება ბიზანტიიდან ხელდასხმულ ლეგიტიმაციაზე მდგარიყო, რაც თავისთავად ცხადია რომ მონღოლების მიერ დაპყრობილ სლავებზე, ქრისტიანული გავლენების შენარჩუნებას ნიშნავდა. შესაბამისად, ოქროს ურდოს ინტერესებში შედიოდა, ყველანაირად შეეწყო ხელი მათ მორჩილებაში მყოფი მოსკოვის მთავრების სურვილისთვის, მოსკოვი გამხდარიყო აღმოსავლეთ სლავური მართლმადიდებლობის ცენტრი. ვინაიდან, ამ შემთხვევაში მათთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა მოსკოვის მთავრების მეშვეობით გაეკონტროლებინათ ქრისტიანული ეკლესია და ის სლავებზე საკუთარი ბატონობის შენარჩუნების მძლავრ ინსტრუმენტად ექციათ. ამიტომ, წამოიწყეს მოსკოვისა და ოქროს ურდოს ერთობლივი ბრძოლა კიევის მიტროპოლიის დასუსტებისა და გაკონტროლებისათვის. მონღოლები ყველანაირად ავიწროებდნენ კიევის პატრიარქს. დასუსტებული კონსტანტინოპოლი კი ვეღარ უზრუნველყოფდა კიევის სამთავროს შესაბამის სამხედრო-პოლიტიკურ დაცვას.
საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კიევის პატრიარქის მთავარი საზრუნავი გახდა ისეთი სლავური სამთავროს მფარველობის მოპოვება, რომელიც დაიცავდა მას მონღოლებისგან და მოაგვარებდა პრობლემებს „ოქროს ურდოსთან.“ 1299 წელს კიევის პატრიარქი იძულებული გახდა, მონღოლების მიერ განადგურებული კიევიდან ვლადიმირში გადასულიყო, რომლის მთავარს ჰქონდა ოქროს ურდოსგან ნაბოძები „დიდი მთავრის“ ტიტულის დამადასტურებელი „იარლიყი.“ ცოტა ხანში კი, როცა მოსკოვის მთავარი, ივანე კალიტა იქცა „ოქროს ურდოს“ მთავარ ფავორიტად, კიევის პატრიარქი მოსკოვში გადავიდა. კიევის პატრიარქის ეს საქციელი ნათლად ადასტურებს, რომ მისი მთავარი ამოცანა იმ მთავართან სიახლოვე, იყო რომელიც მონღოლების მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ დროიდან ერთი საუკუნის მანძილზე (წმინდა მამა სერგეი რადონეჟელის გამოჩენამდე) რუსეთის საპატრიარქო, ერთი მხრივ, ექვემდებარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და მეორე მხრივ, მუსლიმური ოქროს ურდოს სლავური მართლმადიდებელი მოსახლობის მორჩილებაში ყოფნის და მათზე მონღოლების ბატონობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება.
უკრაინაში დარჩენილი გალისიის მიტროპოლია და იქაური მთავრები კი, აგრძელებდნენ ბრძოლას ამ მიწებზე მონღოლების მმართველობის დასრულებისთვის და შესაბამისად, კიევის დიდ სამთავროში სწორედ ანტიმონღოლურმა ძალებმა გაიმარჯვეს. მეტიც, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სლავურმა სამთავროებმა, მოსკოვის სამთავროზე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე გადააგდეს მონღოლური მმართველობა, როდესაც ლიტვის მთავარ ოლგერდთან ერთად, დაამარცხეს მონღოლები მდინარე „ცისფერ წყლებთან“ ბრძოლაში, 1362 წელს.
აღსანიშნავია, რომ 1448 წელს მოსკოვში განთავსებულ კიევის საპატრიარქოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მინიჭებული ავტოკეფალია, ანუ არ შეეძლო თავად აერჩია ეკლესიის მეთაური. მიუხედავად ამისა, მოსკოვის აღმოსავლეთ რუსეთის ეპისკოპოსებისგან შემდგარმა საეკლესიო კრებამ, რომელიც მოიწვია მოსკოვის დიდმა მთავარმა, ვასილი მეორემ 15 დეკემბერს, „სუვერენის ბრძანებით,“ კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანხმობის გარეშე რიაზანის ეპისკოპოსი იონა დააყენა რუსეთის მიტროპოლიტად. ეს მოვლენა ითვლება დამოუკიდებელი მოსკოვის მიტროპოლიის ფაქტობრივი არსებობის დასაწყისად, თუმცა, ამ მოვლენიდან მხოლოდ 150 წლის შემდეგ, 1589 წელს, მოსკოვის მიტროპოლიტებმა მიიღეს პატრიარქალური ღირსებისა და ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება კონსტანტინოპოლის პატრიარქის – იერემია II-ისა და დანარჩენი აღმოსავლეთის პატრიარქების მხრიდან. ეს ფაქტი მოხდა მაშინ, როცა ოსმალებისგან შევიწროებული კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოსკოვში ჩავიდა ფულის სათხოვნად. ის, ერთი მხრივ, დიდი პატივით მიიღეს, მაგრამ, ამავე დროს, წაუყენეს ულტიმატუმი მოსკოვის საპატრიარქოს აღიარების თაობაზე. პატრიარქი, ფაქტობრივად, ნახევარწლიან ტყვეობაში ჰყავდათ და გაუშვეს მხოლოდ მაშინ, როცა იერემია დათანხმდა მოსკოვის მაშინდელი რეალური მთავრის, ბორის გოდუნოვის ყველა მოთხოვნის შესრულებას, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, მოიწვია სობორი და დაამტკიცა მოსკოვის საპატრიარქოს ავტოკეფალია. სწორედ ამგვარი მეთოდების გამოყენებით მიაღწია მოსკოვის საპატრიარქომ ავტოკეფალიას, ხოლო მოსკოვმა აღმოსავლეთ სლავების სასულიერო ცენტრის სტატუსს. კიევის კათედრა კი დარჩა კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში.
ავტოკეფალიისა და აღმოსავლეთ სლავების სასულიერო ცენტრის სტატუსის, შანტაჟის გზით მოპოვების შესახებ ამბის ცოდნას, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ შექმნილი კიდევ ერთი მითის კონტექსტის გასააზრებლად:
მითი #5. „მოსკოვი – მესამე რომი“ და რუსეთის მესიანისტური დანიშნულება, გააერთიანოს მართლმადიდებელი ხალხებით დასახლებული მიწები
ამავე ეპოქაში ყალიბდება მოსკოვში საკუთარი მმართველობის განდიდებისა და მოსკოვის სამთავროს განსაკუთრებულობის მესიანისტური იდეა. რუმა ბერმა, ფილოფეიმ მოსკოვის მთავარ ვასილ III-სადმი მიწერილ წერილებში ჩამოაყალიბა იდეოლოგიური პოსტულატები, რომლის მიხედვითაც, ბიზანტიის დაცემის შემდეგ მოსკოვი გახდა მსოფლიო პოლიტიკური და საეკლესიო ცენტრი. რომისა და კონსტანტინოპოლის (პირველი და მეორე რომი) დაცემას ფილოფეი მათი მხრიდან „ჭეშმარიტი ქრისტიანობის“ ღალატს უკავშირებდა. მოსკოვის სიუზერენები, ამ თეორიის მიხედვით, აღიარებულნი არიან რომის იმპერატორების უშუალო შთამომავლებად და მემკვიდრეებად. „ორი რომი დაეცა, მესამე კი დგას. და მეოთხე არ იქნება.“ ამ თეორიის შედეგად, მოსკოვის მმართველები და მათი სახელმწიფო „ღვთის რჩეულობის“ იდეით აღიჭურვნენ, რის საფუძველზეც მათ საკუთარ თავს მიანიჭეს მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთადერთი დამცველების, მართლმადიდებელი ქრისტიანი ხალხებით დასახლებული მიწების მოსკოვის მფარველობის ქვეშ გაერთიანების ლეგიტიმური უფლება. საუკუნეების განმავლობაში უამრავი სისხლი დაღვარეს მოსკოვის მთავრებმა, შემდეგ კი მეფეებმა და იმპერატორებმა ამ იდეის აღსრულებისთვის.
მოსკოვის მთავრებს ამ მიზნის მიღწევისა და სხვა რუსულ სამთავროებზე თავიანთი პირველობის დასამტკიცებლად სჭირდებოდათ არა მხოლოდ ოქროს ურდოს ლეგიტიმაცია, არამედ, მოსკოვის სამთავროს, მათი მმართველების ბიზანტიისა და კიევის სამთავროს სამართალამემკვიდრეობის ნებისმიერ ფასად დადასტურება.
ამიტომაც, მოსკოვის მთავრები ცდილობდნენ, განემტკიცებინათ მოსკოვის პრეტენზიები არა მხოლოდ კიევის რუსეთის, არამედ ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაზე. ამისათვის იქმნებოდა ლეგენდები მოსკოვის მმართველობის განსაკუთრებულ მისიაზე, რომელიც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი რეგალიებით. როგორც თავად რუსი ისტორიკოსები აღნიშნავენ, ვასილი III-ის მმართველობის შემდეგ რუსული მატიანეები იმგვარად დაარედაქტირეს, რომ ხაზი გაესვათ მისი ძალაუფლების დინასტიური უწყვეტობისათვის და მჭიდრო კავშირებისთვის ბიზანტიასთან და მისი მეშვეობით – ძველ რომთან. ასე შეიქმნა ლეგენდა „მონომახის ქუდზე“ რომელმაც „მოსკოვის სახელმწიფოს ისტორია ორმაგი კვანძით დააკავშირა რომის იმპერიის უძველეს სიდიადესთან“.
„მონომახის ქუდი,“ როგორც რუსეთის დიდი მთავრებისა და მეფეების მთავარი სამეფო რეგალია და რუსული თვითმპყრობელობის სიმბოლო, დღესაც ინახება კრემლის მუზეუმის ოქროს ფონდში. ლეგენდის თანახმად, ქუდი, რომელიც კიევის მთავარს, ვლადიმერ მონომახს აჩუქა მისმა ბაბუამ – ბასილევსმა კონსტანტინე IX-მ, ითვლებოდა ბიზანტიის მიერ კიევის რუსეთისთვის ძალაუფლების გადაცემის სიმბოლოდ. შემდეგ ეს ქუდი თითქოს კიევის სამთავროს მმართველი დინასტიის წარმომადგენლებმა, „რიურიკოვიჩებმა“, მოსკოვის მმართველებს გადასცეს, რაც წარმოჩინდა მოსკოვის მთავრების სამართალმემკვიდრეობის „მტკიცებულებად“ კიევის დიდი სამთავროს ტახტზე. სინამდვილეში, ეს ყველაფერი მოგონილი ლეგენდაა. რუსი ისტორიკოსების (ბორისოვი; ბობროვიცკი) ერთი ვერსიით ე.წ. „მონომახი ქუდი“ არის მოოქროვილი მონღოლურ-ბუხარული ქუდი (ე.წ. შუა აზიური „ტიუბიტეიკა“), რომელიც უზბეკ ხანმა აჩუქა ივან კალიტას (1319-1340). მან კი ეს ქუდი საკუთარი განდიდებისთვის გამოიყენა. სავარაუდოდ, ქუდი თავდაპირველად ქალის ტიუბიტეიკა იყო და ეკუთვნოდა „ოქროს ურდოს“ ხან უზბეკის დას და მოსკოვის მთავარ იური დანილოვიჩის მეუღლეს, კონჩაკას (ნათლობაში აგათიას). მეორე ვერსიით, ეს ქუდი ივანე კალიტამ იყიდა გენუელი ვაჭრებისგან. მესამე ვერსიით კი, მონომახის ქუდი შეიქმნა ვასილი III-ის ბრძანებით 1521-1526 წლებში.
დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბლოგის დანიშნულება არაა, უკრაინულ-რუსული ურთიერთობების ისტორიის ყველა ასპექტის მიმოხილვა. ჩემი ამოცანაა, დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო ის ისტორიული ფატები, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ქმნიდა რუსეთის იმპერია ყალბ ისტორიებს, თითქოს რუსი და უკრაინელი ხალხი ერთი ერია, როგორ იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის მორალურ-რელიგიურ-პოლიტიკური საფუძვლები და რამდენი ასწლეულის შრომა აქვთ ჩადებული რუს იმპერიულ იდეოლოგებს რუსული ექსპანსიონიზმისთვის საფუძვლების შექმნაში. ამ ტექსტში მოყვანილია ფაქტების ნაწილი, დანარჩენი კი, თავად შეგიძლიათ შეაფასოთ.
- 1626 წელს მოსკოვის სინოდმა გასცა ბრძანება უკრაინის ყველა ეკლესიიდან ძველი უკრაინული წიგნების ამოღებისა და მათი მოსკოვის გამოცემებით ჩანაცვლების თაობაზე.
- 1627 წელს რუსეთის მეფე მიხაილ ფედოროვიჩმა, მოსკოვის პატრიარქ ფილარეტის რეკომენდაციით, ბრძანა, დაეწვათ უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის, კირილ ტრანკვილიონ-სტავროვეცკის სასწავლო სახარების ყველა ეგზემპლარი.
- 1677 წელი აღინიშნა უკრაინული წიგნების ცენზურით. შემდეგ მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ გამოსცა ბრძანება, უკრაინული წიგნებიდან ამოეღოთ ის ფურცლები რომლებიც არ იყო „მოსკოვის წიგნების მსგავსი“.
- 1689 – კიევის ლავრას აეკრძალა წიგნების დაბეჭდვა მოსკოვის პატრიარქის ნებართვის გარეშე.
- 1690 – მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ განკარგულებით აკრძალა იმდროინდელი უკრაინული მწერლობა. მოსკოვის სობორმა კი “ანათემას” გადასცა ცნობილი მეცნიერებისა და საეკლესიო მოღვაწეები წიგნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კიევ-მოჰილიოვის სასულიერო აკადემიასთან. საუბარია უკრაინელ მოღვაწეებზე: – პეტრე მოგილაზე, კირილ სტავროვეცკიზე, ლაზარ ბარანოვიჩზე, იოანიკია გალატოვსკიზე და სხვებზე. –
- 1720 წელს პეტრე I-მა გამოსცა ბრძანებულება უკრაინულ ენაზე ბეჭდვის აკრძალვის შესახებ. სტამბების ზედამხედველობის მიზნით დაინიშნა ცენზორი.
- 1729 წელს პეტრე II-მ გასცა ბრძანება, გადაეწერათ ყველა სამთავრობო დებულება და ბრძანება უკრაინულიდან რუსულზე.
- 1763 წელს ეკატერინე II-მ გამოსცა ბრძანებულება კიევ-მოჰილას აკადემიაში უკრაინულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ.
- 1769 წელს მოსკოვის სინოდმა არა მხოლოდ აკრძალა малороссийс-ული (ანუ უკრაინულ) ენის ანბანის გამოქვეყნება, არამედ მოითხოვა უკვე დაბეჭდილი წიგნების ამოღება.
- 1775 წელს, ეკატერინე II-ის ბრძანებით, აიკრძალა უკრაინული სკოლები კაზაკთა სამხედრო დასახლებებში, რის შემდეგაც დაიწყო უკრაინული სოფლების მოსახლეობის რუსიფიკაცია დნეპრის მარცხენა სანაპიროს მიწებზე.
- 1780 – დაწვეს კიევ-მოჰილიოვის აკადემიის ბიბლიოთეკა. ეს იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკა უკრაინაში, სადაც წიგნებს აგროვებდნენ 150 წლის განმავლობაში.
- 1847 წელს დაიხურა „კირილე და მეთოდეს საზოგადოება“. ნიკოლოზ I-ის ბრძანებით აიკრძალა შევჩენკოს, კულიშის, კოსმომაროვის და სხვა უკრაინელ მწერალთა ნაშრომები.
- 1863 წელს გამოიცა რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის, პიოტრ ვალუევის ბრძანება, „Валуевский указ» რომელიც კრძალავდა უკრაინულ ენაზე რელიგიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წიგნების ბეჭდვას. ოფიციალურად ამტკიცებდნენ, რომ უკრაინული „იგივე რუსული ენაა, მხოლოდ პოლონეთის გავლენით გაფუჭებული“. ეს იყო რუსეთის იმპერიის ოფიციალური პოზიცია უკრაინელებთან და მათ ენასთან დაკავშირებით.
- 1876 წელი – იმპერატორმა ალექსანდრე II-მ გამოსცა „ემსკის აქტი“ – კვლავ აიკრძალა უკრაინულ ენაზე ბეჭდვა (თუნდაც სიმღერის ტექსტების), მისი სწავლება დაწყებით სკოლებში, კონცერტების ორგანიზება უკრაინული სიმღერებით ან სპექტაკლებით და უკრაინულ ენაზე დაწერილი წიგნების შემოტანა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე.
- 1881 წელს აკრძალული იყო უკრაინულ ენაზე სწავლება და საეკლესიო ქადაგება.
- 1914 წელი – მეფის ხელისუფლებამ აკრძალა ტარას შევჩენკოს 100 წლის იუბილეს აღნიშვნა. ნიკოლოზ II-მ გამოსცა ბრძანება უკრაინული პრესის აკრძალვის შესახებ.
- 1914 – პოლტავას გუბერნატორმა, ალექსანდრე ბაგოუტმა, რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი მიწერილ წერილში მოუწოდა ხელისუფლებას, „უკრაინელები არ აიყვანონ მასწავლებლებად; მოახდინონ ზეწოლა უკრაინელ მღვდლებზე; შეადგინონ „მალოროსი ხალხის ისტორია, რომელშიც განვმარტავთ, რომ უკრაინა იყო სახელმწიფოს „განაპირა“ რეგიონი წარსულში“; აღმოიფხვრას სახელების, „უკრაინა“ და „უკრაინულის“ გამოყენება და ა.შ.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუკი არაფერი უკრაინული არ არსებობდა, არც ენა, არც ერი, არ სახელმწიფო, არც მეცნიერები, მაშინ რას ებრძოდა რუსული იმპერიული მანქანა ასეთი გაშმაგებით?
ირაკლი მელაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი