ჩინეთის მიმართ ხისტი პოლიტიკით გამორჩეული მარკო რუბიო აშშ-ს სახელმწიფო მდივნად დასახელდა

დონალდ ტრამპმა ჩინეთის მიმართ სიმკაცრით გამორჩეული მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნად წარადგინა. Reuters-ის მიხედვით ეს პეკინისთვის მინიშნებაა რომ ჩინეთთან მიმართებით ახალი ადმინისტრაციის ხისტი პოლიტიკა შესაძლოა გასცდეს ტარიფების და მოიცვას უფრო მკაცრი ინსტრუმენტები. 

მოსალოდნელია, რომ რუბიოს კანდიდატურას სენატი მხარს ადვილად დაუჭერს. რუბიოს სენატში მაღალი თანამდებობები უჭირავს საგარეო ურთიერთობათა და დაზვერვის კომიტეტებში.

რუბიო, რომელიც სენატის ბიოგრაფიაში აღწერილია, როგორც „წამყვანი პირი ჩინეთთან ურთიერთობების რებალანსირების საკითხში“, ჩინეთის ეკონომიკური პრაქტიკის წამყვანი კრიტიკოსია. ჩინური მედია მას ხშირად “ანტი-ჩინეთის პიონერად” მოიხსენიებს. ჩინეთის ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ თავის ბოლო ანგარიშში, რუბიო წერს, რომ „ქურდობის, ბაზრის დამმახინჯებელი სუბსიდიების და სტრატეგიული დაგეგმვის გზით, პეკინი ახლა ლიდერობს ბევრ ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც 21-ე საუკუნეში გეოპოლიტიკურ უპირატესოაბს განსაზღვრავს“. 

დევიდ ფაირსტეინი, ჩინეთის საკითხებში გამოცდილი ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ამბობს: “რუბიოს გულით სჯერა, რომ ჩინეთი შეერთებული შტატების მტერია”. ფაირსტეინის აზრით, „ეს რწმენა განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც გააკეთებს ჩინეთის მიმართულებით“. 

ჩინეთთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც რუბიო ყურადღებას ამახვილებს, არის სახალხო რესპუბლიკაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა. იგი უიღურების იძულებითი შრომის პრევენციის აქტის (The Uyghur Forced Labor Prevention Act) ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. აქტი ითვალისწინებდა აშშ-ში ჩინური პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, ჩინეთში მუსლიმი უმცირესობების უფლებების დარღვევის საპასუხოდ. სწორედ უიღურებთან დაკავშირებული ღია პოზიცია იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩინეთმა რუბიო 2020 წელს დაასანქცირა. 

საინტერესოა, რომ რუბიო პეკინის მხრიდან ორჯერ იყო სანქციების სამიზნე. 2020 წელს სახალხო რესპუბლიკამ რუბიოს, ჰონგ კონგის დემონსტრაციების მხარდაჭერის გამო, სანქციები დაუწესა. რუბიო იქნება აშშ-ს პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელიც ექვემდებარება აქტიურ სამოგზაურო შეზღუდვებს ჩინეთის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ რუბიო, თავის მხრივ, ითხოვდა აშშ-ს სავიზო სანქციებს ჩინელი ოფიციალური პირების მიმართ. 2023 წელს რუბიო მოუწოდებდა სახელმწიფო დეპარტამენტს აეკრძალა აშშ-ს მიერ სანქცირებული ჰონგ კონგის აღმასრულებელი ლიდერის, ჯონ ლისთვის სან ფრანცისკოში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (Asia-Pacific Economic Cooperatian Summit) სამიტზე დასასწრებად ჩასვლა. 

საყურადღებოა, რომ გასული წლების განმავლობაში, რუბიო ჩინეთს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევდა. იგი იყო ერთ-ერთი წამყვანი პირი ჩინური ბატარეების კომპანია, CATL-ის შავ სიაში შეყვანის მცდელობაში. რუბიო მხარს უჭერდა ჩინეთში ინვესტიციების მქონე ამერიკული კომპანიებისთავის საგადასახადო ბენეფიტების შეზღუდვას და ამერიკული ტექნოლოგიების ჩინეთში ექსპორტირებაზე შეზღუდვების გამკაცრებას. 

საინტერესოა, რომ რუბიო ჩინეთს ადანაშაულებდა უკრაინის კონფლიქტის ხელშეწყობაში, რადგან რუსეთის თავდასხმას თვლიდა ჩინური სტრატეგიის ნაწილად, რომელიც არსებული მსოფლიო წესრიგის “მოსკოვ-პეკინის ღერძით” ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. ამიტომ, ის მხარს უჭერდა ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ჩინეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის შემცირებას ითვალისწინებდა. 

ტრამპის დასახელებული სახელმწიფო მდივნის მტკიცე მხარდაჭერა ტაივანის მიმართ შესაძლოა განსაკუთრებით არასასიამოვნო იყოს პეკინისთვის. რუბიო მხარს უჭერდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და შეუზღუდავ ურთიერთობებს აშშ-სა და ტაივანის ოფიციალურ პირებს შორის. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტაივანი ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-სგან უფრო მეტ იარაღს შეისყიდის, ვიდრე აქამდე და რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტისგან სავარაუდოდ ხელსაყრელ პირობებსაც მიიღებს. 

ჩინეთის საელჩოს ვაშინგტონში არ გაუკეთებია კომენტარი რუბიოს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასახელებაზე. ამასთან, საელჩოს სპიკერმა ლიუ პენგიუმ იმედი გამოთქვა, რომ პეკინი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთობების განვითარებას “სტაბილური, ჯანსაღი და მდგრადი მიმართულებით”.

Scroll to Top