სი ძინპინის დიპლომატიური ტური სამხრეთ ამერიკაში

14 ნოემბერს ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი სამხრეთ ამერიკაში ცხრა დღიან დიპლომატიურ ტურზე გაემგზავრა, რომელიც, ანალიტიკოსების მიხედვით, ამ რეგიონში ქვეყნის გავლენის გაზრდას ემსახურება. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, სი ძინპინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო და აშშ-ს მოქმედ პრეზიდეტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა. 

პრეზიდენტებს შორის საუბრის მთავარი თემა ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საკითხი იყო. სი ძინპინის განცხადებით, მისი მიზანი, რომელიც ამერიკასა და ჩინეთს შორის „სტაბილური, ჯანსაღი და მდგრადი“ ურთიერთობის შენარჩუნებას გულისხმობს, უცვლელი რჩება და პეკინი მზადაა იმუშაოს აშშ-ს ახალ მთავრობასთან ერთად – შეინარჩუნოს კომუნიკაცია და გააღრმაოს თანამშრომლობა. 

გარდა ამისა, განხილვის მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა კიბერუსაფრთხოება, ვაჭრობა, ტაივანისა და რუსეთის საკითხები. ქვეყნების პირველი პირები შეთანხმდენ ატომური იარაღების მართვაზე და განაცხადეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებები ადამიანები უნდა იყვნენ და არა ხელოვნური ინტელექტი. დამატებით, სი ძინპინმა და ბაიდენმა გამოხატეს უკმაყოფილება ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ურთიერთობის განვითარებასა და ჩრდილოეთ კორეის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. 

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩინეთს თავისი გავლენის გამოყენებისკენ და ამ გზით, მომავალში ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკრაინაში გაგზავნით გამოწვეული ესკალაციის პრევენციისკენ მოუწოდა. ლიდერებს შორის მკაცრი საუბარი შედგა ტაივანის საკითხზე – ბაიდენმა პეკინს კუნძულის გარშემო სამხედრო აქტივობების შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა სი ძინპინმა, აღნიშნულის მიზეზად ტაივანის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სეპარატისტების ქმედებები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სი ძინპინის სამხრეთ ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი საკვანძო მიზეზი პერუში ჩინეთის მიერ დაფინანსებული პორტის გახსნაა. აღნიშნული პორტი იქნება უდიდესი ღრმაწყლოვანი პორტი სამხრეთ ამერიკაში და გაცილებით შეამცირებს ტრასპორტირებისთვის საჭირო დროს აღნიშულ რეგიონსა და ჩინეთს შორის. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში, პორტის შესახებ საუბარი შედგა პერუს რესპუბლიკის ელჩთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც. ელჩის მიხედვით, პერუს „ახალი, უმსხვილესი პორტი“, რომელიც სამხრეთ ამერიკასა და აზიას დააკავშირებს, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისათვის. 

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკისა და ჩინეთისთვის პორტის გახსნა ეკონომიკურად მომგებიანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პეკინს აქვს გამოწვევები როგორც ევროპასთან ვაჭრობის საკითხზე, ისე დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, აშშ მიიჩნევს, რომ ჩინეთმა შესაძლოა პორტი დაზვერვითი სამუშაოებისთვის გამოიყენოს. 

გარდა ამისა, ამ რეგიონში ამერიკის ერთ-ერთმა მთავარმა დიპლომატმა, ბრაიან ნიკოლსმა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და მათ მოსახლეობას ჩინურ ინვესტიციებთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდა. ჩინეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა გამოცემამ, Global Times-მა გამოაქვეყნა სტატია პორტის პრაქტიკული გამოყენების შესახებ და განაცხადა, რომ ის არ წარმოადგენს „იარაღს გეოპოლიტიკური შეჯიბრებისთვის“, ხოლო პორტის შესაძლო სამხედრო გამოყენების შესახებ განცხადებებს, გამოცემა რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართულს უწოდებს.

Scroll to Top