მედვედევი ჩინელ ლიდერებთან დისკუსიების გასამართად პეკინს ეწვია

10 დეკემბერს რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსანი დიმიტრი მედვედევი ორდღიანი ვიზიტით პეკინში ჩავიდა, ჩინელ ლიდერებთან დისკუსიის გასამართად. ამის შესახებ იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

მედვედევი, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ჩინეთს მოსკოვსა და პეკინს შორის მზარდი ურთიერთობების ფარგლებში სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანამ აიღო ვალდებულება გააძლიეროს პარტნიორობა “ლიმიტების გარეშე“, რომელზეც 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შეთანხმდნენ..

ოქტომბერში პეკინს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვიც ეწვია. ორივე მხარემ შეხვედრები შეაფასა, როგორც “არსებით”  საკითხებზე ორიენტირებული. მხარეების შეფასებით, თავდაცვასა და სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით წარმოებული  დისკუსიები მიმართული იყო  ორმხრივი კავშირების გაღრმავებისკენ.

მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინაში მოსკოვის ქმედებების ერთ-ერთი ყველაზე ღია დამცველია. გასულ თვეში, მან გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ სერიოზულად მიუდგეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ რუსულ სამხედრო დოქტრინაში განხორციელებულ ცვლილებას, რაც  უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური რაკეტების გამოყენებამ გამოიწვია.

 

Scroll to Top