CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION საქართველოში ანგარიში N7

სამოქალაქო იდეას China Watch-ის მეშვიდე ანგარიში ეხება ჩინეთის ხიდებისა და გზების კორპორაციის (China Road and Bridge Corporation) საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაცდომებს საქართველოში, კანონის დარღვევით მოგებულ ტენდერებს, შრომითი უფლებების დარღვევებსა და სკანდალურ პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ორი უმსხვილესი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს და სხვა საქართველოში არსებული ჩინური კომპანიების მსგავსად, ისიც 2009 წელს, ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამის (NRIMP 1) პირველი ფაზის ტენდერში გამოვლენილი თაღლითური საქმიანობის გამო მსოფლიო ბანკმა შავ სიაში შეიყვანა. მას რვა წლით აეკრძალა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობა.
საქართველოში ჩინური კომპანიის გადაცდომები ძირითადად უკავშირდება შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას. კერძოდ, China Road and Bridge Corporation სამუშაო ადგილზე არ იცავდა მინიმალურ სანიტარულ ნორმებს, დასაქმებულებს აიძულებდნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს და რაც ყველაზე მთავარია, ტერიტორიაზე არ იყო შექმნილი შრომის უსაფრთხოების პირობები, რამაც ადგილობრივი მუშების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. შრომის ინსპექციამ „China Road and Bridge Corporation“-ს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია მისცა და რეალურად, კომპანიის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქცია არ განხორციელებულა. China Road and Bridge Corporation-ის სადავო საქმიანობა ასევე შეინიშნება კენიაში, უგანდაში, ყირგიზეთში, ხორვატიასა და უკრაინაში. თუმცა, მიუხედავად სხვა ქვეყნებში არსებული გადაცდომებისა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან და მათთან ახალ კონტრაქტებს აფორმებს.

ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ?

Annual-Report-GEO-1

Scroll to Top