12 თებერვალს, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელიც, CNN-ის ინფორმაციით, ირიბად ეხება ჩინეთის სამხედრო სტრუქტურებში მოქმედ პირებს.
ჩინურ ენაზე გამოქვეყნებული ვიდეო მოგვითხრობს გამოგონილი საშუალო რანგის სამხედრო ოფიცრის შესახებ, რომელიც კრიტიკულად აფასებს ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ გარემოს, კორუფციასა და იერარქიულ მმართველობას და დგას გადაწყვეტილების წინაშე, დაამყაროს კონტაქტი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან.
პერსონაჟის არჩევანს CIA-ის წარმომადგენელი CNN-თან საუბრისას ასე განმარტავს: ,,იგი იღებს რთულ გადაწყვეტილებას, დარჩეს თავისი ღირებულებების ერთგული და ოჯახისთვის უკეთესი გზა შექმნას CIA-სთან დაკავშირების გზით’’.
ამავე ვიდეოში CIA ხაზგასმით მოუწოდებს იმ პირებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ინფორმაცია ან პროფესიული წვდომა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებზე, გამოიყენონ სააგენტოს მიერ შექმნილი უსაფრთხო და ანონიმური საკომუნიკაციო არხები, რათა მათთან კონტაქტი დაცულად და ანონიმურად მოხდეს.
CNN-ის შეფასებით, ვიდეო არ შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს, თუმცა აშკარად ასახავს აშშ-ის დაზვერვის ინტერესს ჩინეთის სამხედრო და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინფორმაციის მოპოვების მიმართულებით.
CIA ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი საინფორმაციო კამპანიები მისი გლობალური სადაზვერვო სტრატეგიის ნაწილია. ამასთან დაკავშირებით, 13 თებერვლის მდგომარეობით, ჩინეთის ოფიციალურ უწყებებს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. South China Morning Post პეკინის მსგავს ქმედებებს შიდა საქმეებში ჩარევად და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებად აფასებს.
გამოცემების შეფასებით, ინიციატივის დროითი კონტექსტი ჩინეთში მიმდინარე საკადრო ცვლილებებსა და სამხედრო ელიტის მიმართ გაძლიერებულ კონტროლს უკავშირდება და კიდევ ერთხელ ასახავს აშშ-სა და ჩინეთს შორის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში არსებულ ხანგრძლივ და მაღალი ინტენსივობის დაძაბულობას.
ავტორი: მარიამ სიმსივე




