ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მშენებლობაში “უფრო დიდი როლი” უნდა ითამაშოს. ეს მოსაზრება რამდენჯერმე გაჟღერდა პეკინში, სადაც არაბული ქვეყნების 20-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენელი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, არაბმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოხატეს რეგიონში გაჩაღებული მწვავე შეიარაღებული კონფლიქტების გამო. არაბმა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მოლოდინს, რომ ჩინეთი დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს.
ვანგ იიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთი ეკუთვნის ადგილობრივ მოსახლეობას და ეს რეგიონი დიდი სახელმწიფოების “ძალაუფლების თამაშების” სცენად არ უნდა იქცეს. ვანგმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთი გეოპოლიტიკური მეტოქეობის მსხვერპლი არ უნდა გახდეს.
პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს მოუწოდა “ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტისკენ”. ასევე ისაუბრა ღაზადან ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე და მხარი დაუჭირა “ორი სახელმწიფოს” მოდელს.
სირიაზე საუბრისას, ვანგმა მოუწოდა ყველა მხარეს იმოქმედონ ქვეყნისა და მისი ხალხის გრძელვადიანი ინტერესების შესაბამისად და წარმართონ ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ტერორიზმის აღორძინების თავიდან ასაცილებლად.
აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად სირიაში 2000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ეს რაოდენობა ორჯერ მეტია ადრე ოფიციალურად დაფიქსირებულ რაოდენობაზე. სირიაში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნის ფონზე, გრძელდება ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზაზე, სირიასა და იემენზე.
სამშაბათს ჩინეთმა სირიის ახალი მთავრობა გააფრთხილა არ იმოქმედონ ტერორიზმის მხარდასაჭერად. ეს გაფრთხილება სირიაში დაფუძნებული ისლამური პარამილიტარისტული ჯგუფის “თურქისთანის ისლამური პარტიის” (Turkistan Islamic Party) გზავნილს მოჰყვა. დაჯგუფებამ ჩინეთის სინძიანის რეგიონის მუსლიმებს მოუწოდა ჩინეთში “წმინდა ომის”, ჯიჰადის წამოწყებისკენ. მეორე მხრივ, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, მეამბოხეების ლიდერმა, აჰმედ ალ-შარამ BBC-ის განუცხადა, რომ ქვეყანა დაღლილია ომით და მეზობლებსა და დასავლეთს საფრთხეს არ უქმნის.
მანამდე, ჩინეთმა ხაზი გაუსვა ლიბანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას. სექტემბერში ვანგმა დაგმო ისრაელის ძალების მიერ განხორციელებული „განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“. ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების სამიზნე პარამილიტარისტული დაჯგუფება ჰეზბოლა უნდა ყოფილიყო. „ჩვენ ყოველთვის დავდგებით სამართლიანობისა და ჩვენი არაბი ძმების, მათ შორის ლიბანის მხარეზე“, განუცხადა ვანგმა ლიბანელ კოლეგას ნიუ-იორკში გაერო-ს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე.
„ჩინეთი და არაბული ქვეყნები კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე იდეალებს და ერთად მუშაობენ განვითარებისთვის“, – თქვა ვანგმა და დასძინა, რომ ჩინეთი გააგრძელებს არაბული ქვეყნების მხარდაჭერას დამოუკიდებლობისა და ერთიანობის მიღწევაში. მან პირობა დადო, რომ შეეცდება მშვიდობიანი და სტაბილური ახლო აღმოსავლეთის შექმნას.
ამ მოვლენების ფონზე,, მნიშვნელოვანია ჩინეთ-ისრაელის წარსულ თანამშრომლობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ორი ქვეყნის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა 2017 წელს, „ინოვაციური ყოვლისმომცველი პარტნიორობის“ დოკუმენტის ხელმოწერით, რითაც ჩინეთი ისრაელის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად იქცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ჩინეთ-ისრაელის ურთიერთობას “ქორწინება სამოთხეში”-ც კი უწოდა.
ფინანსური საკითხები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შენარჩუნების ძლიერ ფაქტორად რჩება. ისრაელს მიმდინარე ომმა დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა, რაც ქვეყნის მშპ-სა და საკრედიტო რეიტინგს შეეხო. ჩინეთი, ისრაელისთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი (7 ოქტომბრამდე), კვლავაც არსებითად მნიშვნელოვანი რჩება ისრაელის ეკონომიკისთვის.
ისრაელის მიმართ ჩინეთის ცვალებადი დამოკიდებულების ფონზე, კერძო სექტორის ლიდერებმა ისრაელში მხარი დაუჭირეს პეკინთან მიმართებით რიგ ნაბიჯებს, მათ შორის, მაგალითად, ინიციატივას, რომ აიკრძალოს ან დროებით შეჩერდეს ჩინური კომპანიების ოპერირება ისრაელის პორტებში.
მიუხედავად დაძაბულობისა, არსებობს ურთიერთობების დარეგულირების მცდელობები. 2024 წლის 14 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელ კაცს ესაუბრა. სატელეფონო ზარი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით განხორციელდა. კაცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთთან ურთიერთობების განვითარება ისრაელის გრძელვადიანი პოლიტიკაა და ემსახურება ორივე ერის ინტერესებს. მან ასევე გაიმეორა ისრაელის მთავრობის თანმიმდევრული პოზიცია ტაივანის საკითხთან დაკავშირებით. ვანგ იიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ისრაელთან მიმართებით სტაბილური პოლიტიკის ერთგულია და მზად არის განაახლოს ყოვლისმომცველი ურთიერთობები, როგორც კი სიტუაცია გაუმჯობესდება.