აფხაზური ბანკნოტი ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე

🚨 აფხაზური ბანკნოტი ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე 2025 წლის ივნისში, ჰონგ-კონგში გამართულ „საერთაშორისო ნუმიზმატიკის გამოფენაზე ოფიციალურად იქნა წარდგენილი ე.წ. „აფხაზეთის ბანკის მიერ გამოშვებული 50 აფსარის ახალი ბანკნოტი. ეს ამბავი აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, ბესლან ბარათელიამ, საკუთარ FaceBook გვერდზე გამოაქვეყნა. მან ახალი კუპიურა საკოლექციო ღირებულების მქონე საგნის გარდა წარადგინა, როგორც: „აფხაზეთის ეროვნული ვალუტა“. 

“ბოლო რამდენიმე წელია, კოლექციონერების საერთაშორისო სივრცეში აფხაზეთმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა თავისი ახალი, თანამედროვე ბანკნოტებით. ხოლო, ქვეყნის ვალუტა, აფსარი, სულ უფრო პოპულარული ხდება,” – წერს ბარათელია. 

ჰონგ-კონგის საერთაშორისო ნუმიზმატიკური გამოფენა (HKINF / 香港國際錢幣展銷) ფუნქციონირებს ჰონგ კონგის ადმინისტრაციულ ჩარჩოში, რომელიც კონტროლდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ. იგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთის მსხვილ მწარმოებელ-კოლექციონერებზე. ექსპოზიციის ყველაზე მსხვილი სპონსორები ჩინეთის სახალხო ბანკის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო კომპანიები გახლავთ, მაგ.: China Great Wall Coins Investment Ltd.; Zhaoonline.com, და სხვ. 

უპირველეს ყოვლისა, ის ფაქტი, რომ აფხაზური კუპიურის ოფიციალური წარმდგენი საერთაშორისო ნუმიზმატიკურ გამოფენაზე გახლდათ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „ეროვნული ბანკი“ ჩანასახშივე პრობლემატურია. ჰონგ-კონგის აუქციონს ყოველწლიურად ესწრებიან დარგის წამყვანი დილერები და ავტორიტეტული სერტიფიცირების საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო სივრცეში ასეთი ბანკნოტის „ოფიციალურ ეროვნულ ვალუტად“ წარდგენის დაშვება, განსაკუთრებით, პეკინის კონტროლქვეშ მყოფ ჰონგ-კონგის მიერ, წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს და ხელს უწყობს რუსეთის ოკუპაციის ნორმალიზებას. ცნობისთვის, აფსარის ვალუტად შემოღება, ეკონომიკურთან ერთად, უკვე დიდი ხანია, მწვავე შიდაპოლიტიკური უთანხმოების საგანიცაა. 

რაში მდგომარეობს აფსარის პრობლემატურობა?

 2024 წელს აფხაზეთში წამოიჭრა ინიციატივა ე.წ. ეროვნული ვალუტის, აფსარის რეალურად მიმოქცევაში შემოღებაზე. აფხაზეთის მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, იდეას უწოდა „იდეოლოგიური და პროვოკაციული დივერსია“ და გასცა გაფრთხილება, რომ ეროვნული ვალუტის შემოღება რესპუბლიკას „10–15 საათში დაანგრევს“, რადგან „აფსარს არავინ აღიარებს, და აფხაზეთის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე“ (ექსპორტი – 7.3 მლრდ რუბლი, იმპორტი – 42 მლრდ რუბლი, 2023 წლის მონაცემებით).

აფსარი – კუპიურა და მონეტები

ბჟანიას შიშებს ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივი ეკონომისტები, რომლებიც დღემდე ამტკიცებენ, რომ რუბლის ხელოვნური დეფიციტი რუსეთის მიერ მიზანმიმართულად იქმნება, რათა აფხაზეთის ყველა სტრატეგიული რესურსი რუსულმა კაპიტალმა შეიძინოს. ეკონომისტ ახრა არისტავას თქმით, აფსარის შემოღება არა დივერსია, არამედ ერთადერთი რეალისტური გამოსავალია, რათა მოსახლეობამ წვდომა იქონიოს ადგილობრივ საკრედიტო რესურსებზე და შემოსავლების ზრდაზე და არ დაკარგოს სუვერენობის ნარჩენებიც: “თუკი  რუსეთი არ გვაძლევს საკრედიტო რესურსებს, რათა აფხაზეთის მოქალაქეებმა შექმნან საწარმოები, ააწყონ წარმოება, ივაჭრონ, განავითარონ ეკონომიკა, მაშინ ეროვნული ვალუტის შემოღების გარდა სხვა გზა არ გვაქვს და ჩვენ ამას გავაკეთებთ.” მისივე განცხადებით, აფსარი ოფიციალურად ფულადი ერთეულია 2008 წლიდან და 2018 წელს მიმოქცევაშიც შევიდა 500 მილიონი აფსარის ოდენობით — თუმცა არანაირი ეკონომიკური კატასტროფა არ მოჰყოლია. 

„აფსარის“ წინააღმდეგ ბჟანიას უკიდურესად მკაცრი რიტორიკა და ისტორიული მაგალითები (ამ კონტექსტში ის ხშირად იხსენებდა ყარაბაღის მაგალითს, როდესაც 30-ზე მეტი წლის შემდეგ „რესპუბლიკამ“ შეწყვიტა არსებობა) კრიტიკოსების შეფასებით რეალურად ასახავს შიშს არა ეკონომიკური, არამედ – პოლიტიკური სუვერენიტეტის „ზედმეტად“ გაძლიერების წინაშე. აფსარის შემოღება რომ რუსეთს გააღიზიანებს, ამაზე ასლან ბჟანიამ პირდაპირ მიანიშნა, როცა დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას, სიტყვები გაიხსენა: „ჩვენი აფხაზური სახელმწიფოს არსებობის საფუძველს წარმოადგენს ორი ძალა – აფხაზი ხალხის ნება და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა“. 

2025 წლის 1 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „არჩეულ“ ბადრა გუნბას — მოსკოვის ფავორიტ კანდიდატსა და ბჟანიას პოლიტიკურ მემკვიდრეს — საჯაროდ არ დაუფიქსირებია რაიმე პოზიცია აფსართან დაკავშირებით. თუმცა, რუსეთზე მჭიდროდ დამოკიდებულების შესახებ მისი მკვეთრი პოზიციიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ის აფხაზური ვალუტის შემოღებას დაუპირისპირდება, თუკი საქმე, რაიმე თვალსაზრისით, რუბლისადმი საზიანოდ წავა. 

ვალუტასთან დაკავშირებული შიდა კონფლიქტის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ აფხაზეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა, ხოლო მისი ე.წ. ვალუტა — იურიდიულად არაღიარებული.

რატომ არის ჰონგ-კონგის გამოფენაზე აფსარის „ოფიციალური ვალუტის“ სტატუსით დაშვება მავნებლობა? 

აფსარი რუბლისგან დამოუკიდებლად არ არსებობს და მისი არსებობა თეორიულადაც კი მეტად რთული წარმოსადგენია, რადგან რუბლზე ფიქსირებულადაა მიბმული (1 აფსარი = 10 რუბლი). გარდა იმისა, რომ აფსარს, როგორც ვალუტას, არანაირი საერთაშორისო აღიარება არ გააჩნია, მისი ფაქტობრივი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში უკიდურესად შეზღუდულია – აფხაზეთის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ტრანზაქცია ხორციელდება რუსული რუბლით, ხოლო აფსარი, ძირითადად, გაიცემა საიუბილეო ან სიმბოლურ შემთხვევებში. 

ასეთი ბანკნოტის პრესტიჟულ საერთაშორისო სივრცეში „ოფიციალურ ეროვნულ ვალუტად“ წარდგენა, განსაკუთრებით, პეკინის კონტროლქვეშ მყოფ ჰონგ-კონგში, წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს და ხელს უწყობს რუსეთის ოკუპაციის ნორმალიზებას. 

ჩინეთის მზარდი პოლიტიკური გავლენა საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე სულ უფრო მეტად თავსდება რუსეთის რეგიონულ დღის წესრიგთან. გვახსოვდეს, რომ მიუხედავად საქართველოსთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისა, პეკინი კვლავ უარს აცხადებს გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერაზე, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალში იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო დაბრუნებას ითვალისწინებს — რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩინეთის მხრიდან დეკლარირებულ „ნეიტრალურ“ პოზიციას. 

ჰონგ-კონგის გამოფენაზე „აფხაზური ვალუტის“ გატანა არ გახლავთ მხოლოდ საკოლექციო და კულტურული ღირებულების მოვლენა. ეს საკითხი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩინეთის რეალურ მიზნებს საქართველოს ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაციის პროცესში.

Scroll to Top