დღეს, 19 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების 170 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ჩინურ სოციალურ პლატფორმაზე, ტიკ-ტოკზე წვდომა დაკარგა. 18 იანვარს აპლიკაციამ მომხმარებლებს შეატყობინა, რომ ახალი კანონის შესაბამისად, ისინი ტიკ-ტოკს ვეღარ გამოიყენებდნენ.
2024 წლის აპრილში ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა აქტი – „ამერიკელთა დაცვა უცხო მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებადი აპლიკაციებისგან“. აქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოების მიერ მართვადი ისეთი აპლიკაციები, როგორიც ტიკ-ტოკი ან რომელიმე მისი პოტენციური ჩამნაცვლებელია, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, ამერიკის ფარგლებში მსგავსი აპლიკაციების ფუნქციონირებისთვის საჭირო სერვისების მიწოდება უნდა აკრძალულიყო.
24 აპრილს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის მიერ მიღებულ აღნიშნულ კანონპროექტს მოაწერა ხელი. კანონის თანახმად, ტიკ-ტოკის მფლობელ კომპანიას, ByteDance-ს მიეცა 270 დღე სოციალური პლატფორმის ამერიკული კომპანიისთვის გასაყიდად. თუ კომპანია აღნიშნულ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, ტიკ-ტოკი ამერიკული აპლიკაციების მაღაზიებზე აიკრძალებოდა.
კანონის საპასუხოდ, შოუ ზი ჩიუმ, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი იყო არაკონსტიტუციური და თვით ამერიკელი მომხმარებლების უფლებებს ზღუდავდა. შედეგად, კომპანიამ ამერიკულ სასამართლოში კანონის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
19 იანვარს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული კანონი არ მოდიოდა წინააღმდეგობაში ამერიკის კონსტიტუციის გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოცემულობასთან. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა კონგრესის პოზიცია, რომ ტიკტოკი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ტიკ-ტოკის ამერიკული მფლობელის, tiktok inc.’s-ის დედობილი კომპანია ByteDance Ltd. ოპერირებს ჩინეთში. აღნიშნული კომპანია კი, აკონტროლებს და ავითარებს აპლიკაციის ალგორითმს. გარდა ამისა, ეს კომპანია ექვემდებარება ჩინეთის ეროვნული დაზვერვის კანონს, რომლის მე-7 მუხლის თანახმად:
“ყველა ორგანიზაციამ და მოქალაქემ კანონის შესაბამისად მხარი უნდა დაუჭიროს, დაეხმაროს და ითანამშრომლოს ეროვნულ სადაზვერვო საქმიანობასთან და დაიცვას ეროვნული სადაზვერვო საქმიანობის ის საიდუმლოებები, რომელთა შესახებაც მას აქვთ ინფორმაცია.”
ამდენად, ეროვნული დაზვერვის კანონის შესაბამისად, ByteDance Ltd. ვალდებულია ითანამშრომლოს ჩინეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურთან. ამიტომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა აღნიშნულმა კომპანიამ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები გადასცეს ჩინეთის სამთავრობო უწყებებს. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ ტიკ-ტოკმა ამერიკაში გავრცელებული კონტენტი პეკინის ინტერესების შესაბამისად წარმართოს. ეს კი, უზენაესი სასამართლოს მიხედვით, საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის.
მართლაც, საერთაშორისო გამოცდილება მოწმობს, რომ ტიკტოკი სახელმწიფოს ჩინური გავლენების მიმართ მოწყვალდს ხდის. 17 დეკემბერს, ევროკომისიამ ტიკ-ტოკის წინააღმდეგ წამოიწყო ოფიციალური პროცედურები. განცხადების თანახმად, ტიკ-ტოკს ბრალი ედება ციფრული სერვისების აქტის დარღვევაში. კერძოდ კი, პლატფორმა ეჭვმიტანილია 24 ნოემბერს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში.
18 იანვარს ტიკ-ტოკის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კომპანია მოხარულია, რომ პრეზიდენტი ტრამპი, თანამდებობის დაკავების შემდეგ, გამოსავლის მოსაძებნად კომპანიასთან ითანამშრომლებს. მართლაც, პრეზიდენტ ტრამპს აქვს უფლებამოსილება კანონის იმპლემენტაცია 90 დღით გადაავადოს, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაშიც კანონის მოთხოვნა უცვლელია: ნებისმიერ შემთხვევაში, კანონი მოითხოვს, რომ პლატფორმა ამერიკული კომპანიის მფლობელობაში გადავიდეს.