აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ტრამპი-სი ძინპინის შეხვედრამდე

აშშ-ისა და ჩინეთის ოფიციალური პირები პარიზში ორშაბათს, 16 მარტს, შეხვდნენ. მოლაპარაკებებს აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესეტი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ჰე ლიფენი ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრის მიზანი სავაჭრო და სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე შეთანხმება იყო, რაც თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შესაძლო სამიტისთვის ნიადაგს მოამზადებდა.

მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო ჩინეთის მიერ ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის სოიოს, შესყიდვების გაზრდა, ასევე სავაჭრო დაძაბულობის მართვის მიზნით ახალი მექანიზმების შექმნა. Reuters-ის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს „ვაჭრობისა” და „საინვესტიციო” საბჭოების შექმნა სექტორული საკითხების მოსაწესრიგებლად.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე სტრატეგიული მიწოდების ჯაჭვების საკითხიც განიხილეს. Reuters-ის ცნობით, ამერიკულმა მხარემ ჩინური კრიტიკული მინერალების, მათ შორის ავიაკოსმოსურ წარმოებაში გამოყენებული იტრიუმის, მიწოდებაზე წვდომის საკითხი დააყენა, პარალელურად კი პეკინს მოუწოდა, გაზარდოს Boeing-ის თვითმფრინავებისა და ამერიკული ენერგორესურსების შესყიდვა.

თუმცა, ფართო გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ შესაძლოა სავაჭრო დღის წესრიგი უკანა პლანზე გადაიტანოს. Financial Times-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინის მხრიდან ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობაში დახმარების გარეშე ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი შეიძლება გადაიდოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონფლიქტთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა ენერგეტიკულ ბაზრებზე მორიგი რყევა გამოიწვია.

ამასთან, ჩინეთი აშშ-ის სავაჭრო ზეწოლის მიმართ საჯაროდ კვლავ მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს. Xinhua News Agency-ს თანახმად, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ ვაშინგტონის მიერ იძულებით შრომასთან დაკავშირებით წარმოწყებული ახალი სავაჭრო გამოძიება გააკრიტიკა, მოუწოდა, „გამოასწოროს არასწორი ქმედება“ და უთანხმოება დიალოგისა და კონსულტაციების გზით მოაგვაროს. AP-ის ცნობით, პეკინმა ეს ნაბიჯი გლობალური მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობისთვის საზიანოდ შეაფასა.

პარიზის მოლაპარაკებები დაუყოვნებელი შეთანხმების მიღწევაზე მეტად, ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაციას ემსახურებოდა. ეს მიუთითებს, რომ მხარეები ურთიერთობის მართვად ჩარჩოში შენარჩუნებას ცდილობენ, სავაჭრო უთანხმოებებისა და ირანთან დაკავშირებული ენერგეტიკული არასტაბილურობის ფონზე.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top