11 მარტს შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის საწარმოო ჭარბწარმოებასთან დაკავშირებით, 301-ე სექციის ფარგლებში, ახალი სავაჭრო გამოძიება დაიწყო.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადებით, გამოძიების მიზანია დადგინდეს, ჩინეთისა და კიდევ 15 სხვა ეკონომიკის პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც დაკავშირებულია „სტრუქტურულ ჭარბწარმოებასა და ჭარბ საწარმოო შესაძლებლობებთან“, ხომ არ არის არაგონივრული ან დისკრიმინაციული და ხომ არ აზიანებს ამერიკულ კომერციას.
ვაშინგტონის ინფორმაციით, ამ პროცესის ფარგლებში შესაბამის მთავრობებთან კონსულტაციები გაიმართება. საჯარო კომენტარების წარდგენა 15 აპრილამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო მოსმენები 5 მაისიდან დაიწყება.
აშშ-ს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც ჩინეთის საექსპორტო ცენტრებში მოქმედი მწარმოებლები აშშ-ის ტარიფების დროებითი შემცირების ფონზე აქტივობის ზრდაზე საუბრობდნენ. კერძოდ, Reuters-ის ინფორმაციით, ზოგიერთი ქარხანა ცდილობდა, დროებითი შეღავათით მაქსიმალურად ესარგებლა, რის გამოც აჩქარებდა როგორც პროდუქციის გადაზიდვას, ისე გაფართოების გეგმების განხორციელებას.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, ჯეიმისონ გრირის განცხადებით, ეს გამოძიებათა სესია ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც შიდა საწარმოო პოტენციალის გაძლიერებას და უცხოური ჭარბწარმოების შეკავებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ეს ნაბიჯი მიანიშნებს, რომ ტარიფების დროებითი შემსუბუქების მიუხედავად, ვაშინგტონი ჩინეთთან სავაჭრო დაპირისპირებაში ზეწოლის ახალი მექანიზმების გამოყენებას კვლავ აგრძელებს.
ავტორი: მარიამ სიმსივე




