ახალი ნაბიჯი ევროკავშირ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებში: შეხვედრა პეკინში

დღეს, 7 ოქტომბერს, ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები ჩინეთთან ორდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებებისთვის პეკინში გაემგზავრებიან. ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობს მაროშ შეფჩოვიჩი, ევროკომისარი ვაჭრობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, ასევე ინტერინსტიტუციური ურთიერთობებისა და გამჭვირვალობის საკითხებში.

8-9 ოქტომბერს, ჩინეთისა და ევროკავშირის ე.წ. „ვაჭრობისა და ინვესტიციის კონსულტაციების“ ფარგლებში, შეფჩოვიჩი ჩინელ კოლეგას, ვან ვენტაოს შეხვდება. მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დისბალანსის აღმოფხვრას. ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრებთან ვაჭრობაში ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები წევრი სახელმწიფოების მხრიდან რამდენიმე კრიტიკას აწყდება. კერძოდ, ჩინეთიდან იაფი იმპორტის ზრდის ფონზე, ევროპის ინდუსტრიულ ცენტრებში, მათ შორის, გერმანიაში, მწარმოებელი კომპანიების კონკურენტუნარიანობა მცირდება. შედეგად, ევროპული კომპანიები ჩინეთის კორპორაციების სათანადო კონკურენციას ვერ უწევენ, რის გამოც, ისინი ან იხურებიან, ან საქმიანობის მასშტაბს ამცირებენ. ამიტომ, ჩინეთიდან იმპორტის ზრდა პოტენციურად უმუშევრობის პრობლემასთან ასოცირდება.

კრიტიკოსები თვლიან, რომ ჩინეთის სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელი და სახელმწიფო სუბსიდიების პრაქტიკა ევროკავშირის წარმოების სექტორს აზარალებს.

ჩინეთთან ვაჭრობის საკითხების მიმართ განსაკუთრებით მკაცრი პოზიციით გამოირჩევიან საფრანგეთი და გერმანია. 5 ოქტომბერს, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც საგარეო ვაჭრობის რეგულაციის მიმართულებით ახალი მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს. ინიციატივა გულისხმობს საგანგებო ინსტრუმენტის გამოყენებას იმ ქვეყნების ან კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპის ბაზარზე უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას ახორციელებენ. ექსპერტთა შეფასებით, ინსტრუმენტი ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, ჩინეთი ევროპის ბაზარს ჩამოაშოროს.

7 ოქტომბერს, ჩინეთის კომერციის მინისტრმა დააფიქსირა სამინისტროს იმედი, რომ საფრანგეთი და გერმანია თავს შეიკავებენ ევროკავშირის წაქეზებისგან, რომ ამ უკანასკნელმა პროტექციონისტულ ინსტრუმენტებს მიმართოს. სამინისტრომ მოუწოდა მხარეებს, არ მოახდინონ ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების პოლიტიზება.

მომავალ კვირას, ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილება პეკინთან მოლაპარაკებების შედეგებიც.

 

წყარო: South China Morning Post – ‘Last chance saloon: EU presses China for a sign to prove trade talks can work’

Scroll to Top