16 დეკემბერს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო. ეს არის სანქციების მე-15 პაკეტი, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაამტკიცა. აღნიშნული პაკეტი მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისა და სანქციების გვერდის ავლით განხორციელებული მოქმედებების წინააღმდეგ. ახალი პაკეტი ეხება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ ადამიანებსა და სუბიექტებს. ასევე, სანქციების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების სამართლებრივი დაცვა.
ეს კონკრეტული პაკეტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირმა, პირველად დააწესა ყოვლისმომცველი, სრულფასოვანი სანქციები რამდენიმე ჩინელი აქტორის წინააღმდეგ. შეზღუდვები ითვალისწინებს მოგზაურობის აკრძალვას, აქტივების გაყინვასა და ეკონომიკურ რესურებზე წვდომის აკრძალვას.
სანქციების მე-15 პაკეტმა დასანქცირებულ 27 გემს კიდევ ის 52 გემი დაუმატა, რომლებიც ცდილობდნენ დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით იარაღის, ნავთობისა და მარცვლეულის ტრანსპორტირებას.
ასევე, უკვე სანქცირებულ პირებს დაემატა 84 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შემლახველ ქმედებებზე. ამ სანქცირებული პირებიდან 7 ჩინელია. კერძოდ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დასანქცირდნენ ერთი ფიზიკური და ორი იურიდიული, რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლას, და ოთხი პირი, რომლებიც, უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდასაჭერად, რუსულ სამხედრო ინდუსტრიას უზრუნველყოფენ უპილოტო თვითმფრინავებისა და მიკროელექტრონული კომპონენტების მნიშვნელოვანი მარაგით.
როგორც ევროკავშირის დიპლომატმა აღნიშნა, ეს არის მკაფიო გზავნილი ჩინეთისთვის, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულად ეკიდება არსებულ ვითარებას.
ამ პაკეტის მიხედვით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დროს რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსის მხარდამჭერის გამო, ასევე დასანქცირდა 32 ახალი კომპანია. ამ კომპანიებიდან შვიდი ჩინეთის/ჰონკონგის იურისდიქციაშია.