ევროკომისია TikTok-ს რუმინეთის არჩევნებში ჩარევის ბრალდებით იძიებს

ევროკომისიამ პლატფორმა TikTok-ის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩართულობის გამოსაკვლევად ფორმალური გამოძიება წამოიწყო, რუმინეთში საარჩევნო პროცესი რუსეთის მიერ განხორციელებული „აგრესიული ჰიბრიდული ქმედებების“ შესახებ მტკიცებულებების ფონზე შეფერხდა.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახან გააუქმა არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომლის მიხედვითაც მოულოდნელად გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე, პრო-რუსმა კანდიდატმა კალინ ჟორჟესკუმ. გამოძიების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ევროპის პოლიტიკურ პროცესებზე მზარდი გავლენის მქონე ჩინურ პლატფორმა TikTok-ზე.

საარჩევნო კანდიდატ ჟორჟესკუს მოულოდნელი წინსვლა დიდწილად TikTok-ზე წამოწყებული კამპანიის დამსახურებაა. რუმინელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ჩინურ სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ჟორჟესკუს კამპანიაში არ იყო დაცული საარჩევნო რეგულაციები. ევროკომისია ეჭვობს, რომ TikTok-ის ალგორითმი შეიძლება დაუცველი იყოს „კოორდინირებული არაავთენტური მანიპულაციის ან ავტომატური ექსპლუატაციის მიმართ“.

გარდა ამისა, კომისია იძიებს TikTok-ის შიდა პოლიტიკას პოლიტიკურ რეკლამასა და ფასიან კონტენტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  პლატფორმაზე აქტიური “ინფლუენსერები” კომპენსაციას იღებდნენ ჟორჟესკუს პოპულარიზაციისთვის, სპონსორობის ან პოლიტიკური მოტივაციის სათანადო გამჟღავნების გარეშე.

საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კომენტარი გააკეთა: ”არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ უცხოელი აქტორები ჩაერივნენ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში TikTok-ის გამოყენებით. ჩვენ ახლა საფუძვლიანად ვიძიებთ, დაარღვია თუ არა TikTok-მა ციფრული სერვისების აქტი (Digital Service Act) იმით, რომ არ აღმოფხვრა მსგავსი რისკები სათანადოდ. ცხადი უნდა იყოს, რომ ევროკავშირში ყველა ონლაინ პლატფორმა, მათ შორის TikTok, პასუხისმგებელია მსგავს ქმედებებზე”. 

ევროკომისიის გამოძიება ციფრული სერვისების აქტის (Digital Services Act) ფარგლებში წარიმართება. მოცემული აქტი ძალაში გასულ წელს შევიდა და წარმოადგენს ყოვლისმომცველ რეგულაციას, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინ პლატფორმების ოპერაციების ზედამხედველობას. TikTok ადრეც გამხდარა ამ კანონმდებლობის ფარგლებში გამოძიების საგანი. 

გასულ კვირას კომისიამ TikTok-ს მოსთხოვა, მომავალი გამოძიებისთვის შეენახა არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები, რომლებიც შეგროვდება ამ წლის ნოემბრიდან მომავალი წლის მარტამდე. 

3 დეკემბერს ევროპარლამენტის მოსმენაზე TikTok-ის წარმომადგენლებმა დაიცვეს პლატფორმის პრაქტიკა. ბრი პეგიუმმა, TikTok-ის “ავთენტურობისა და გამჭვირვალობის” შესახებ გლობალურმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ რუმინეთის არჩევნებამდე სამი თვის განმავლობაში პლატფორმამ წაშალა 66000-ზე მეტი ყალბი ანგარიში, 7 მილიონი ყალბი “მოწონება” და აღკვეთა დამატებით 40 მილიონი ყალბი “მოწონება” (“likes”). TikTok-მა ასევე წაშალა 10 მილიონი ყალბი გამომწერი, დაბლოკა 216,000 სპამი ანგარიში და გააუქმა 1,000 ყალბი ანგარიში, რომლებიც რუმინელი პოლიტიკური კანდიდატების სახელით იყო წარმოდგენილი.

პეგიუმმა აღნიშნა, რომ TikTok-მა ასევე წაშალა კანდიდატების მხარდამჭერი ანგარიშების ორი ჯგუფი, მათ შორის ჟორჟესკუს მხარდამჭერი ანგარიშები, იმ მიზეზით რომ ისინი არ ემორჩილებოდნენ პლატფორმის წესს, რომელიც მოითხოვს კონტენტის პოლიტიკური შინაარსის მკაფიოდ მონიშვნას. 

ქეროლაინ გრეერი, TikTok-ის მთავარი ლობისტი ევროპაში, შეეხო მომხმარებლის მონაცემების პოტენციურად ჩინეთისთვის გადაცემის საკითხსაც. მან ხაზი გაუსვა, რომ TikTok უზრუნველყოფს ევროპელი მომხმარებლის მონაცემების შენახვას ევროპის ტერიტორიაზე. გრეერმა აღნიშნა ისიც, რომ მონაცემების მონიტორინგი დამოუკიდებელი კიბერუსაფრთხოების კომპანიის მიერ იწარმოება.

რუმინეთის ამჟმინდელი პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის დაზვერვით მოპოვებულმა ინფორმაციამ გამოავლინა, რომ TikTok-ზე ჟორჟესკუს ფასიანი მხარდაჭერა არ იყო მონიშნული, როგორც არჩევნებთან დაკავშირებული კონტენტი. გავრცელებული ინფორმაციით, TikTok-ის ერთმა ანგარიშმა 24 ოქტომბრიდან ერთ თვეში $381,000 გადაუხადა ჟორჟესკუს მხარდამჭერ “ინფლუენსერებს”.

ამჟამინდელი ხელისუფლება ასევე იტყობინება პირველი ტურის წინ და არჩევნების დღეს მონაცემთა სისტემების გატეხვის 85 000-ზე მეტ მცდელობაზე. პასუხისმგებლობას მთავრობა „უცხო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ აქტორებს“ აკისრებს. 

გამოძიების დაწყების შედეგად, მედიის ცნობით, კამპანიაში ჩართული “ინფლუენსერები” რუმინეთიდან გაიქცნენ. Politico-ს მიხედვით, ზოგიერთმა “ინფლუენსერმა” გამოსამშვიდობებელი შეტყობინება სახმელეთო საზღვრებთან ან თვითმფრინავიდან გამოაქვეყნა.

Scroll to Top