ტაივანის აღმოსავლეთით ჩინეთის სანაპირო დაცვის გააქტიურებას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია საგანგაშო ნაბიჯად აფასებენ. პარალელურად, ტაიპეი აცხადებს, რომ პოტენციური ჩინური თავდასხმის შემთხვევაში წინასწარი რეაგირებისთვის დარჩენილი დრო სულ უფრო მცირდება.
Reuters-ის ცნობით, 24 ივნისს სამი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლობამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ჩინეთის ახალი საზღვაო აქტივობა საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობასა და ნავიგაციის თავისუფლებას.
ევროპული ქვეყნების განცხადებას წინ უძღოდა ტაივანის ბრალდებები, რომ ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები კუნძულის აღმოსავლეთით სავაჭრო გემებს აჩერებდნენ, მათგან მარშრუტისა და დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ და ამ წყლებზე იურისდიქციის პრეტენზიას გამოთქვამდნენ. ტაიპეი ამ ქმედებებს „რუხი ზონის“ ზეწოლის ნაწილად აფასებს.
პეკინი ამბობს, რომ მისი სანაპირო დაცვის მოქმედებები კანონიერია. ჩინეთის განმარტებით, პატრულირება უკავშირდება იაპონიასა და ფილიპინებს შორის საზღვაო საზღვრების საკითხზე დაწყებულ მოლაპარაკებებს, რასაც პეკინი საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯად განიხილავს.
ამავე ფონზე, ტაივანმა ხუთდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. Associated Press-ის ინფორმაციით, წვრთნების მიზანია შემოწმდეს, რამდენად სწრაფად შეძლებს ტაივანის არმია მშვიდობიანი რეჟიმიდან საბრძოლო მზადყოფნაზე გადასვლას იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის რეგულარული სამხედრო აქტივობა მოულოდნელად რეალურ თავდასხმაში გადაიზრდება.
ტაივანის თავდაცვის მინისტრმა ველინგტონ კუმ განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან შესაძლო შეტევის წინასწარი ამოცნობის დრო მცირდება. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სამხედრო ძალების სწრაფი მობილიზაციისა და დაუყოვნებელი რეაგირების უნარის პრაქტიკული შემოწმება.




