12 ნოემბერს ესპანეთის მეფე ფილიპე VI ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს პეკინში შეხვდა. ეს იყო, ბოლო 18 წლის განმავლობაში, ესპანეთის მონარქის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში. შეხვედრის ფარგლებში ორივე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი ეკონომიკური და დიპლომატიური თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ჩინეთსა და ევროპას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე.
ვიზიტის განმავლობაში, სი ძინპინმა და ფილიპე VI-მ გააფორმეს ხელშეკრულებები დარგებში, როგორიც არის ვაჭრობა, მეცნიერება და ტექნოლოგია, განათლება და ენის შესასწავლი გაცვლითი პროგრამები. ორმა ლიდერმა ასევე დააანონსა თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის, მწვანე ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში, რომელიც მნიშვნელოვანია ესპანეთის მიმდინარე ენერგოტრანზიციისათვის. სი ძინპინმა შეხვედრაზე ახსენა, რომ ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს ესპანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზაზე.
ჩინეთი რჩება ესპანეთის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად ევროკავშირის გარეთ, ხოლო ესპანეთი ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ევროპელი პარტნიორია. 2023 წელს, ორმხრივმა ვაჭრობამ $50 მილიარდს გადააჭარბა და ესპანეთში ჩინეთის ინვესტიციებმა $1,7 მილიარდს მიაღწია. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის 50-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს და დაამატა, რომ ესპანეთი და ჩინეთი ერთმანეთის მხარდაჭერითა და პატივისცემით ხელს უწყობდნენ ერთიან წარმატებას.
ფილიპე VI-მ შეაქო ჩინეთი ესპანეთის ეკონომიკურ განვითარებასა და მწვანე ტრანსფორმაციაში შეტანილი წვლილისთვის, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ინვესტიციებმა დიდი როლი ითამაშა ესპანეთის განახლებადი ენერგიისა და ინდუსტრიული წარმოების განვითარებაში. მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობისა და უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ესპანეთის ჩართულობა ჩინეთთან ურთიერთობაში იზრდება, რის გამოც მადრიდი ევროპის ქვეყნებიდან პეკინის ყველაზე პრაგმატული პარტნიორი გახდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩეზმა, რომელიც ჩინეთს 6 თვით ადრე ეწვია, განაცხადა, რომ აუცილებელია ევროკავშირსა და ჩინეთს შორის დაბალანსებული ურთიერთობების ჩამოყალიბება. უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის შეშფოთების ფონზე მადრიდი განაგრძობს ჩინეთთან სავაჭრო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას.
სამდღიანი სამეფო ვიზიტი ასევე მოიცავდა ჩენგდუსა და სიჩუანის პროვინციების მონახულებას, სადაც ფილიპე VI დაესწრო ჩინეთ-ესპანეთის ბიზნეს ფორუმს და შეხვდა რეგიონში არსებული ესპანური კომპანიების წარმომადგენლებს. ფორუმი მიზნად ისახავდა, გაფართოებული ბიზნესკავშირებისა და მწვანე წყალბადისა და ელემენტის წარმოებაში არსებული საერთო ძალისხმევის დემონსტრირებას.
ჩინური მედია, Global Times ჩინეთ-ესპანეთის ურთიერთობებს აღწერს როგორც “საერთაშორისო თანამშრომლობის მოდელს”, სადაც გაზრდილია ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურული დიპლომატიის საჭიროება. 40-ზე მეტი ესპანური კომპანია მუშაობს ჩენგდუში. ასევე აღსანიშნავია, რომ სიჩუანის ავიახაზებმა დაამატა პირდაპირი ფრენები მადრიდში.
ვიზიტი ხაზს უსვამს ევროპის ახალ გამოწვევას, რომელიც გულისხმობს წევრი სახელმწიფოების ახლო სავაჭრო კავშირებს ჩინეთთან. ესპანეთის მიერ ჩინეთთან პარტნიორობის გაძლიერების სურვილს ამერიკისგან კრიტიკა მოჰყვა. ამასთანავე, ბრიუსელში გრძელდება დებატები ტექნოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის მიერ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვას გულისხმობს. ესპანეთთან კავშირების გაღრმავებასთან ერთად, ჩინეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროპის სავაჭრო და ტექნოლოგიურ სექტორებზე.
ავტორი: მარიამ სანაძე




