ამ კვირაში ვაშინგტონში დიდი დებატები მიმდინარეობს აშშ-ს ოფიციალურ პირებსა და ამერიკის საზღვაო, საექსპორტო და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენელებს შორის. აღნიშნული დებატები აშშ-ს პორტებში გაჩერებისთვის ჩინური (ჩინეთში წარმოებული და ჩინურ მფლობელობაში არსებული) გემებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებამ გამოიწვია.
ტრამპის გეგმა ითვალისწინებს ადგილობრივი გემთმშენებლობის ინდუსტრიის აღორძინებას ჩინეთთან დაკავშირებული გემებისთვის 1.5 მილიონ დოლარამდე გადასახადების დაწესებით.
გადასახადების დაწესების კრიტიკული მნიშვნელობის დასასაბუთებლად, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობა (USTR) ამტკიცებს, რომ ჩინეთის მთავრობის სუბსიდიები ზიანს აყენებს ამერიკულ ბიზნესებს, რადგან ზღუდავს კონკურენციისა და ინვესტიციების შესაძლებლობას. ამასთან, გემთმშენებლობის დარგში ჩინეთის პროგრესი რისკს უქმნის ამერიკის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას, რაც პოტენციური კონფლიქტის დროს, პეკინის სტრატეგიულ უპირატესობად შეიძლება იქცეს.
ეს ნაბიჯი, რომელიც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს ოკეანის გადამზიდავებს ჩინური გემების შესყიდვაში, ხოლო გადასახადებისგან შემოსული თანხები გამოყენებული იქნება აშშ-ს გადაზიდვის ინდუსტრიის აღორძინებისთვის.
ამ პოტენციური საპორტო გადასახადებით იზღუდება იმ გემების ხელმისაწვდომობა, რომლებიც საჭიროა სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკული, სამთო-მოპოვებითი, სამშენებლო და მანუფაქტურული პროდუქტების საერთაშორისო მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად. გემების მფლობელებმა უკვე უარი განაცხადეს სამომავლოდ შტატებისთვის ქვანახშირის გადაზიდვის შეთავაზებაზე, რაც განაპირობა USTR-ის მიერ დაწესებულმა ჯარიმებმა.
როგორც Xcoal Energy & Resources-ის გენერალური დირექტორი, ერნი თრაშერი შტატების სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკისთვის მიმართულ წერილში აღნიშნავს, ამ ჯარიმების სისტემის დანერგვამ და ამოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს შტატების ქვანახშირის ექსპორტის სრულად შეწყვეტა 60 დღით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს 130 მილიარდი დოლარის გადაზიდვებს. ამას გარდა, ამ ჯარიმების სისტემამ შესაძლოა აშშ-ს ქვანახშირის მიწოდების საბაზრო ღირებულება 35%-ით გაზარდოს, რაც მსოფლიო ბაზარზე მას კონკურენტუუნაროს გახდის.
შემოთავაზებულმა გადასახადებმა შეიძლება ასევე გაართულოს აშშ-ს სხვა ენერგეტიკული პროდუქტების ექსპორტი, როგორებიცაა ნავთობი, თხევადი ბუნებრივი აირი და საწვავი, განაცხადა ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა USTR-ისთვის გაგზავნილ შენიშვნებში.
200-ზე მეტმა კომპანიამ, სავაჭრო ჯგუფმა და ინდივიდმა უკვე წარმოადგინა შენიშვნა ან თხოვნა სიტყვით გამოსულიყო მოსმენაზე, რომელიც ამ კვირაში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება ვაშინგტონში. თითქმის ყველა ჯგუფი ეწინააღმდეგება აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომლის მიხედვითაც ჩინურ გემებს მილიონობით დოლარის ახალი გადასახადის გადახდა მოუწევთ ყოველ ჯერზე, როცა აშშ-ს პორტში შემოვლენ.