დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მიიწვია, თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღონისძიებას ჩინეთის ვიცე პრეზიდენტი, ჰან ჟენგი დაესწრება. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია მზადყოფნა ითანამშრომლონ აშშ-ს მთავრობასთან „სტაბილური, ჯანსაღი და შენარჩუნებადი ჩინურ-ამერიკული ურთიერთობების“ ჩამოსაყალიბებლად.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი პირველია აშშ-ს პრეზიდენტთაგან, რომელმაც ინაუგურაციის ცერემონიაზე მსოფლიო ლიდერები მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სი ძინპინი პირადად არ დაესწრება ცერემონიას, მიიჩნევა, რომ ჩინეთის მხრიდან ვიცე-პრეზიდენტის გაგზავნა სიმბოლურია, ვინაიდან აღნიშნული ქმედებით ჩინეთი თავიდან იცილებს აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის „წყენას“.
საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის 17 იანვარს სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის თქმით, მათ ისაუბრეს ვაჭრობის, ფენტანილის, „ტიკტოკისა“ და სხვა საკითხების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა სამყარო „უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო“ გახდეს. სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გააკეთა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, მასში სი ძინპინი აღნიშნავს, რომ ორივე მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივ განხილვებს და იმედოვნებს, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში კარგი დასაწყისი ექნება.
ამასთანავე, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჩინეთის წარმომადგენელმა, ჰან ჟენგმა ვიზიტი ტრამპის ახლო წრესთან შესახვედრად გამოიყენა – მათ შორის იყო „ტესლას“ მფლობელი ილონ მასკი, რომელთანაც ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობები განიხილა და ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა აღნიშნული ურთიერთობების მეტად მხარდაჭერისაკენ. გარდა ამისა, ჩინეთის ვიცე პრეზიდენტი აშშ-ს მომავალ ვიცე პრეზიდენტს, ჯეი დი ვანსსაც შეხვდა, რომელთანაც ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ვაჭრობა და რეგიონული უსაფრთხოება. ჩინური სამთავრობო მედიის, Xinhua-ს ცნობით, ჰან ჟენგმა ვანსთან აშშ-სა და ჩინეთს შორის განსხვავებებზეც ისაუბრა, თუმცა ხაზი გაუსვა მათ შორის კოოპერაციის შესაძლებლობებსაც.