თინათინ ხიდაშელმა 23 მარტს ბარსელონაში, CEU Universitat Abat Oliba-ს უნივერსიტეტში, წაიკითხა ლექცია – „ახალი გეოპოლიტიკური დაფა: უსაფრთხოება და ალიანსები ევროპაში“.
მან ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების რეალურ შედეგებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე, ალიანსებისა და საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე დღევანდელ მსოფლიო წესრიგში.
„ალბათ თქვენც მოგისმენიათ მითები ნატოს ან ევროკავშირის გაფართოებით გაღიზიანებული რუსეთის შესახებ, რომელსაც სხვა გზა არ დაუტოვეს, თუ არა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად თავდაცვა. სიმართლე და ფაქტები კი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები ზუსტად იქ შეჩერდა, სადაც გაფართოება ხდებოდა. ჩვენ არ გვინახავს პუტინის ომი პოლონეთის წინააღმდეგ, ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში; არც ფინეთს დაესხა თავს გასულ წელს. მაგრამ ჩვენ ვნახეთ რუსეთის გავეშებული აგრესია იმ ქვეყნებში, სადაც ნატოს და ევროკავშირის პოლიტიკა ზედმეტად ფრთხილი და თავშეკავებული იყო.
არა მეგობრებო, ალიანსების გაფართოებამ სწორედაც რომ დიდი როლი ითამაშა აღმოსავლეთ ევროპის მშვიდობიან განვითარებაში, უზრუნველყო მათ უსაფრთხოება და შესაბამისად კეთილდღეობა. და მხოლოდ იქ, სადაც დაყოვნება მოხდა, მივიღეთ რუსული იმპერიალისტური აგრესია, ომი, ნგრევა, მსხვერპლი… ნატო და ევროკავშირი რჩება ევროპაში მშვიდობის ერთმნიშვნელოვან და უპირობო გარანტორად და სწორედ ამას ადასტურებს ჩვენი უახლესი ისტორიის მაგალითებიც.“ – მიმართა თინათინ ხიდაშელმა უნივერსიტეტში შეკრებილ მსმენელებს.
ლექცია გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში და შეეხო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებებს, სტრატეგიულ პარტნიორობებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას.




