კირ სტარმერი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისთვის გაემგზავრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ კირ სტარმერი 28-31 იანვარს ოფიციალურად სტუმრობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. ხუთშაბათს ის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.

ვიზიტში სერ კირ სტარმერს ბიზნეს მდივანი პიტერ კაილი და ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკის მდივანი ლუსი რიგბი უერთდებიან. ვიზიტში პრემიერ-მინისტრთან ერთად დაახლოებით 50 ბრიტანელი ბიზნესისა და კულტურის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს ვიზიტი ჩინეთთან ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სტარმერის თქმით, ბრიტანეთის მიდგომა ჩინეთის მიმართ წლების განმავლობაში არათანმიმდევრული იყო, თუმცა, „გარდა გამოწვევებისა, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ეროვნული ინტერესების სასარგებლოა“.

აღნიშნულ საკითხზე, პეკინის კომერციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას გაერთიანებულ სამეფოსთან და არის მზად, ეს ვიზიტი გამოიყენოს პოლიტიკური ნდობის გაძლიერებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჩინური და ბრიტანული კომპანიები აქტიურად დაინტერესდნენ თანამშრომლობით, რასაც უკვე 100-ზე მეტი კომპანია გამოეხმაურა.

ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია ისეთი საკითხების მიმოხილვა, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ჰონგ კონგის მდგომარეობა, სინძიანგი, უკრაინის ომი და ჩინეთის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ასევე, ყურადღება დაეთმობა ჩინური კომპანიების მონაწილეობას ბრიტანეთის ინფრასტრუქტურაში.

უნდა აღინიშნოს, რომ სერ კირ სტარმერი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სი ძინპინს 2024 წლის ნოემბერში G20 სამიტზე რიო-დე-ჟანეიროში, თუმცა ეს იქნება პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩინეთში 2018 წლის შემდეგ.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top