კომუნისტური პარტიის მმართველობა საფრთხეში აგდებს ჩინეთის მოქალაქეებსა და მსოფლიოს
ღია წერილი ჩინეთის მოქალაქეებისა და ჩინეთის პარტნიორებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ,
ამჟამინდელი გლობალური კრიზისი გამოწვეულია სწორედ იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც ბევრი თქვენგანი ათწლეულების განმავლობაში ითმენდა ან მხარს უჭერდა.
2020 წლის 2 აპრილს, ჩინეთის 100 მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ისინი ასაბუთებდნენ, COVID-19-ის პოლიტიზირების მცდელობას სხვადასხვა კრიტიკულად განწყობილი მხარის მიერ. მათ განაცხადეს, რომ მოცემული პანდემიის ამ ეტაპზე, COVID-19– ის ზუსტი წყარო და წარმოშობა რჩება დაუზუსტებელი, თუმცა ეს არის უმნიშვნელო და ვიღაცისკენ თითის გაშვერა დამამცირებელი და საზიანოა. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათი აზრით, სწორედ ეს გულისხმობდა ეპიდემიის პოლიტიზაციას.
ეს ღია წერილი იმის მაგალითია, რასაც დამოუკიდებელი მოაზროვნე, პროფესორი Xu Zhangrun უწოდებს “სასაცილო” “წითელ კულტურასა“ და ამაზრზენ პირფერობას, და რომ სისტემა ახდენს საკუთარი თავის შეგულიანებას სწორედ იმ პროსახელისუფლებო ხრიკების საშუალებით, რომლებიც შეძახილივით ამხნევებენ მას ყოველ ჯერზე.
პროფესორმა Xu-მ, რომელიც ამჟამად შიდა პატიმრობაში იმყოფება, მოუწოდა თავის თანამემამულეებს, რომ შეწყვიტონ ჩინეთის კომუნისტური პარტიის(CCP) უპირობო მხარდაჭერა, იმის ნაცვლად, რომ „გაბრაზდეთ ამ უსამართლობაზე, დაე თქვენი ცხოვრება წესიერების ალით აღივსოს, დაარღვიეთ მტანჯველი წყვდიადი და შეეგებეთ განთიადს.“
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ზუსტი წყარო და გავრცელება ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მისი წარმოშობის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია ჩინელი ხალხისა და მთელი კაცობრიობისთვის: მხოლოდ იმის გაგებით თუ როგორ წარმოიშვა ეს გლობალური კატასტროფა, ჩვენ შეგვეძლება მისი მსგავსი საშიშროებების თავიდან აცილება მომავალში.
პანდემიის საწყისი მიზეზები დაფარული და გასაიდუმლოებულია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ჰუბეის პროვინცია ვუჰანში. CCP-ის გავლენების გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თავიდანვე სათანადოდ ვერ შეაფასა პანდემიის საშიშროება. ტაივანის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენელი პირები ასევე ირწმუნებიან, რომ ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს, ისინი (ჯანმო) უგულებელყოფდნენ მათ მიერ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ განგაშის ზარებს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეწოლის შედეგად, ტაივანი, რომელიც სამაგალითოდ უმკლავდებოდა პანდემიას, გაირიცხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან.
ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩინეთში ეს ჩერნობილის მომენტი წარმოადგენდა საკუთარი თავისთვის მიყენებულ ზიანს. CCP-მ გააჩუმა ყველა ის ჩინელი ექიმი, რომლებმაც დაავადების გავრცელების ადრეულ სტადიაში სხვა პროფესიონალების გაფრთხილება გადაწყვიტეს: ექიმ აი ფენს აეკრძალა საზოგადოებაში გამოჩენა მას შემდეგ რაც მან ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა; მისი კოლეგა, ექიმი ლი ვენლიანგი შეეწირა ვირუსთან ბრძოლას ვუჰანში. სასიკვდილო სარეცელზე მან განაცხადა რომ „ჯანმრთელ საზოგადოებას მხოლოდ ერთი ხმა არ უნდა აჟღერებდეს (ჰქონდეს).“
ჩინელმა მეწარმემ რენ ჟიკიანგმა დაწერა, რომ ”იმ მედიის გარეშე, რომელიც აქტუალური ფაქტების გამოქვეყნებით წარმოადგენს ხალხის ინტერესებს, ხალხი ნადგურდება არა მხოლოდ ვირუსით, არამედ სისტემის მიერ შექმნილი სხვა დაავადებებით.“ ის 12 მარტს გაუჩინარდა.
გაბედული მოქალაქე-ჟურნალისტები ჩენ ქიუში, ფანგ ბინ და ლი ზეჰუა, რომლებიც შეეცადნენ თავისუფლად გაეშუქებინათ ვუჰანში არსებული ვითარება, ამჟამად ასევე დაკარგულად ითვლებიან.
ჩინეთის პოლიტიკური სისუსტე სცილდება მისი ხელმძღვანელის ლიდერობის წარუმატებლობას. ბოლოდროინდელ ვიდეო შეტყობინებაში ახალგაზრდა სტუდენტი, სახელწოდებით ჟანგ ვენბინი განიხილავს საკუთარი ევოლუციის ფაზებს ჩინეთის მთავრობის არაკრიტიკული მხარდამჭერობიდან კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქედ ჩამოყალიბებამდე: „მას შემდეგ რაც მე გავაფართოვე ჩემი ფაიარვოლი (Firewall), თანდათან მივხვდი, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია თავისი დრაკონის კლანჭებით მსოფლიოს ყველა კუთხეს მისწვდა, მათ შორის კოლექტიური მეურნეობით [1950], კულტურული რევოლუციით [1966-1976], დიდი შიმშილობით [1958-1961], ერთშვილიანობის პოლიტიკით, ტიანანმენის მასობრივი ხოცვა-ჟლეტით [1989], ასევე Falun Gong- ის [სულიერი მოძრაობის] დევნით და ტიბეტის, ჰონგ კონგისა და სინჟიანის ხალხების დევნით… მიუხედავად ამისა, ყველა თვალს ხუჭავს და პარტიას აქებს. მე ამას უბრალოდ ვეღარ ავიტან.“
ჟანგი მისი შეტყობინების ჩაწერის შემდეგ მალევე გაუჩინარდა. მისი მეგობრები შიშობენ, რომ იგი საიდუმლო პოლიციის მიერ დაკითხვისა და წამების მსხვერპლი გახდება.
გლობალური პანდემია ყველას გვიბიძგებს, რომ თვალი გავუსწოროთ ჭეშმარიტებას: ცხოვრების ყველა ასპექტის, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის პოლიტიზირებით, ჩინეთის უწყვეტი ავტოკრატიული ერთპარტიული მმართველობა საფრთხეს უქმნის ყველას. იმის ნაცვლად, რომ ვენდოთ CCP– ს მოტივებს და დავუჯეროთ აკადემიკოსების მიერ პარტიის-ქვეყნის პოლიტიკის უსიტყვო მხარდაჭერას, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ხმებსა და მხარეებს, რომლებსაც შეიძლება ეწოდოს ”არაოფიციალური” ჩინეთი. ეს დამოუკიდებელი მოაზროვნე მეცნიერები, ექიმები, მეწარმეები, ჟურნალისტები, საზოგადოებრივი ინტერესების დამცველი იურისტები და ახალგაზრდა სტუდენტები აღარ ემხრობიან CCP– ს დაშინების პოლიტიკას.
შენც არ უნდა მიიღო ის.
როგორც საზოგადო მოღვაწეების საერთაშორისო ჯგუფი, უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიტიკოსები და ჩინეთის დამკვირვებლები, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაბედულ და კეთილსინდისიერ ჩინელ მოქალაქეებს, მათ შორის Xu Zhangrun, Ai Fen, Li Wenliang, Ren Zhiqiang, Chen Qiushi, Fang Bin, Li Zehua, Xu Zhiyong და Zhang Wenbin, რამდენიმე ნამდვილი გმირი და მოწამე, რომლებიც თავიანთ ცხოვრებასა და თავისუფლებას სწირავენ თავისუფალი და ღია ჩინეთისთვის. მათი ინდივიდუალური ხმები უკვე ქმნიან გუნდს. ისინი ითხოვენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკის გავლენების და შედეგების კრიტიკულ შეფასებას ჩინეთის მოქალაქეებისა და მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრებაზე. მოგიწოდებთ, რომ შეუერთდეთ მათ.