ნატოს დოკუმენტში მოლდოვასთან ერთად მოხსენიება არის მარცხი საქართველოსთვის – თინათინ ხიდაშელი

„ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის და ნულოვანი შედეგი“, — ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს მადრიდის სამიტის შედეგებს თბილისისთვის და დეკლარაციაში საქართველოს მოლდოვასთან დაჯგუფებას.

„დიდი პატივისცემით მოლდოვასადმი, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ჩემთვის პირადად ნატოს სამიტზე (ხაზს ვუსვამ, რომ ნატო-ზე ვსაუბრობ და არა — ევროკავშირზე) რამე ტიპის დოკუმენტი, რომელშიც საქართველო და მოლდოვა ერთად არის მოხსენიებული, არის ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის. სულ რამდენიმე წლის წინ, მოლდოვა ჰორიზონტზე არ არსებობდა [ნატოსთვის]. ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორებში, ფინეთთან და შვედეთთან ერთად. ახლა უცბად ვართ მოლდოვასთან ერთად პროგრამაში, რომელიც არ ვიცით რა არის და რომელსაც გვპირდებიან, რომ იქნება. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ აბსოლუტური ნულოვანი ჩართულობის, ნულოვანი ბრძოლის, ნულოვანი მოთხოვნის, რომელიც გააფორმა პრემიერმა ყატარში ფორუმზე, როდესაც თქვა, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და მერე — ნატო. ამის შედეგია, რაც მივიღეთ მადრიდში. ძალიან მრცხვენია, რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩვდით“, — ამბობს ხიდაშელი.

ხიდაშელის თქმით, ნატოს არასდროს დაუსახელებია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გაწევრიანების წინაღობად და ქართული მხარის მიერ ამ „არგუმენტზე“ აპელირება რუსეთისადმი კაპიტულაციური გზავნილის გაჟღერების ტოლფასია.

თინა ხიდაშელის შეფასებით, თავისთავად ცუდი ფაქტია, რომ მადრიდის სამიტის დეკლარაციაში პირველად, 2008 წლის შემდეგ, არ არის ჩანაწერი, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საქართველოს გაწევრიანების შესახებ. თუმცა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ადასტურებს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს.

„გასაგებია, რომ იგულისხმება [რომ გადაწყვეტილება ძალაშია] და ხელისუფლება ამას იტყვის, მაგრამ როგორც წესი, არაფერი იგულისხმება ხოლმე და როგორც წესი, ბოლომდე ვიბრძვით ხოლმე ასეთი ტიპის ჩანაწერების შენარჩუნებისთვის“, — დასძინა ხიდაშელმა.

“ნეტგაზეთი“

ინტერვიუ სრულად: ?

https://netgazeti.ge/opinion/618812/?fbclid=IwAR0rXC0d7tAd0quClWMvyhRVL-4WJ2ypXC9mRGZjZFwGNqyQ54_7Dz7MMFc

Scroll to Top