პეკინი და ფხენიანი ურთიერთობების გაღრმავებაზე თანხმდებიან

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი 9-10 აპრილს ჩრდილოეთ კორეას ეწვევა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტი პეკინსა და ფხენიანს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის, მაღალი დონის კონტაქტებისა და თანამშრომლობის გააქტიურებას ემსახურება.

ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წელს ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 65 წელი სრულდება, რის გამოც პეკინი და ფხენიანი საიუბილეო ღონისძიებების გამართვასაც გეგმავენ.

იმავე განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

ვიზიტი ბოლო თვეების განმავლობაში პეკინსა და ფხენიანს შორის პოლიტიკური და სატრანსპორტო კავშირების გააქტიურების ფონზე შედგება, ვინაიდან აღდგა პეკინი-ფხენიანის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა, განახლდა Air China-ს რეისებიც, ხოლო 2025 წელს ჩინეთის ექსპორტმა ჩრდილოეთ კორეაში 2.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია.

სააგენტოს ცნობით, ამ დათბობას წინ უძღოდა კიმ ჩენ ინის 2025 წლის სექტემბრის ვიზიტი პეკინში და ოქტომბერში ჩინეთის პრემიერ ლი ციანის ჩასვლა ფხენიანში. Reuters აღნიშნავს, რომ ეს ჩინელი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია ჩრდილოეთ კორეაში 2019 წლის შემდეგ.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top