პეკინის ახალი ხუთწლიანი გეგმა თაივანში განგაშს იწვევს

ჩინეთი მე-15 ხუთწლიანი გეგმის გამოსაქვეყნებლად ემზადება. ამასობაში, თაივანი სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული, რომ პეკინმა, შესაძლოა, აღნიშნული გეგმა გამოიყენოს გავლენის გასაფართოებლად თაივანის სრუტეში, არა მარტო ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებზე, არამედ თაივანის მიმდებარე კუნძულების მიმართულებით. 

თაიფეის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ პეკინმა შესაძლოა თაივანი ან მისი კუნძულები, როგორიცაა კინმენი და მაცუ, სიმბოლურად შეიტანოს მომავალ 5 წლიან გეგმაში. მსგავსი ნაბიჯი პეკინთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მის პოლიტიკურ კონტროლს შორის ზღვარს გააბუნდოვანებს. 

ჩინეთის ახალი გეგმა, სავარაუდოდ, კონცენტრირებულია მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე, მწვანე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პეკინმა შესაძლოა სცადოს თაივანის კომპანიების ინტეგრირება თავის ეკონომიკურ სისტემაში და მათ შესთავაზოს სტიმულები, ინვესტიციების მოზიდვისა და რიგი ინდუსტრიების (მათ შორის, ნახევარგამტარების, ელექტრომობილებისა და ხელოვნური ინტელექტის) ჩინეთის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

პეკინი ამგვარ თანამშრომლობას “ორმხრივად მომგებიანად” წარადგენს, მაგრამ თაივანი მას ხედავს, როგორც გრძელვადიან სტრატეგიას, დამოკიდებულების გაზრდისა და გაერთიანების მიმართ თაივანის წინააღმდეგობის შესუსტების მიზნით.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ მზარდ შეშფოთებას კინმენისა და მაცუსზე – თაივანის მიერ კონტროლირებულ ორ კუნძულზე, რომლებიც მდებარეობს ჩინეთის სანაპიროდან სულ რამდენიმე კილომეტრში. პეკინმა ახლახან გააფართოვა საჰაერო მარშრუტები, გაზარდა სანაპირო დაცვის პატრულირება და თაივანთან კონსულტაციის გარეშე, ხიემენიდან კინმენამდე ხიდის აშენების ინიციატივით გამოვიდა.

თაიფეი შიშობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები შესაძლოა ადრეული ნაბიჯები იყოს დე ფაქტო კონტროლის დამტკიცებისთვის. “თუ ისინი გაბედავენ კინმენში შეჭრას, ჩვენ გავხდებით შემდეგი ყირიმი,’’- განაცხადა ტაივანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პეკინის მიდგომა, პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებიდან, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ ინტეგრაციაზე გადავიდა. ჩინეთი მისივე განვითარებისთვის ცდილობს თაივანის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას, რათა გაერთიანება პრაქტიკული და გარდაუვალი გამოჩნდეს.

ამავდროულად, კინმენისა და მაცუ–ს მაცხოვრებლები, რომლებიც თაივანიდან ვაჭრობასა და ტურიზმზე არიან დამოკიდებულნი, რთული სიტუაციის წინაშე დგანან ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის. კუნძულები ასევე დაუცველია კრიტიკული ინფრასტრუქტურის საფრთხეების, მათ შორის წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების მიმართ. თაივანმა დააკავა ჩინეთთან დაკავშირებული გემები, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ ამ კაბელების დაზიანებაში და გააძლიერა პატრულირება, რაც ხაზს უსვამს თაივანის შეშფოთებას პეკინის არასამხედრო ზეწოლის ტაქტიკის გამო.

თაივანის ლიდერებმა მოუწოდეს პეკინს, თავი შეიკავოს თაივანის ტერიტორიებსა და შიდა პოლიტიკაში ჩართვაზე. ამავდროულად, თაივანი აგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას გარე კუნძულებზე, ინვესტიციებს ახორციელებს დრონსაწინააღმდეგო სისტემებსა და სანაპირო დაცვის პატრულირებაში.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის გეგმა შეიძლება არ ითვალისწინებდეს თაივანის აშკარას ანექსიას, “ინტეგრაციის ზონებზე” ან ინფრასტრუქტურულ კავშირებზე ნებისმიერმა მითითებამ შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა და წინააღმდეგობაში მოვიდეს თაივანის სუვერენიტეტთან.

პეკინის შემდეგი ხუთწლიანი გეგმა შესაძლოა მიმართული იყოს არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკური მომავლისკენ, არამედ, მან შეიძლება ხელახლა განსაზღვროს პეკინის კონტროლი თაივანის სრუტეზე. ჩინეთი, როგორც ჩანს, ეკონომიკური წახალისებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეშვეობით, თაივანის დამოკიდებულების გაზრდას აპირებს. 

ავტორი: ნია კოხრეიძე
Scroll to Top