ჩინეთმა უარყო აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ პეკინი 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა და მას „სრული სიცრუე“ უწოდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა 17 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრალდება ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია. მისი თქმით, პეკინი აშშ–ის არჩევნებში არასდროს ჩარეულა და მსგავსი ქმედების ინტერესი არც ჰქონია.
ტრამპმა ბრალდება ერთი დღით ადრე, თეთრი სახლიდან ერისადმი მიმართვისას გააჟღერა. მისი განცხადებით, ჩინეთმა უკანონოდ მოიპოვა დაახლოებით 220 მილიონი ამერიკელი ამომრჩევლის მონაცემები. აშშ–ის პრეზიდენტმა მომხდარს საარჩევნო უსაფრთხოებისთვის უპრეცედენტო საფრთხე უწოდა და სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლები ინფორმაციის დამალვაშიც დაადანაშაულა.
CBS News-ის ცნობით, აშშ–ში ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი საჯაროდ ან კომერციულად ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე წვდომა თავისთავად არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას არ ნიშნავს.
2021 წელს გამოქვეყნებული აშშ–ის სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, არ არსებობდა ნიშნები, რომ რომელიმე უცხო აქტორი 2020 წლის არჩევნების ტექნიკური პროცესის შეცვლას შეეცადა. ამავე დოკუმენტის თანახმად, ჩინეთი, სავარაუდოდ, აგრძელებდა ინფორმაციის შეგროვებას ამერიკელი ამომრჩევლების, საზოგადოებრივი აზრის, პოლიტიკური პარტიების, კანდიდატებისა და მათი თანამშრომლების შესახებ.
დაპირისპირება აშშ–ჩინეთის ურთიერთობების შედარებითი სტაბილიზაციის ფონზე განახლდა. 2025 წლის სავაჭრო დაძაბულობა მხარეებს შორის დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც 2026 წლის მაისში ტრამპი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.




