რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო გზა ჩინეთთან შეფერხებებს განიცდის, რადგან უკრაინის ომმა მნიშვნელოვნად შეანელა ქვეყნის სარკინიგზო ინდუსტრია. აღსანიშნავია ისიც, რომ სარკინიგზო სისტემა მოსკოვსა და პეკინს შორის ვაჭრობისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.
2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით 128 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა. ეს მიუთითებს გასულ წელს დაფიქსირებულ 51,5 პროცენტიან ზრდაზე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სანქციებმა აშკარად გაართულა რუსული ექსპორტი და ტექნოლოგიების იმპორტი. რუსეთმა სამხედრო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის იმპორტი გაზარდა “მესამე სამყაროს” ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან. Atlantic Council-ის მიხედვით, ჩინეთთან სარკინიგზო მიმოცვლის გაძლიერებამ ხელი შეუშალა დასავლური სანქციების სასურველ მიზანს, რომ რუსეთის ეკონომიკა იზოლაციაში მოქცეულიყო და ომის საწარმოებლად საჭირო რესურსების დეფიციტი წახალისებულიყო.
გასულ წელს დაფიქსირებული დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად, დღევანდელი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება. რუსეთის სარკინიგზო ინდუსტრია დიდი ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძაფრი შენელების წინაშე დგას და ეს ტენდენცია მზარდია, რის შესახებაც რუსული კვლევითი კომპანიის, MMI Research-ის ანგარიშიდან ვიგებთ.
Bloomberg-ის მიერ ციტირებული MMI-ის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Russian Railways-ის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2024 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა. ეს შენელება ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი პრიორიტეტს ომთან დაკავშირებული მასალების ტრანსპორტირებას ანიჭებს. ამ ყოველივემ ისეთი მნიშვნელოვანი საქონლის ტრანსპორტირება შეაფერხა, როგორიცაა ქვანახშირი და ალუმინი.
რუსეთის მიერ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების შემცირება გახლავთ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აღნიშნული სექტორის შენელებას განაპირობებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, Tass-ის ცნობით, ქვეყანაში მაღალი საპროცენტო განაკვეთები პროექტების დაფინანსებას კიდევ უფრო ართულებს.
ამასთანავე, როგორც Tass იტყობინება, 2025 წელს რუსეთის რკინიგზა საინვესტიციო პროგრამისათვის მხოლოდ 890 მილიარდი რუბლის (8,5 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 30%-ით შემცირდება.
ეს ცვლილებები ცუდი სიახლეა ჩინეთთან ვაჭრობისათვისაც. რუსეთი დასავლეთის სანქციების გამო, სარკინიგზო ტრანსპორტზეა დამოკიდებული. 2024 წლის დასაწყისში რუსეთმა რკინიგზაში მილიარდობით ინვესტიცია ჩადო, რათა ჩინეთთან ვაჭრობა წაეხალისებინა, თუმცა, არსებული ეკონომიკური პრობლემები პროგრესს კვლავ აფერხებს.
ზემოთ განხილული საკითხები ხაზს უსვამს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მზარდ ხარჯებს, რის გამოც ქვეყანას მრავალი ეკონომიკური გამოწვევა ექმნება. საგულისხმოა ისიც, რომ ამ წლის დასაწყისში, მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები რეკორდულ ნიშნულამდე, 21%-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო სტრატეგია მთლიანად არის დამოკიდებული მის სარკინიგზო ქსელებზე. რკინიგზა უკრაინაში პუტინის სრულმაშტაბიანი ომის საწარმოებლად ლოჯისტიკურად კრიტიკული ობიექტია.
უკრაინული სადაზვერვო სამსახურები და პარტიზანული ჯგუფები რუსულ პარტიზანულ ჯგუფებთან ერთად მოქმედებენ და სტარტეგიულ სამიზნედ ისახავენ რუსული რკინიგზის წერტილებს. „შეაჩერე ვაგონები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული პოლიტიკური ჯგუფია, რომლებიც რუსეთის ომის მიმართ წინააღმდეგობას სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დივერსიით გამოხატავს.