4 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე გაზრდილი ტარიფები ძალაში შევიდა, რასაც ოფიციალური პეკინის მხრიდან მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა.
აშშ-ში ჩინეთის საელჩოს განცხადებით, „თუ ომია ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს ტარიფების ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ნებისმიერი სახის ომი, მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე“. გარდა ამისა, საკითხის შესახებ კომენტარი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმაც გააკეთა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის მზაობას „ბოლომდე ბრძოლისთვის“ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს ჩინეთის ინტერესების დაზიანება სურს. მან ქვეყანას დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.
ჩინეთის ამ განცხადებებს აშშ-ს მხრიდან თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა უპასუხა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ამერიკა არ ცდილობს ჩინეთთან კონფლიქტის წამოწყებას, თუმცა ქვეყანა მზადაა აღნიშნულისთვის. დამატებით, ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა სამყაროში „განსხვავებული იდეოლოგიის ქვეყნების აღზევებას და განაცხადა, რომ თუ მიზანი ჩინეთთან, ან სხვა სახელმწიფოსთან ომის არიდებაა, მაშინ ქვეყანა ძლიერი უნდა იყოს: „გვჭირდება თავდაცვაზე [ფინანსების] დახარჯვა, შესაძლებლობების გაზრდა, იარაღი და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პოზიციები, რაზეც კონცენტრირებული ვართ“.
სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრების ერთ-ერთმა პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოებები მოსალოდნელია, თუმცა პეკინი არ მიიღებს აშშ-ს მხრიდან წნეხსა თუ მუქარას.