„სამოქალაქო იდეას“ განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინიცირებული კანონპროექტის თაობაზე
დასაწყისშივე ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი არის სახიფათო, დისკრიმინაციული და მნიშვნელოვნად გვაშორებს ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებული მიზნისგან, შესაბამისად კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის არჩევანის საწინააღმდეგოა.
დღეს, საქართველოში ისეთი კანონის ინიცირება და მხარდაჭერა მმართველი პარტიის მიერ, რომლის შინაარსსა და მიზნებზე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასებები აქვს გაკეთებული ევროკავშირის ყველა სტრუქტურას, პრაქტიკულად ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ აქვს გამოცხადებული მართლმსაჯულების სასამართლოს, ცალსახად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მორიგ მცდელობას, ქვეყანა დააშოროს ევროინტეგრაციის პერსპექტივას.
კანდიდატის სტატუსის განაცხადის შეტანის შემდეგ, ეს არ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც არა დაახლოების, არამედ საქართველოს ევროპული ორბიტიდან განზიდვის მიზანს ემსახურება. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთწლიანი პროცესის განმავლობაში გადადგმული ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნაბიჯებიდან, ამ კანონპროექტის მიღება იქნება მმართველი პარტიის ანტი-ევროკავშირული და იზოლაციონისტური პოლიტიკის ყველაზე კაშკაშა დასტური.
იმავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამგვარი კანონმდებლობის მთავარი სულისჩამდგმელი და პირველი ინიციატორი რუსეთის ფედერაცია იყო, სადაც, სწორედ კანონის ამოქმედებას მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების, მათი დამფუძნებლებისა და თანამშრომლების მასობრივი დევნა, დაპატიმრებები და ხშირ შემთხვევებში ქვეყნიდან გაძევება.
რატომ არის კანონპროექტი დემოკრატიასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან არათავსებადი?
კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ანტიევროპული ან უფრო ზუსტად ანტი-ევროკავშირულია. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პოზიციები აქვთ არა მხოლოდ ექსპერტებსა და თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ საერთაშორისო სასამართლოს. მისი ანალოგიური, უნგრული კანონი 2020 წელს (საქმეში კომისია უნგრეთის წინააღმდეგ) ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ევროკავშირის კანონებისა და მრავლობითი აქტების საწინააღმდეგოდ სცნო. საბოლოოდ, უნგრეთი იძულებული გახდა, გაეუქმებინა კანონი და შესაბამისად, რეგისტრაციის ვალდებულება და შეზღუდვები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
სასამართლომ დაადგინა, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის, დეკლარაციისა და გამოქვეყნების ვალდებულებების დაკისრებით, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იღებენ დადგენილ ზღვარზე მეტ ფინანსურ მხარდაჭერას უცხოეთიდან და ითვალისწინებს ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობას იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ ასრულებენ ამ ვალდებულებებს, უნგრეთმა შემოიღო დისკრიმინაციული და გაუმართლებელი შეზღუდვები როგორც ამ ორგანიზაციებთან, ასევე იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც მათ დახმარებას უწევენ.“
ლუქსემბურგის სასამართლომ დაადგინა რომ კანონი –
- დისკრიმინაციულია;
- არღვევს გაერთიანების თავისუფლების უფლებას;
- და არღვევს პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოების და პირადი ცხოვრების უფლებას;
კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის და არსებობის ერთ ერთ ფუნდამენტურ უფლებას – კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევა. „გამჭვირვალობის კანონით გათვალისწინებული ტრანზაქციები მოექცა TFEU-ს 63(1) მუხლის „კაპიტალის მოძრაობის“ კონცეფციის ფარგლებში და აღნიშნული კანონი წარმოადგენს დისკრიმინაციული ხასიათის შემზღუდველ ზომას“ – ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
რატომ დაადგინა სასამართლომ კანონის მრავლობითი დარღვევა და რატომ არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მსგავსი კანონმდებლობა?
- ის დისკრიმინაციულია, ვინაიდან
a. კონკრეტული, დისკრიმინაციული ნიშნით განასხვავებს და შეზღუდვებს უწესებს კერძო სექტორში მოქმედ, იდენტური მანდატისა და საქმიანობის ორგანიზაციებს. გაუგებარია, რა პრინციპით არიან შერჩეული ამგვარი „გამჭვირვალეობისთვის“ კერძო სამართლის არამომგებიანი ორგანიზაციები და არა მაგალითად შპს-ები, სახელმწიფო სააგენტოები, საჯარო სამართლის ან რომელიმე სხვა სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირები?
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოზიდული ფინანსური რესურსი, თავისი არსით, ისეთივე ინვესტიციაა, როგორც შპს-ების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ერთიც, სწორედ ამ მოზიდული ფულით ქმნის სამუშაო ადგილებს ან პროდუქტს და მეორეც.
მაგალითად, განვიხილოთ სამი ორგანიზაცია, რომლებსაც სხვადასხვა სამართლებრივი ფორმა აქვთ:
- იურიდიული ფირმა (შპს)
- იურიდიული დახმარების ბიურო (საჯარო სამართლის იურიდიული პირი)
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი (არასამთავრობო)
სამივე ორგანიზაცია, ეწევა აბსოლუტურად იდენტურ საქმიანობას, გასცემს იურიდიულ კონსულტაციებს, წარმოადგენს პირებს სასამართლოში ან სხვა ორგანოებთან, ეხმარებათ სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში და სხვა. ერთადერთი განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ერთი ამ მომსახურებისთვის ფულს ართმევს კლიენტს, მეორე ბიუჯეტს, ხოლო მესამე ამ საქმიანობისთვის მოიძიებს დახმარებას ქვეყნის გარეთ და დონორების მხარდაჭერით, უფასოდ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს.
ამასობაში, ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, მაგალითად მცირე ბიზნესის მხარდაჭერის და სახელმწიფოს ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამების ფარგლებში, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ პირველი ორის დონორიც იგივე, მაგალითად USAID-ია ვინც აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციას, მაგრამ განსხვავება მაინც ის არის, რომ პირველი ისევ აგრძელებს კლიენტებისგან მომსახურების ანაზღაურების მიღებას, მეორე ბიუჯეტიდან, ხოლო მესამე, კვლავაც უფასოდ და სრულიად უანგაროდ ემსახურება გაჭირვებულ ადამიანებს.
რას ამბობს ახალი კანონპროექტი.
მიუხედავად მოცემული ერთგვაროვნებისა, როგორც საქმიანობის, ასევე დაფინანსების მიღების ნაწილში, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა დაიკრას „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსი, და ყველა ვალდებულება მხოლოდ მათზე ვრცელდება.
შესაბამისად, ალბათ არ არის გასაკვირი, რომ სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა კანონის დისკრიმინაციული ხასიათი.
b. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ასეთი ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც თითქოს წარმოადგენს ახალი კანონმდებლობის აუცილებლობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სჯარო პირებთან გათანაბრების საფუძველს.
არც ეს არგუმენტია ორიგინალური, ვინაიდან სწორედ იგივეს ამბობდნენ უნგრელი კანონმდებლებიც, თუმცა, ორივე შემთხვევაში დაავიწყდათ მკვეთრი ხაზის გავლება. არგუმენტი კი არ არის ორიგინალური, ვინაიდან ლუქსემბურგის სასამართლომ ამ საკითზეც იმსჯელა და ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ სინამდვილეში ორგანიზაციის საქმიანობის ხასიათის მიუხედავად, კანონი მხოლოდ არასამთავრობოებს ეხებოდა ყოველთვის და სწორედ ამიტომაც არის დისკრიმინაციული.
ისევ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, რა პასუხი აქვს კანონს? მათი იურიდიული დახმარების ან განათლების პროგრამები და მათთვის გამოყენებული რესურსი გაიმიჯნება დანარჩენი საქმიანობიდან და შესაბამისად, მოხდება დეკლარირება თუ არა?
ანდა ისევ და ისევ დისკრიმინაცია რომ გამოვრიცხოთ, რას ამბობენ კანონის ავტორები იმ შემთხვევაზე, როდესაც ევროპული ინვესტიციით დაფინანსებული სამშენებლო კომპანიები ლობირებენ მშენებლობის კოდექსსა და სტანდარტებს ან ფარმაცევტული კომპანიები და სხვა. ეკისრებათ მათ დეკლარირების ვალდებულება და მათ ობიექტებზე „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსის გაკვრა ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე რას ამბობს კანონი, ანალოგიური საქმიანობის გამო ისინიც ხდებიან „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსის მატარებლები?
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ნებისმიერი შეზღუდვა, დამატებითი რეგისტრაციის ვალდებულება და სხვა მოთხოვნები შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, არის მრავლობითი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი „ფულის გათეთრების, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსების“ აკრძალვა და ყველა ზომა, რომელიც ამგვარ ქმედებებს შეუძლებელს გახდის.
c. კანონპროექტი ასევე ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს.
თუკი ერთი წუთით წარმოვიდგენთ, რომ კანონპროექტი დისკრიმინაციის გარეშე სრული მასშტაბით ამოქმედდება და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ყველა საქმიანობასა და ორგანიზაციას „უცხოური გავლენის აგენტად“ გამოაცხადებს, მსგავს წარწერებს ვიხილავთ ქართველი სამხედროების ფორმებზე საქართველოს დროშის გვერდით, ქართველი პოლიციელების აღჭურვილობაზე, პრაქტიკულად ყველა საშუალო სკოლის შენობა-ნაგებობებზე, ქვეყნის შეიარაღების თითქმის სრულ კომპლექტზე, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა გამოცხადდნენ, თითქმის ყველა უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევარები, რომლებიც სწორედ ამგვარი გრანტების არსებობის გამო ახერხებენ საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას, სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდის, ერასმუსის ან სხვა მსგავსი პროგრამების სტიპენდიები აქვთ, ექიმები და პაციენტები, ვინც სწორედ ამგვარი დახმარების ფარგლებში იღებენ მედიკამენტებს ან სამედიცინო აღჭურვილობას უფასოდ… შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი საქართველო, ვინაიდან რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების, და განსაკუთრებით კი აშშ-ში რეგისტრირებული დონორი ორგანიზაციების მცდელობა და პროგრამები, საქართველოში შესაძლოა დღეს მასობრივი შიმშილის, „ც“ ჰეპატიტის და ბევრი სხვა მიზეზის გამო გადარჩენისთვის ბრძოლის დაუძლეველი პრობლემები გვქონოდა.
მიუხედავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი არგუმენტისა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ისედაც ცნობილია პროექტის ინიცირება და სახელისუფლებო პარტიის დუმილი მის რუსულ და დისკრიმინაციულ ბუნებაზე, მორიგ ჯერზე ადასტურებს, ქართული ოცნების რეალურ მიზანს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დაყოვნებისა და ქვეყნის სრული დეევროპიზაციისთვის.
ხელისუფლების მხარდაჭერების ხშირად დასმულ კითხვაზე, რატომ უნდა აკეთებდეს ამას ხელისუფლება და რა ინტერესი აქვს, პასუხი უფრო ტრივიალურია, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ავტორიტარიზმისკენ გადახრილ პარტიას, ეშინია ევროპის, რომელსაც მოაქვს ქვეყნებში დემოკრატია, თავისუფლება, დისკრიმინაციის, შიშისა და სახელმწიფოს ტერორისგან თავისუფალი გარემო.
მივმართავთ პარლამენტში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, უზრუნველყონ აღნიშნული კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის სწრაფი და სრულფასოვანი მიწოდება ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, გამოიყენონ სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეების რესურსი და მონიტორინგის კომიტეტები იმისთვის, რომ კანონის მიღების შემთხვევაში გარდაუვალი გახდეს სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.