ანკარაში ნატოს 36-ე სამიტი დაიხურა. ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, სამიტის პარტნიორულ ფორმატებში მონაწილეობდნენ უკრაინა, ევროკავშირი, ინდო-წყნაროკეანური რეგიონის ოთხი პარტნიორი – ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და სპარსეთის ყურის ოთხი სახელმწიფო – ბაჰრეინი, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. საქართველო კი სამიტის არც ერთ ფორმატში, არც ერთ მაღალი დონის შეხვედრაზე, სამუშაო სადილსა თუ ოფიციალურ მიღებაზე არ ფიგურირებდა.
ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სპარსეთის ყურის ოთხი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ, ხოლო სამუშაო სადილზე დისკუსია გამართეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან.
ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრებთან იმავე ფორმატში, რომელშიც საქართველო წლების განმავლობაში მონაწილეობდა.
სამიტს დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ასევე ანკარაში ჩავიდა სირიის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი, თურქეთის ორმხრივი მიწვევით და არა ნატოს სამიტის სტუმრის სტატუსით. ეს არის სამიტში მონაწილე პარტნიორების სრული სურათი. საქართველო ამ სურათში არსად ჩანდა.
აღსანიშნავია, რომ სამიტის წინ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ პუბლიკაციებში, მათ შორის აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურისა და წამყვანი საერთაშორისო კვლევითი ცენტრების მიმოხილვებში, საქართველო ნატოს სამიტის დღის წესრიგის კონტექსტში საერთოდ არ იყო მოხსენიებული.
ეს სურათი შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ნატო-საქართველოს ურთიერთობები ფაქტობრივად გაყინულია, რის გამოც საქართველო პარტნიორული ფორმატებიდან გამქრალია და სამიტის მოსაწვევთა სიაშიც აღარ ჩანს.
დღევანდელი რეალობა სრულად რომ გავიაზროთ, უნდა გავიხსენოთ, სად იყო საქართველო ალიანსთან ურთიერთობაში:
- ქვეყანა, რომელსაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე წევრობას შეპირდნენ;
- ქვეყანა, რომელმაც უელსის სამმიტზე „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის” (EOP) სტატუსი და სპეციალური თანამშრომლობის პაკეტი მიიღო;
- ქვეყანა, სადაც 2015 წელს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ოფიციალურად გახსნა;
- ქვეყანა, სადაც 2016 წელს ნატოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) გაიხსნა;
- ქვეყანა, რომელიც ნატოს ავღანეთის მისიების ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო;
- ქვეყანა, რომლის კონსტიტუციის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას პირდაპირ ავალდებულებს.
„სამოქალაქო იდეას“ შეფასებით, ეს არც ალიანსის თვითნებური გადაწყვეტილებაა და არც რომელიმე გარე ძალის შეთქმულება, როგორც ამას ხელისუფლების პროპაგანდა წარმოაჩენს. ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია: ანტიდასავლური რიტორიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის, რეპრესიებისა და კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური კურსის ფაქტობრივი მიტოვების. სწორედ ამ პოლიტიკის ფასს ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოებით, საერთაშორისო სუბიექტობითა და მომავლით იხდის.
ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლური და მძიმეა ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოში დავა იმაზე მიმდინარეობდა, ნატოს სამიტზე ქვეყანა პრემიერ-მინისტრს უნდა წარმოედგინა თუ პრეზიდენტს. დღეს კი საქართველო სამიტის არც ერთ ფორმატში აღარ ფიგურირებს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ რეალობის შეცვლა მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენით, კანონის უზენაესობის განმტკიცებითა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროატლანტიკურ კურსზე დაბრუნებით არის შესაძლებელი. „სამოქალაქო იდეა“ გააგრძელებს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მონიტორინგს და ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას.




