ჩინეთის კომუნისტური პარტიის რბილი და ხისტი ძალის სტრატეგიები საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას გარკვეულ საფრთხეს უქმნის. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“ ამ თემაზე ორი ანგარიში გამოაქვეყნა – „კოვიდ-19-ის“ პანდემიამდე და მას შემდეგ ჩინეთის გავლენების შესახებ საქართველოს აკადემიურ წრეებში, მედიასა და სამოქალაქო სექტორში. ამჯერად კი შემოგთავაზებთ მორიგ მონიტორინგის ანგარიშს სინო-ქართული აკადემიური თანამშრომლობის ციკლიდან, თუმცა ეს უკანასკნელი დაკავშირებულია არა უშუალოდ უნივერსიტეტებთან, არამედ, საქართველოს მეცნიერების ეროვნულ აკადემიასთან.
პერსონალური მიმოწერისა და იმ საჯარო ინფორმაციის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებსაიტზე, „სამოქალაქო იდეამ“ აღმოაჩინა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ ჩინურ სახელმწიფო და კერძო უწყებებთან გაფორმებული რამდენიმე მემორანდუმი და თანამშრომლობის ხელშეკრულება, ასევე, ჩინეთთან გაღრმავებული ურთიერთობების შემდეგ განხორციელებული მრავალი ღონისძიება და აქტივობა. მივაკვლიეთ საინტერესო კავშირებს, რომლებიც აკადემიისა და ჩინეთის უნივერსიტეტების ეგიდით, უკვე დამყარდა მეცნიერებათა აკადემიების ადგილობრივ ხელმძღვანელებსა და ცალკეულ მეცნიერებს შორის, რაც გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ აქტიური კვლევითი და აკადემიური საქმიანობა მხოლოდ ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულების გაზრდას.
იხილეთ სრული ანგარიში ?